სიახლეები

ალექასანდრე იაშვილი: ცდუნებას ვერ გავუძელი და სწორადაც მოვიქეცი

გაუზიარე
ორი აზრი არ არის, ალექსანდრე იაშვილის დონისა და გამოცდილების ფეხბურთელის დაბრუნება ჩვენს ჩემპიონატში მისასალმებელია. მისი თამაშით არა მარტო იაშვილის ამჟამინდელი გუნდი სამტრედია, არამედ მთლიანად საქართველოს ჩემპიონატია მოგებული. 

37 წლის იაშვილს გუშინ დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით.  

თქვენი დონისა და გამოცდილების მქონე ფეხბურთელის ეროვნულ პირველობაში დაბრუნება უდავოდ კარგია. არჩევანი სამტრედიაზე რატომ შეაჩერეთ?

ბაქოს ინტერიდან წამოსვლის შემდეგ გადაწყვეტილი მქონდა, ფეხბურთელის კარიერა დამესრულებინა და თუ არ ჩავთვლით ინდივიდუალურად ვარჯიშს, ექვსი თვე თამაშისთვის თავი დანებებული მქონდა. სამტრედიას წარმომადგენლები, რომელთა შორის ბევრი ჩემი მეგობარია, კარიერის გაგრძელებას მირჩევდნენ. ზამთარშიც მთხოვეს, რომ გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე წავსულიყავი. იქ კი, გუნდთან ერთად ვარჯიშის შემდეგ ცდუნებას ვეღარ გავუძელი და კვლავ ვთამაშობ. ისე კი, ნამდვილად არ მსურდა კარიერის ისე დასრულება, რომ საქართველოს ჩემპიონატში არ მეთამაშა ბოლო სეზონები და ამის საშუალება სამტრედიამ მომცა, რისთვისაც ამ კლუბის მადლობელი ვარ.

გულშემატკივრების უმეტესობას ეგონა, იაშვილი თუ დაბრუნდებოდა საქართველოში, მხოლოდ მშობლიურ დინამო თბილისში ითამაშებსო...

დინამოდან დაინტერესება არ ყოფილა. ამ გუნდს თავის მიმართულება აქვს და წარმატებას ვუსურვებ.

ფეხბურთში დაბრუნება არ გაგიჭირდათ?

ვიდრე საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებული პირველ შეხვედრას ჩავატარებდი, კიდევ ვყოყმანობდი, მაგრამ ბოლნისის სიონთან მოედანზე რომ გავედი და გულშემატკივრის რეაქცია ვნახე, მივხვდი, რომ აშკარად სწორი ნაბიჯი გადამიდგამს. 

მიმდინარე ჩემპიონატში სამტრედიას თამაშს როგორ შეაფასებთ?

ახალი გუნდია და, ბუნებრივია, ზაზა ზამთარაძეს გარკვეული დრო სჭირდება იმისთვის, რომ ამ შემადგენლობამ თავისი მაქსიმუმი გამოავლინოს. ჯერჯერობით საკმაოდ ნორმალური შედეგი გვაქვს. თასის ნახევარფინალის პირველი შეხვედრა მოვიგეთ, ჩემპიონატში კი მეოთხე ადგილზე ვართ და სატურნირო ცხრილში წინ წაწევა შეგვიძლია. მთავარია, თამაშიდან თამაშამდე სწორი ანალიზის გაკეთება და ამ შემთხვევაში შედეგი აუცილებლად გვექნება.

საქართველოსა და აზერბაიჯანის ჩემპიონატები შეადარეთ.

ზამთარში თურქეთში შეკრებაზე ყოფნისას აზერბაიჯანული გუნდები ჩვენს კლუბებს საკმაოდ დამაჯერებლად უგებდნენ და სამწუხაროდ, ჯერჯერობით მათთან უფრო უკეთესი დონეა. თუმცა იცის სათქმელია, რომ საქართველოს ჩემპიონატი საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობს და ეს, ბუნებრივია, მაყურებელსაც მოიყვანს სტადიონზე. ჩემპიონის ვინაობა და პირველი სამეული შეიძლება ბოლო ტურამდე არ გაირკვეს. საჭირო პირობების გაუმჯობესების შემთხვევაში კი დონე აიწევს.

