სიახლეები

ზესტაფონს დილა საკრებულომ დაუშალა, რატომ უსაყვედურა კოკაიამ ფეხბურთელებს?

გაუზიარე

ზესტაფონთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ სკანდალთა შორის ამავე კლუბის შემტევის, გიორგი ილურიძის სახელმაც საეჭვოდ გაიჟღერა. აქა-იქ ითქვა, ილურიძემ გორის დილას ყოფილი ფეხბურთელია და ამ გუნდთან თამაშსაც ამიტომ ერიდებოდაო. 
გიორგი ილურიძეს გუშინ სწორედ ამ ამბავში გასარკვევად დავუკავშირდით, თუმცა ლაპარაკ-ლაპარაკში სხვა საინტერესოც გავიგეთ... ნუ იტყვით და, თურმე ზესტაფონისთვის გორელებთან სათამაშოდ გასვლა-წასვლა კლუბის დირექტორ მიხეილ ხუციშვილსა და ილია კოკაიას ძმას _ კორნელი კოკაიას დაუშლიათ. მიზეზს არ იკითხავთ? ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო!
დანარჩენს ამ ინტერვიუდან შეიტყობთ:

ილურიძე: სრული სისულელეა, რომ ამბობენ, თითქოს გორის დილასთან მატჩამდე ტრავმა მოვიგონე. ვინც მიცნობს, ის ასეთს არც დაიჯერებს. საქმე ისაა, რომ ზესტაფონი უფულობის გამო არც ფოთის კოლხეთთან აპირებდა სათამაშოდ ლანჩხუთში წასვლას და არც ვარჯიშობდით, მაგრამ მატჩზე გამგზავრება ბოლო მომენტში მაინც გადაწყდა. ჩავედით ლანჩხუთში და მოუმზადებლებმა ვითამაშეთ. აი, სწორედ იმ თამაშის მერე დამეჭიმა ორივე საზარდული და ბარძაყის კუნთი. ეს გუნდის მწვრთნელმაც იცოდა და ექიმმაც. მათი და სხვა ექიმების რჩევითაც იმ თამაშის შემდეგ დავისვენე და ჩემი ფულით მკურნალობა დავიწყე. ვინმეს თუ რამე აინტერესებს, შემიძლია, სამედიცინო დასკვნაც წავაკითხო. 

კოლხეთთან თამაშის შემდეგ საერთოდ არ გივარჯშია?

არა, ხომ გითხარით, ექიმებმა რამდენიმე დღით დასვენება მირჩიეს. ჩამოვედი თბილისში, მკურნალობა დავიწყე, თანაგუნდელებთან კი მხოლოდ სატელეფონო კავშირი მქონდა. 

შეგიძლია გვითხრა, გორის დილასთან თამაშის წინ რა მოხდა?

გუნდი თბილისში ვარჯიშობდა და ზესტაფონში თამაშის დღეს უნდა გამგზავრებულიყო. გუნდთან ერთად მინდოდა თამაშზე წასვლა და შეხვედრის დროზე და ადგილზე შესათანხმებლად თანაგუნდელებთან დავრეკე. დავრეკე, მაგრამ... აღმოჩნდა, რომ წინა დღეს საწვრთნელ ბაზაზე კორნელი კოკაია და მიშა ხუციშვილი ყოფილან და ფეხბურთელებისთვის ვარჯიშის შემდეგ უთქვამთ _ გუნდი ზესტაფონში გორის დილასთან სათამაშოდ არ წავიდოდა. ეგ კი არა, გავიგე, რომ კორნელი კოკაიას ბიჭებისთვის ისიც უსაყვედურია, რატომ ივარჯიშეთო... ამის შემდეგ, ცხადია, ბიჭები თამაშზე არგამგზავრების მიზეზით დაინტერესდნენ, რაზეც ხუციშვილმა და კოკაიამ უპასუხეს, ზესტაფონის საკრებულო გუნდის დაფინანსებაზე უარს ამბობს და დილასთან სათამაშოდ ამიტომ არ მივდივართო.  

კი, მაგრამ, იქამდე არ იცოდნენ, რომ მუნიციპალიტეტი გუნდის დაფინანსებას არ აპირებდა?

საქმე ისაა, რომ ფოთის კოლხეთთან სათამაშოდ წასვლამდე ითქვა, ზესტაფონის დაფინანსების საკითხს 16 აპრილამდე გადავწყვეტთო. გორთან თამაში კი 19 აპირილს, კვირას უნდა ყოფილიყო. 16 აპრილს საღამოს კი გაირკვა, რომ ზესტაფონის საკრებულოში გადაწყვეტილება საერთოდ არ მიუღიათ, მეტიც, კლუბის საკითხის განსახილველად იმ დღეებში არ შეკრებილან. გუშინ კი გაზეთებიდან გავიგე, რომ ზესტაფონის დაფინანსებაზე სამშაბათს უმსჯელიათ და უარი უთქვამთ. ლანჩხუთში სათამაშოდაც გუნდი თბილისში, ფაქტობრივად მე შევკრიბე. მატჩის წინა დღეს, როგორც კაპიტანს, მიხეილ ხუციშვილი დამიკავშირდა და ბიჭების შეკრება მთხოვა. ზესტაფონის საკრებულო ჩვენს საკითხს უახლოეს დღრებში განიხილავს და ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ კოლხეთთან სათამაშოდ წავიდეთო.  

ანუ, გამოდის, რომ გორთან სათამაშოდ არგასვლა ზესტაფონის საკრებულოსთვის გუნდის პასუხი იყო? 

დიახ, გორთან სათამაშოდ ზესტაფონი არ წავიდა იმიტომ, რომ ზესტაფონის საკრებულოს გუნდის დაფინანსებაზე გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდა. 

გასაგებია. ზესტაფონთან შენს კონტრაქტზეც გვითხარი... როგორც ვიცით, საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრის დაწყების შემდეგ ხელფასი არ აგიღია.

დიახ, ხუთი თვეა უხელფასოდ ვარ. პირველი წრის შემდეგ, როგორც იცით, კლუბმა ყველა ფეხბურთელთან გაწყვიტა კონტრაქტი. მხოლოდ მე ვიყავი ისეთი, ვისაც ზესტაფონთან ძველი კონტრაქტი მაკავშირებდა. 

ახლა კი კლუბი ჩემპიონტიდანაც მოიხსნა და ვალის აღება, ალბათ, უფრო გაგიჭირდება...

ჯერ არ ვიცი რას გავაკეთებ. ფაქტი ისაა, რომ კლუბთან კონტრაქტით ზესტაფონში ხუთი თვის ფული მაქვს ასაღები. 

თამაშით კი ამ სეზონში ვერც სხვა გუნდებში ითამაშებ. გაქვს წინადადებები, იცი კარიერას სად გააგრძელებ?

ჯერ მხოლოდ ის ვიცი, რომ ტრავმა უნდა მოვუშუშო, ახალი კლუბი კი, იმედია, მალე გამოჩნდება. გავიგე, თითქოს თბილისის და ბათუმის დინამოს სურს ჩემი გადაყვანა, მაგრამ სეზონის ბოლომდე მაინც არაფერი გადაწყდება. ამიტომაც  ტრანსფერებზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევად მიმაჩნია. 

კობა ინასარიძე