სიახლეები

სეზონის წინ ვუთხარი სიჭინავას, თუ 16-მდე გაზრდი, არ ვითამაშებო....

გაუზიარე

ილია კოკაიას ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის შექმნით ჩვენი ფეხბურთისთვის ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული. ზესტაფონში საფეხბურთო ცხოვრების გამოცოცხლება და შესანიშნავი გუნდის შექმნა სწორედ ამ კაცის სახელს უკავშირდება და ამ დამსახურებას, ცხადია, ვერავინ ვერასოდეს ვერ დაუკარგავს. ფაქტია, რომ კოკაიას ხელმძღვანელობითა და გია გეგუჩაძის მეცადინეობით ზესტაფონში ისეთი გუნდი შეიქმნა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე ერთი ნაბიჯი რომ დააკლდა (უკვე ჭიაბრიშვილის ხელში). ზესტაფონელმა გულშემატკივარმაც გაიხარა და მომავლის იმედიც მიეცა. თუმცა, სამწუხაროდ, საქმე ისე არ წავიდა, როგორც ამას ქომაგი ისურვებდა. პირველი უსიამოვნო სიმპტომი გია გეგუჩაძის გუნდიდან წასვლა იყო და მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო სეზონიც ჩემპიონის ტიტულით ჩაამთავრა, მსგავსი სიმაღლეებისთვის, სამწუხაროდ, გუნდს აღარ მიუღწევია. რა არის ამის მიზეზი, ეს ვრცელი საუბრისა და განსჯის თემაა, მაგრამ ერთი რამ შეიძლება ახლავე ცხადად და გარკვევით ითქვას. ბევრ სიკეთესთან ერთად, კლუბის მეპატრონე ერთი უცნაური თვისებითაც გამოირჩევა: დროდადრო საჯარო განცხადებებს აქვეყნებს, რომელთა შინაარსი ძირითადად იდენტურია და დაახლოებით ასე ჟღერს - თუ ესა თუ ის საკითხი კონკრეტული შედეგით არ გადაწყდება, ზესტაფონი შეწყვეტს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობასო. ზესტაფონის მფლობელს მსგავსი განცხადება იმდენჯერ გაუკეთებია, ლამის ჩვენი შიდასაფეხბურთო ცხოვრების ჩვეულ, შემადგენელ ნაწილადაც კი იქცა. ამიტომ, როდესაც შარშან, წლის ბოლოს კოკაიას მორიგი განცხადება გავრცელდა უკვე კარგად ნაცნობი ხელწერითა და შინაარსით, მწყემსი ბიჭისა და მგლის ზღაპრისა არ იყოს, ბევრმა არ დაიჯერა, რომ ზესტაფონის მეპატრონე გუნდს დაფინანსებას ამჯერად მართლა შეუწყვეტდა. არ მახსენდება ჩვენი კლუბების არც ერთი მეპატრონე, მსგავსი მუქარა გაეჟღერებინოს. მაგალითისთვის: გურამ რუხაძეს, ვიტ ჯორჯიას მფლობელს, არანაკლები წვლილი აქვს ქართული ფეხბურთში, მაგრამ, მის სასახელოდ უნდა ითქვას, მსგავსი შინაარსის განცხადებით არასოდეს უცდია სახელმწიფო თუ კერძო უწყების ან ფეხბურთის ფედერაციის დაშანტაჟება.

თუმცა, ამჯერად ილია კოკაიამ ნამდვილად შეწყვიტა კლუბის დაფინანსება და არც ამით შემოიფარგლა. მან რამდენიმე ადრესატს ბრალდებების კორიანტელი წაუყენა და ერთგვარ კოლექტიურ ბრალმდებლად იქცა. მენეჯერი ივანე (მამუკა) ჯუღელი თავისი გუნდის ფეხბურთელების მოსყიდვაში დაადანაშაულა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ კოკაია ამ ამბის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს, მამუკა ჯუღელი კი მას ცილისწამებისთვის პასუხს სასამართლოში მოსთხოვს. 

,,იმ ბრალდებების საპასუხოდ, რაც კოკაიასგან მთელი დღის განმავლობაში გაისმის, პასუხს სასამართლოში მოვითხოვ, სადაც ღირსების შელახვისთვის შემაქვს სარჩელი და მორალურ კომპენსაციად ვითხოვ ორ ლარს, იმ თანხას, რა ფასადაც კოკაია ზესტაფონს ყიდის. ამ თანხას კოკაიას უკან დავუბრუნებ, რათა მან საკუთარი გუნდის გამოსყიდვა შეძლოს” – განაცხადა მამუკა ჯუღელმა.

კოკაიას ბრალდებების თაიგულში ზესტაფონის გამგეობას პირველობა ერგო: “გამგეობასთან არაერთი შეხვედრა იყო, შარშან 300 ათასი უნდა გამოეყოთ, მაგრამ მხოლოდ 100 ათასი გამოიმეტეს. წელს გავაფრთხილე, რომ ასე აღარ გაგრძელდებოდა. პირველი წრე გუნდმა ჩაათავა, მეორე ნახევარში კი შევწყვიტე დაფინანსება, ვიდრე საკრებულოს გადაწყვეტილება გაირკვეოდა.

კოკაიას რისხვას ვერც ფეხბურთის ფედერაცია გადაურჩა: ,,მე ვუთხარი სიჭინავას, რომ 16-გუნდიანი პირველობის პირობებში არ მივიღებდი ჩემპიონატში მონაწილეობას”. საკვირველია ამდენი კარგი საქმის გამკეთებელი კაცის ამგვარი  პოზიცია. არა გვგონია, ეს საქმისადმი სერიოზული, სოლიდური დამოკიდებულების ნიმუში იყოს. შევწყვეტ დაფინანსებას 16-გუნდიანი ჩემპიონატის პირობებში!? ამ გადაწყვეტილების უკან ხომ კლუბში დასაქმებული ათეულობით ადამიანი დგას, მათ უკან კი უფრო მეტი ზესტაფონელი გულშემატკივარი, რომელსაც გუნდების რაოდენობის მიუხედავად სურს, არ გამოეთიშოს ქალაქი საფეხბურთო ცხოვრებას. მოთამაშეებს, მწვრთნელებს, სტაფს, მათ ოჯახებს ერთნაირი მოთხოვნები და ინტერესი აქვთ როგორც 12-გუნდიანი, ისე 16-გუნდიანი პირველობის შემთხვევაში. ასე რომ, აღარ მინდა თამაში – არც დამაჯერებლად ჟღერს და არც სერიოზულად.

გია გომართელი