სიახლეები

ექვსი ტური ფინიშამდე და სამეულის შანსები დილას კალენდარი უკეთესი აქვს, 9 მაისი ბევრს გადაწყვეტს

გაუზიარე

უმაღლესი ლიგის დასრულებამდე ექვსიოდე ტურიღაა დარჩენილი, ჩემპიონობის რეალური პრეტენდენტი კი სამია. არის კიდევ სამტრედია, რომელსაც ოქროს მედლების მოპოვების თეორიული შანსი დარჩა, მაგრამ საჩემპიონო დავაში იმერული კლუბის ჩარევა უკვე ძნელი წარმოსადგენია. ის კი ნამდვილად არ არის გამორიცხული, სამტრედიამ სეზონი საუკეთესო სამეულში დაასრულოს.

შიდა ამბებში ბათუმელები ლიდერობენ
ზედა სამეულში ისეთი სიმჭიდროვეა, გასაკვირი არ იქნება, ორმა ან თუნდაც სამმა გუნდმა ჩემპიონატი ქულათა თანაბარი რაოდენობა დააგროვოს. ამ შემთხვევაში უპირატესობა ურთიერთშეხვედრებში გამარჯვებულს მიენიჭება. ბათუმელებს გორელებთან დადებითი ბალანსი დაბევებული აქვთ (ორივე მატჩი მოუგეს), თბილისელებთან გასვლითი შეხვედრა კი მოგებული აქვთYდა შესაბამისად, ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის მოსაპოვებლად 9 მაისს ფრეც ჰყოფნით. რაც შეეხება დინამო თბილისსა და დილას, მათი ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა, თუმცა გორული 0:0 და თბილისური 2:2 დილას სასარგებლოდ მეტყველებს.
ერთი სიტყვით, თბილისელებმა ბათუმელებს სტუმრად თუ ვერ მოუგეს, ვერც ლიდერობას დაიბრუნებენ და დამატებითი მაჩვენებლებით ორივე კონკურენტთან წააგებენ. ასე რომ, ტიტულის მოსაპოვებლად, თბილისელებს, როგორც ჩანს, ქულათა თანაბარი რაოდენობა არ ეყოფათ.


ყველა გზა ჩელეზე მიდის

25-ე ტური
დილა-შუქურა
ცხინვალი-დინამო თბ
დინამო ბთ-გურია
სამივეს დაახლოებით თანაბარი სირთულის მატჩი ელის, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ დილა და დინამო თბილისი გასვლაზე თამაშობენ. მართალია, არც ქობულეთის `ჩელე არენაა~ ბათუმის დინამოს საშინაო სარბიელი, მაგრამ მის ხელოვნურ საფარს გუნდი მაინც შეჩვეულია. ეს მეორე საშინაო მატჩი იქნება, რომელსაც დისკვალიფიცირებული ბათუმელები უმაყურებლოდ ჩაატარებენ.

26-ე ტური
მეტალურგი-დილა
დინამო თბ-ტორპედო
ჩიხურა-დინამო ბთ
დილას, წესით, ბედის ანაბარად მიტოვებული მეტალურგის ძლევა არ უნდა გაუჭირდეს, დინამოებს კი მეტად მძიმე დაპირისპირებები ელით. მართალია, ტორპედოსა და ჩიხურას ევროსაგზურის მოპოვების შანსი თითქმის აღარ შერჩათ, მაგრამ ყველაფერს გააკეთებენ საიმისოდ, რომ საჩემპიონო დავაში საკუთარი კორექტივები შეიტანონ.

27-ე ტური
დილა-კოლხეთი
დინამო ბთ-დინამო თბ
ერთადერთი ურთიერთშეხვედრა, რომელიც საჩემპიონოდ მებრძოლი სამეულის ბინადრებს დარჩათ, სწორედ ამ ტურში გაიმართება. 9 მაისს ქობულეთის `ჩელე არენაზე~ გასამართი მატჩი უდიდეს გავლენას მოახდენს საჩემპიონო ბრძოლაზე და შესაძლოა, გადამწყვეტიც გამოდგეს. სამწუხარო ის არის, რომ შეხვედრა უმაყურებლოდ ჩაივლის.
დილას კოლხეთთან იოლი მატჩი არ ელის, მაგრამ ცხადია, ფავირიტები თავად იქნება.

28-ე ტური
სამტრედია-დილა
დინამო თბ-ზუგდიდი
სიონი-დინამო ბთ
აქ უკვე დილას ელის სერიოზული გამოცდა. სამტრედია მეოთხე პოზიციის გამყარებასა და ამით ევროსაგზურისკენ დიდი ნაბიჯის გადადგმას ეშურება, შესაბამისად, გამარჯვებისთვის ყველაფერს გაიღებს. თბილისის დინამოს ზუგდიდთან საშინაო შეხვედრის მოგების რეალური შანსი ექნება, ბათუმელებს კი სიონთან გასვლაზე უფრო უნდა გაუჭირდეთ.

29-ე ტური
მერანი-დილა
გურია-დინამო თბ
დინამო ბთ-ზესტაფონი
აქ უკვე ბათუმელებს ექნებათ თავი ქუდში. თუ სასწაული არ მოხდა, ზესტაფონი ჩემპიონატს ვეღარ დაუბრუნდება, შესაბამისად, ზღვისპირელებს სამი ქულა უბრძოლველად ჩაეწერებათ. დილასა და თბილისის დინამოს კი დაახლოებით ერთნაირი სირთულის გასვლები ელით, სადაც გამარჯვება იოლი ნამდვილად არ იქნება.

