სიახლეები

ექსტრიმი როტერდამში, 34 წლის წინ

გაუზიარე

თენგიზ სულაქველიძე: არანორმალურ სიტუაციაში გავძელით

youtube.com-ზე 21:55 წუთიანი ვიდეომიმოხილვაა 1981 წლის 22 აპრილის მატჩისა, რომელიც როტერდამის `დე კუიპზე~ გაიმართა. ამ ვიდეოს შემხედვარეს ძველი ემოციები გაგახსენდება და გაიაზრებ, თუ რამხელა ნებისყოფა და ვაჟკაცობა უნდა გამოეჩინათ ქართველ ფეხბურთელებს, რათა ეს არანორმალური მატჩი სასურველი ანგარიშით დაემთავრებინათ. 

ეს იყო თამაშიექსტრემალურ ვითარებაში. სხვას ვერაფერს დაარქმევ. უყურებ მომენტებს და სიამაყესთან ერთად გუნება გიფუჭდება  - სადამდე შეიძლება მივიდეს მსაჯის უნამუსობა. მთავარი მსაჯი ავსტრიელი ფრანც ვიორერი გახლდათ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რათა თასების ფინალში ფეიენოორდი გასულიყო. ყველა ზომას გადააჭარბა. 

დინამოს თბილისში 3:0 ჰქონდა მოგებული და სამი გოლი როტერდამშიც გაიტანა, მაგრამ აზრი? მსაჯმა არცერთი არ ჩათვალა. ინტრიგა მე-15 წუთზევე უნდა დასრულებულიყო, როცა დავით ყიფიანის გენიალური პასის შემდეგ რამაზ შენგელიამ შეაგდო და... არარსებული თამაშგარე დაფიქსირდა... ეს პირველი, მერე მეორე, მერე მესამეც. აღარაფერს ვამბობთ გამოგონილ ჯარიმებზე, ჰოლანდიელთა უხეშობისას თვალის დახუჭვაზე. დინამო მაინც გავიდა ფინალში, იქ კი, როგორც იცით, კარლ ცაისს 2:1 სძლია და თასი ჩაიხუტა.  

და გუშინ 34 წელი გავიდა როტერდამის ექსტრემალური თამაშიდან. იმ გაუსაძლის 90 წუთზე ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელი, იმდროინდელი დინამოს ერთ-ერთი ლიდერი თენგიზ სულაქველიძე გვიყვება. სწორედ სულაქველიძე იყო ფეიენოორდთან პირველი შეხვედრის გმირი: დუბლი შეასრულა, თანაც, ორივე გოლი ლამაზად გაიტანა. 

კარგი დღე გამახსენეთ. ის 90 წუთი საშინელება იყო, მაგრამ თამაში რომ დასრულდა, ძალიან ბედნიერები ვიყავით. ჯერ თბილისში ღმერთმა მაჩუქა ორი გოლი. პირველი ბურთიც კარგი გამოვიდა, მაგრამ მეორე ისეთი იყო, ცხოვრებაში მსგავსი არ გამიტანია. ფეიენოორდი თამაშგარეს ქმნიდა, მე კი ბურთი გავიგდე მცველებს შორის და საჯარიმოში შესულმა ცაციით რბილად დავარტყი. მარცხენა ფეხს მარჯვენასავით ვერ ვხმარობდი, მაგრამ იმ მომენტში ცაცია იყო საჭირო. 

3:0 ნახევარფინალში, თანაც, როცა მეტოქე ფეიენოორდია. ელოდით ასეთ შთამბეჭდავ მოგებას? 

შესაძლოა, 3:0-ს არ ველოდით, მაგრამ თამაშმა გვაჩვენა, რომ ანგარიში ლოგიკური იყო. დინამო თავდაჯერებული გუნდი იყო, ყველა ხაზში გვყავდა ლიდერები. რად ღირდა თუნდაც რამაზ შენგელია. როგორ გვენატრება დღეს გოლის გამტანი თავდამსხმელი, რამაზი კი უნიკალური იყო _ გოლის გარანტი.თბილისში ცუდად რაც მახსენდება, კარიერაში პირველად და უკანასკნელად მოხდა _ შეცვლა ვითხოვე. როგორია ასეთ მატჩში მოედნიდან გასვლა? მაგრამ ფეხი ძალიან მტკიოდა. მგონი, 25 წუთი რჩებოდა, როცა შეცვლა ვთხოვე ნოდარ ახალკაცს.        

თბილისში ასეთი მოგების შემდეგ ფიქრობდით, რომ როტერდამში ასეთი ამბები გადაგხდებოდათ? 

ვიცოდით, რომ საპასუხო მატჩი რთული იქნებოდა, მაგრამ რაც იქ მსაჯებმა იკადრეს, ამას რას წარმოვიდგენდი. ისე, თბილისში 3:0 რომ დასრულდა, ფეიენოორდის მწვრთნელი ვაცლავ იეჟეკი მაინც იმედიანად იყო, სახლში კარგი შანსი გვექნებაო. 