ბოლო პერიოდის ყველაზე აქტუალური თემა გერმანიის ნაკრებთან ჩატარებული შეხვედრაა, რომელიც კახა ცხადაძისთვის პირველი ოფიციალური მატჩია ეროვნული გუნდის სათავეში.

ცხადაძესთან, როგორც მწვრთნელთან, ინტერში ვიმუშავე და კარგად ვიცი, თუ რა დონის სპეციალისტია, ამიტომ ძალიან მიხარია, ეროვნული გუნდის სათავეში რომ მოვიდა. ნაკრები ხომ ქართული ფეხბურთის სახეა. ჯერ ძალიან ადრეა მისი მუშაობის შეფასება, მით უმეტეს, გერმანიის ნაკრებთან ჩატარებული შეხვედრით, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეტოქე მსოფლიოს საუკეთესო გუნდი იყო, ბიჭები შეძლებისდაგვარად ცდილობდნენ, არა მარტო დაცვაზე, არამედ შეტევაზეც ეფიქრათ.  მთლიანობაში, სწორ ფებურთს თამაშობდნენ. და ეს უდავოდ მწვრთნელის პლუსია. ამ ნაკრებს პერსპექტივა რომ არ ჰქონდეს, ცხადაძე არ ჩაიბარებდა. მას საკმაო დრო ჰქონდა საიმისოდ, რომ ყველაფერი გაეანალიზებინა და ნაკრების მწვრთნელობას ამის შემდეგ დათანხმებოდა. რადგან მიიღო ეს შემოთავაზება, ესე იგი, სჯერა. მეც ვფიქრობ, რომ ამ ნაკრებს მომავალი აქვს.

თქვენ ვის გამოარჩევდით ამ ფორმაციის ნაკრებიდან.

ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ძალიან გამიხარდა, ამდენი ტრავმისა და რთული პერიოდის შემდეგ ნაკრებს ლევან ყენია რომ დაუბრუნდა. ის ბუნდესლიგაში თამაშობდა და შალკეში ისეთ ძლიერ ფეხბურთელს უწევდა კონკურენციას, როგორიც ივან რაკიტიჩია. ამის შემდეგ კი ტრავმებმა შეაფერხა მისი წინსვლა, მაგრამ არ დანებდა და კვლავ ეროვნულ ნაკრებშია. მჯერა, გაცილებით მაღალ დონეზე ითამაშებს. ასევე უნდა გამოვარჩიო გერმანიასთან შეცვლაზე შესული ლაშა დვალი, რომელიც ისე თავდაჯერებული გამოიყურებოდა, თითქოს დებიუტი კი არ ჰქონდა, არამედ ერთ-ერთი გამოცდილი ფეხბურთელი იყო.

უკვე შეგექმნებოდათ გარკვეული შთაბეჭდილება საქართველოს ჩემპიონატზე. თუ არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ეროვნულ გუნდში მოიკიდებენ ფეხს.

ეს ნაკრების მწვრთნელის გადასაწყვეტია. მე კი ჯერ მხოლოდ რამდენიმე თამაში ჩავატარე და, ბუნებრივია, სრულყოფილი წარმოდგენა არ მექნება, მაგრამ ძალიან მომწონს ჩვენი მარცხენა მცველი გიორგი თევზაძე, რომელიც ჯერ ასაკობრივ ნაკრებში თამაშობს. ახლახან თასზე ჩიხურას ძალიან ლამაზი გოლიც გაუტანა და მართლაც შეუძლია მაღალ დონეზე თამაში.

წლეულს, 11 აგვისტოს თბილისში სუპერთასის მატჩი გაიმართება. 2017 წელს კი საქართველო 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

სუპერთასის შეხვედრას, ბუნებრივია, ყველა დიდი ინტერესით ელის. იმედია, ბაიერნი, რეალი ან ბარსელონა გვეწვევა. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია და ძალიან მიხარია, რომ საქართველო უმასპინძლებს. თვითონ ტურნირის მნიშვნელობა ხომ ყველას კარგად ესმის და, გარდა ამისა, დაგვრჩება ოთხი სტადიონი, რომელიც ევროპული დონის იქნება, რაც ახლა ძალიან გვჭირდება და ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ესაა. 

პაატა ძნელაძე