სიახლეები

როგორ მოუგო ყიფიანმა დიდებულ ვალენსიას

გაუზიარე

გაისკა მენდიეტა, კლაუდიო ლოპესი, სანტიაგო კანისარესი, შტეფან შვარცი, მიგელ ანგულო, ჟოსელინ ანგლომა, ამადეო კარბონი... აი, ამდროინდელ ვალენსიას მოუგო რუსულმა იაროსლავლის შინიკმა, რომელსაც ქართველი მწვრთნელი ჰყავდა - ლეგენდარული დავით ყიფიანი! ბევრს ეცოდინება ეს ამბავი, მაგრამ შესაძლოა, ახალმა თაობამ არ იცოდეს და მოდი, გავიხსენოთ მაშინდელი მატჩის გარშემო მომხდარი საინტერესო ამბები. 

ვალენსია ევროტურნირების ისტორიაში 10-ჯერ შეხვედრია რუსულ კლუბებს, არც ერთხელ არ გავარდნილა და არც ერთი თამაში არ წაუგია, ერთის გარდა. ის ერთი 1998 წლის ივლისში, მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებიდან ათ დღეში ინტერტოტოს თასის მესამე რაუნდში წააგო სწორედ ყიფიანის შინიკთან. 

შინიკი არსებობის ისტორიაში პირველად იყო გასული ევროტურნირზე. ყიფიანის გუნდმა მეორე ეტაპზე ფინური ტპს გამოთიშა და შემდეგი მეტოქე ისეთი შეხვდა, შინიკი კი არა, მსოფლიოს უპირველესი გრანდებიც რომ არ ისურვებდნენ: ვალენსია, რომელიც იმ პერიოდში ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობდა და მარტო ის რად ღირს, რომ ერთ კვირაში სამჯერ მოუგო ბარსელონას - ორჯერ თასზე და ერთხელ პრიმერა დივიზიონში. 

მესტალიაზე საოცარი არაფერი მომხდარა, `ღამურებმა~ 4:1 მოუგეს რუსებს და საპასუხო შეხვედრაზე მშვიდად ჩავიდნენ, მაგრამ დახედეთ შემადგენლობას - ყველა საუკეთესო ფეხბურთელი ჩაიყვანეს. ყიფიანი იმასაც აღნიშნავდა, რომ მესტალიაზე მასპინძელთა კარში ორი ასპროცენტიანი პენალტი არ დაინიშნა. მსაჯებზე გაბრაზებული ვალენსიაში მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე არ გამოცხადებულა. 

მერე რა, რომ ერთ კვირაში, მოგების მიუხედავად, შინიკი მაინც გავარდა? მოგება ხომ ჩაეწერა ისტორიაში ასეთ გუნდთან. ისტორიას შემორჩა იმ მატჩის ფოტოები, ვიდეომიმოხილვა და კომენტარები... წვიმდა და სტადიონზე გუბე იდგა. არის ასეთი ფოტო: მენდიეტა ლამის მუხლებამდე გუბეში დგას და კუთხურს ისე `აწვდის~. რუსები გარკვეულწილად უამინდობით ხსნიდნენ იმ ფაქტს, რომ 26 000-იან სტადიონზე მხოლოდ 8 000 გულშემატკივარი მივიდა; მეორე მხრივ კი, წერდნენ, რომ ბილეთები ძალიან ძვირი ღირდაო. 

იაროსლავლურ გამოცემა იარსპორტ-ში წერია, რომ შინიკს კიდევ შეეძლო გოლების გატანა კანისარესის კარში. შემორჩენილია მწვრთნელთა მატჩისშემდგომი კომენტარებიც: 

დავით ყიფიანი: „რომ არა ჩვენი ფეხბურთელების გამოუცდელობა და ცუდი მსაჯობა, შემდეგ ეტაპზე გასვლა შეიძლებოდა. არავითარი თვითკმაყოფილება 1:0-ზე. გუნდი საჭირო ანგარიშით მოგებისთვის მოვამზადე და საწყის წუთებში რომც არ გაგვეტანა, მაინც გავაგრძელებდით ბრძოლას. ყოველთვე როდი ვხვდებით ასეთ კლუბებს! 2:0 რომ გამხდარიყო, დარწმუნებული ვარ, სამხრეთელები ანერვიულდებოდნენ. ისინი გერმანელები არ არიან. შეგიძლიათ მენდოთ: მე თვითონ სამხრეთელი ვარ. დღეს სტადიონზე მოსული გულშემატკივრები ნამდვილ სიამოვნებას მიიღებდნენ იმით, რომ მათმა საყვარელმა გუნდმა ევროპულ გრანდზე უკეთ ითამაშა. დიახ, ვალენსიას ჰყავს ვარსკვლავები, რომელთა საერთო ფასი 100 მილიონ დოლარს აღემატება, მაგრამ ბიჭებს თამაშამდეც ვუთხარი: იცოდეთ, თქვენი ფასი ჯერ თავადაც არ იცით“. 