როტერდამში ასეთი მსაჯობის ფონზე ნერვებმა როგორ არ გიმტყუნათ? 

ერთხელ შოთა ხინჩაგაშვილი გამოვიდა წყობიდან და ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც ფინალი გამოტოვა. შოთა დიდი ძალა იყო და, სამწუხაროდ, როტერდამში `წამოიკიდეს~. მსაჯი _ ცალკე, ტრიბუნებიდან ზეწოლა _ ცალკე, ფეიენოორდის ფეხბურთელების უხეშობა _ ცალკე. ამ მხრივ განსაკუთრებით 6 ნომერი, ბოუენსი გამოირჩეოდა. მაინც გავუძელით. 

შესვენებისას რა გითხრათ ახალკაცმა, რა დაგავალათ? 

გვითხრა, რომ ნერვიულობა არ უნდა დაგვეწყო. მშვიდად უნდა გვეთამაშა, რაც უნდა მომხდარიყო. ისე კი, როგორია ასეთ დროს დამშვიდდე, როცა უსამართლოდ გექცევიან. საბედნიეროდ, გავძელით. 

როგორ ფიქრობთ, მესამეც რომ გაეტანა ფეიენოორდს და დამატებითი დრო დანიშნულიყო, შეძლებდით ფინალში გასვლას? 

ძალიან გაგვიჭირდებოდა, რადგან მესამე გოლი ფეიენოორდს ფრთებს შეასხამდა, კიდევ უფრო მეტი დაწოლა წამოვიდოდა და, ალბათ, ფინალიც განზე დაგვრჩებოდა. სამი გოლი არ ჩაგვითვალეს და როგორმე იმასაც მიაღწევდნენ, რომ დამატებით დროში გავეტეხეთ. ფინალში საბჭოთა კავშირის გუნდის ნახვა არ უნდოდათ, ეს იყო და ეს.  

საფინალო სასტვენის შემდეგ ფეიენოორდის ფეხბურთელებმა ფინალში გასვლა მოგილოცეს?  

მგონი, არა. ზუსტად არც მახსოვს, ისე ვიყავით გახარებულები. ისე, 22 აპრილი ჩემი მეუღლის დაბადების დღეა, იმ დროს უკვე დაოჯახებულები ვიყავით და ორმაგად აღსანიშნავი დღე გამოვიდა. მეუღლის დაბადების დღეს ფინალის საგზური მოვიპოვეთ. 

პირველი მატჩი. 8 აპრილი, 1981. თბილისი

დინამო-ფეიენოორდი 3:0

1:0 სულაქველიძე (23), 2:0 გუცაევი (30), 3:0 სულაქველიძე (51)

დინამო: გაბელია, კოსტავა, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, თავაძე, დარასელია, სვანაძე, სულაქველიძე (ხიზანიშვილი 61), გუცაევი, ყიფიანი, შენგელია (ჟვანია 65)

მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი

ფეიენოორდი: ჰილე, ნილსენი, ტრუსტი (ბრარდი 77), სტაფლიუ, ვაინსტეკერსი, ბოუენსი, ვერმიულენი, ბიუდინგი, ნოტენი, პეტურსონი (დე ლუივი 55), ვან დეინსენი

მწვრთნელი: ვაცლავ იეჟეკი

გაფრთხილება: სტაფლიუ

მსაჯი: ფრედრიქსონი (შვედეთი) 

მეორე მატჩი. 22 აპრილი, 1981. როტერდამი

ფეიენოორდი-დინამო 2:0

1:0 ბოუენსი (43), 2:0 ნოტენი (57 პენ)

ფეიენოორდი: ვან ენგელენი, ნილსენი (დე ლუივი 66), ბრარდი, ბიუდინგი (პეტურსონი 80), ვაინსტეკერსი, ბოუენსი, ვერმიულენი, ვან ტილი, ნოტენი, პეტერსი, ვან დეინსენი

მწვრთნელი: ვაცლავ იეჟეკი

დინამო: გაბელია, კოსტავა, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, თავაძე, დარასელია, სვანაძე (კაკილაშვილი 75), სულაქველიძე, გუცაევი, ყიფიანი, შენგელია

მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი

გაფრთხილება: ხინჩაგაშვილი

მსაჯი: ვიორერი (ავსტრია)  

ჩვენი მხრივ დავამატებთ, რომ ფრანც ვიორერი, რომელმაც როტერდამში დინამოს ნერვები დააწყვიტა, ცნობილი არბიტრი გახლდათ, თუმცა უცნაური გადაწყვეტილებებითაც გამოირჩეოდა. მაგალითად, 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, კამერუნი-პერუს შეხვედრაში როჟე მილას წესების სრული დაცვით გატანილი გოლი გაუუქმა. ვიორერი ამჟამად 75 წლისაა და ვენაში ცხოვრობს. 

ილია ნანობაშვილი