30-ე ტური
დილა-ვიტ ჯორჯია
დინამო თბ-ჩიხურა
შუქურა-დინამო ბთ
წარმოიდგინეთ, ბოლო ტურის წინ ბათუმის დინამო ჩემპიონობის შანსს ინარჩუნებს და ქობულეთის შუქურას ვერ ამარცხებს – ხომ ძნელი წარმოსადგენია? ჩვენთვისაც...
დილასა და თბილისის დინამოს გამარჯვებაც არ იქნება გასაკვირი. დიდია იმის შანსი, რომ ორივეს მოტივაციადაკარგული მეტოქე ესტუმროს.
აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩემპიონის ბედი ბოლო ტურამდე უფრო გადაწყდება.

დილა უფრო კომფორტულადაა

ჩვენეული შეფასებით, საჩემპიონო პრეტენდენტებს ბოლო ექვს ტურში ასეთი ამბები ელით:
დილა: გორელები ვალდებულნი არიან, მოიგონ სამივე საშინაო მატჩი, ასევე სტუმრად დაამარცხონ მეტალურგი. სამტრედიასა და მარტვილში კი უჩა სოსიაშვილს გუნდს მძიმე ბრძოლები ელის, თუმცაღა სამტრედიისგან განსხვავებით, მარტვილის შემთხვევაში, შესაძლოა, საქმე სხვაგვარადაც იყოს...
დინამოების დაპირისპირებაში კი გორელებს, ცხადია, ყველაზე მეტად ფრე აძლევთ ხელს.
დინამო თბ: უახლოეს სამ ტურში საქართველოს მოქმედ ჩემპიონს მძიმე შეხვედრების ჩატარება მოუწევს, შემდეგ კი შედარებით "ამოისუნთქებს". ცხინვალთან საგარეო და ტორპედოსთან საშინაო დაპირისპირებების შემდეგ, სადაც დინამოს უპირობო სამი ქულა დასჭირდრება, კახა გოგიჩაიშვილის გუნდი ქობულეთში, შესაძლოა, ფრემაც არ დააკმაყოფილოს. ზუგდიდთან, გურიასა და ჩიხურასთან კი მხოლოდ გამარჯვება დასჭირდება. დედაქალაქელებს გორელებზე უარესი კალენდარი აქვთ.
დინამო ბთ: ბოლო ორ ტურში ბათუმელებს ექვსი ქულა უნდა ვუწინასწარმეტყველოთ, ოღონდ საქმე ის არის, ეყოფათ თუ არა აჭარელებს ბოლო ორი მატჩის მოგება. მანამდე ბათუმის დინამოს ჩიხურასა და სიონთან ურთულესი გასვლები ელის, სადაც ქულათა მაქსიმუმის მოპოვება საძნელო საქმე იქნება. სამაგიეროდ, ზღვისპირელებს გურიასთან საშინაო მატჩის უპირობოდ მოგება მართებთ.

ამრიგად, დილას ყველაზე ხელსაყრელი კალენდარი დარჩა და იმის გათვალისწინებით, რომ სადღეისოდ ლიდერად სწორედ გორელები გვევლინებიან, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში, ოქროს მედლები კომპლექტი გორში გაემგზავროს.
თუმცა ორივე დინამოს შანსიც წონადია და ყველა შეკითხვაზე პასუხს დასკვნითი ექვსი ტური გასცემს.

სამტრედია ევროპას უახლოვდება
ევროსაგზურის მოპოვების შანსი ცხინვალსაც აქვს, მაგრამ სამტრედიას პერსპექტივა უკეთესია – გარდა იმისა, რომ მდევარს ერთი ქულით უსწრებს, ზაზა ზამთარაძის გუნდს ერთი ნაბიჯიღა აშორებს საქართველოს თასის ფინალამდე. 

ზესტაფონმა შანსი ვიტ ჯორჯიასაც გაუჩინა
თითქოს ვიტელთა იმედები უკვე გადაწურული იყო, მაგრამ ზესტაფონის ჩემპიონატიდან გამოთიშვამ უმაღლეს ლიგაში დარჩენის პერსპექტივა თენგიზ კობიაშვილის გუნდსაც დაუბრუნა. ზესტაფონზე არანაკლებ მძიმეა მეტალურგის მდგომარეობა. რუსთაველებმა სეზონი, შესაძლოა, ჩაამთავრონ, მომავალ სეზონში კი საკითხავია, შეძლებენ თუ არა უმაღლესში თამაშს.
ბოლნისის სიონი კი, მართალია, ჯერაც გასავარნ ზონაშია, მაგრამ უკვე დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალ სეზონშიც უმაღლესლიგელი იქნება.

1. დილა  24 14 6      4      37-18 48
2. დინამო თბ 24 14 5 5 40-20 47
3. დინამო ბთ 24 14 3 7 31-21 45
4. სამტრედია 24 12 4 8 32-21 40
5. ცხინვალი 24 12 3 9 28-30 39
6. ჩიხურა 24 10 6 8 32-28 36
7. შუქურა 24 9 7 8 29-27 34
8. ტორპედო 24 8 10 6 31-25 34
9. გურია 24 8 8 8 24-33 32
10. კოლხეთი 24 7 8 9 23-27 29
11. ზუგდიდი 24 7 7 10 18-28 28
12. ზესტაფონი 24 6 8 10 40-43 26
13. მერანი 24 6 8 10 17-24 26
14. მეტალურგი 24 6 6 12 22-30 24
15. სიონი 24 6 5 13 22-36 23
16. ვიტ ჯორჯია 24 4 4 16 21-36 16

ბომბარდირები
მოდებაძე (დილა) 10
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 10
დვალი (ზესტაფონი) 10