სიახლეები

ლუკა კიკაბიძე: მთავარია, მოვითმინო და შანსს დაველოდო

გაუზიარე

20 წლის მარცხენა ნახევარმცველი ლუკა კიკაბიძე შარშან ზაფხულს მოხვდა ფრანგულ ბასტიაში, ეს გუნდი კი, როგორც იცით, უმაღლეს ლიგაშია. სეზონი სრულდება, კიკაბიძეს კი საფრანგეთის ჩემპიონატში ერთხელაც არ უთამაშია, მხოლოდ რამდენჯერმე იყო სათადარიგოებში. ერთხელ თასზე ითამაშა 15 წუთი.

კიკაბიძეს უთამაშია საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში, ახლა კი 21-წლამდელების წევრია. რა პერსპექტივას ხედავს ბასტიაში ლუკა, რამდენად აქვს შანსი, რომ ძირითად გუნდში ითამაშოს – მას საფრანგეთში დავუკავშირდით: 

“კვლავაც ბასტიას ძირითად გუნდში ვვარჯიშობ, თამაში კი სარეზერვო გუნდში მიწევს. სარეზერვოები მეოთხე დივიზიონში გამოდიან. როგორც წესი, ძირითადი გუნდის დაახლოებით ხუთი ფეხბურთელი ვემატებით, ისინი, რომლებსაც მთავარ გუნდში თამაში არ გვიწევს. დუბლებში, ჩვეულებრივ, მარცხენა ნახევარმცველად მაყენებენ, ხან კი 10 ნომრად”. 

რაც შეეხება პირველ გუნდში თამაშის პერსპექტივას, ლუკა ამბობს, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ შეიცვლება შემადგენლობა ზაფხულში: 

“ახლა ბასტიას ხუთი მატჩი აქვს დარჩენილი და აქედან ორი უეჭველად მოსაგებია, რათა უმაღლეს ლიგაში დარჩეს. ჩემი თამაშის პერსპექტივა? გააჩნია, დარჩება თუ არა ბასტია უმაღლესში და კიდევ, როგორ იმუშავებენ ტრანსფერებზე. თუ ფეხბურთელები წავლენ, მაშინ თამაშის შანსი გამეზრდება. შესაძლოა, პირიქით, გააძლიერონ შემადგენლობა”. 

კიკაბიძეს ბასტიადან განათხოვრების ალბათობაზეც ვკითხეთ: 

“არაა გამორიცხული. ზაფხულში გაირკვევა”. 

ბასტიას მწვრთნელი კრისტიან პრინტანტია, რომელმაც პირველ წრეში ადრე ცნობილი ნახევარმცველი კლოდ მაკელელე შეცვალა. ლუკას ვკითხეთ, თუ რა იმედებს აძლევს პრინტანტი: 

“მაკელელე უფრო კონტაქტური იყო, პრინტანტი ფეხბურთელებს ნაკლებად ესაუბრება. კარგად მესმის, რომ საქართველოს პირველი ლიგის გუნდიდან, თბილისის ლოკომოტივიდან მოვედი. ტემპში განსხვავება ძალიან დიდია, აქ სულ სხვა თამაშებია და შეუძლებელია, შეუჩვეველს არ გაგიჭირდეს. მაგრამ მთავარია მოთმინება. შანსს უნდა დაველოდო”. 

საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს ფრანგ თანატოლებთან უარყოფითი შედეგი არ აქვთ. ვასილ მაისურაძის გუნდმა 2012 წელს 17-წლამდელებში 1:1 ითამაშა, ხოლო მომდევნო წელს გია ცეცაძის გაწვრთნილმა 19-წლამდელებმა ახალგაზრდა “მამლებთან” 0:0 დაასრულეს შეხვედრა. საფრანგეთის 19-წლამდელებში იმ დროს თამაშობდნენ რაბიო (პსჟ), მენდი (მარსელი), ლაპორტი (ბილბაო) და სხვები... ხშირად დაგვიწერია, თუ რატომ მიდიან სხვა ქვეყნის ფეხბურთელები ასე წინ, ხოლო ქართველები ერთ ადგილზე რჩებიან. 

“ქართველები ასაკობრივ ნაკრებში თავს რომ გამოიჩენენ, მერე ისევ ჩვენს ჭაბუკთა ლიგაში, რეგიონალლიგაში ან პირველ ლიგაში ათამაშებენ. საფრანგეთში კი სხვაგვარადაა: აქ უამრავი ძლიერი კლუბია. არ გადავაჭარბებ, ჩვენს ასაკობრივ ნაკრებებში ისეთი ფეხბურთელები არიან, ზოგიერთნი ფრანგ თანატოლებს სჯობნიან კიდეც, მაგრამ შემდეგ განვითარების ახალი ეტაპი იწყება. ფრანგებს ფართო გზა აქვთ, ჩვენებს კი – არა”. 

კიკაბიძემ წლეულს, მარტში ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილ ახალგაზრდულ ნაკრებში უკრაინასთან ორ ამხანაგურ მატჩში ითამაშა (2:1, 0:1). 

“უკრაინაში ერთი დღის შეკრებილები ვიყავით, როცა თამაშმა მოგვიწია. მოსამზადებლად დრო არ გვქონდა, მაგრამ ორიდან ერთი მატჩი მაინც მოვუგეთ. ჩემი აზრით, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს დიდი პერსპექტივა აქვს, რადგან ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს. შემადგენლობას რომ გადავხედოთ, თითოეულ პოზიციაზე დიდი კონკურენციაა”.         

ლუკა კიკაბიძე თბილისის ოლიმპის აღზრდილია, საიდანაც თბილისის ლოკომოტივში მოხვდა. 

“ოლიმპში კოტე მელქაძე მწვრთნიდა, ბოლოს გუბაზ დოლიძეც. იქიდან მოვხვდი ლოკომოტივში, საიდანაც ქუთაისის ტორპედოში გადამიყვანეს ლოკომოტივის ბევრ ფეხბურთელთან ერთად. იქ ესპანელი ჟერარდ სარაგოსა იყო მწვრთნელი, მე თამაში არ მიწევდა. მერე კი მაისურაძემ 19-წლამდელთა ნაკრებში მათამაშა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში. აი, მაშინ, როცა სამივე თამაში მოვიგეთ, მათ შორის, ჰოლანდიასთანაც”.   

ილია ნანობაშვილი