კლაუდიო რანიერი: „ძლიერ გუნდს შევხვდით და შემდეგ ეტაპზე გავედით. სიმართლე გითხრათ, ასეთ სერიოზულ წინააღმდეგობას არ ველოდი, თუმცა არც იოლი გასეირნების იმედი გვქონდა. შინიკმა დღეს ძალიან კარგად ითამაშა. თბილი სიტყვები უნდა ვთქვა დავით ყიფიანზე: მისი გუნდი ჭკვიანურ ფეხბურთს თამაშობს“.   

აი, რას ჰყვება ყიფიანზე მაშინდელი შინიკის ნახევარმცველი არტიომ ენინი: „მესტალიაზე, პირველ მატჩში, ყიიფიანმა ძირითადში არ დამაყენა და შემდეგ შემიშვა მოედანზე. მან ამიხსნა, თუ რატომ და მეც გაგებით მოვეკიდე. მოედანზე შესვლის წინ ჩემს შესაგულიანებლად ყიფიანმა ესეც თქვა: „ღირსეულად ითამაშე, რათა შვილებს მოუყვე, ვალენსიასთან „დავხაზეო“ და არა ციმბირში ვსრიალებდიო.

... ყიფიანმა ყვირილი თუ იცოდა? ნაკლებად. პირდაპირობა და კეთილგანწყობა _ აი, მისი ხასიათის ყველაზე დამახასიათებელი შტრიხები. ყიფიანი სოლიდური, მშვიდი და განათლებული პიროვნება იყო. ლაპარაკობდა საქმეზე და რაც მთავარია, ფეხბურთელების შრომას აფასებდა. ის მართლაც მაღალკვალიფიციური მწვრთნელი გახლდათ“. 

შინიკს ასეთი გამარჯვება არც 1998 წლის ივლისამდე და არც მერე არ ახსოვს. რომელ შინიკზეა საუბარი, ასეთ ვალენსიასთან თუნდაც პრესტიჟის გამარჯვებას ნებისმიერი რუსული კლუბი მოაწერდა ხელს. კლაუდიო რანიერის გუნდი ინტერტოტოდან უეფას თასზე გადავიდა და მერე ლივერპულთან წაუგებლად გავარდა - 0:0, 2:2. 

მომდევნო სეზონში ვალენსიამ ესპანეთის თასი მოიგო, ჩემპიონატში ფეერიული მატჩები ჩაატარა და რა წლებიც დაუდგა, ყველამ იცის. რანიერი ერთ წელიწადში არგენტინელმა ექტორ კუპერმა შეცვალა, რომლის გუნდიც ზედიზედ ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, თანაც, ბრწყინვალე სტილში თამაშობდა. 

ყიფიანის გუნდის მიერ ძლეული ვალენსია ის გუნდი იყო, რომელიც ევროპული დიდებისთვის ემზადებოდა და უკვე მომწიფებულიც იყო. კანისარესი, ანგლომა, კარბონი, ბიორკლუნდი, ფარინოსი, მენდიეტა, ანგულო და ლოპესი ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშობდნენ კიდეც... 

აი, ასეთ გუნდს მოუგო დავით ყიფიანმა გარდაცვალებამდე სამი წლით ადრე... 

არც ერთ სხვა ქართველ მწვრთნელს, გარდა ნოდარ ახალკაცისა, ვალენსიას დონის გუნდთან არ გაუმარჯვია. თავად ყიფიანს 1997 წელს, თბილისის დინამოს მწვრთნელობისას მოუგია ლევერკუზენისთვის (1:0), თუმცა იმდროინდელი ვალენსია გერმანულ კლუბზე უფრო ძლიერი იყო. 

შინიკი - ვალენსია 1:0

1:0 იუმინოვი (11)

შინიკი: კორნიუხინი, პოტიოხინი, სოლოვცოვი, ლეონჩენკო, სნიტკო, კაზალოვი, ნოვგოროდოვი, გალიანოვი (სიდოროვი 69), ენინი, სერებრიანიკოვი (ბიჩკოვი 53), იუმინოვი (ვიაზმიკინი 60)

მწვრთნელი: დავით ყიფიანი

ვალენსია: კანისარესი, ანგლომა (ტელიესი 84), სორია, კარბონი, ბიორკლუნდი (კამარასა 72), ფარინოსი (კურო ტორესი 62), შვარცი, მიია, მენდიეტა, ანგულო, კლაუდიო ლოპესი

მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

გაფრთხილება: მიია (69)

მსაჯი: ერიკ კნუდ ფისკერი (დანია)

ილია ნანობაშვილი