სიახლეები

ცხინვალი ჩემპიონობისთვის ემზადება, მანამდე კი ევროპა სურს

გაუზიარე
დღეს ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ცხინვალი თბილისის დინამოს უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ევროსაგზურის მოპოვების შანსს კიდევ უფრო გაიუმჯობესებს. გუშინ ცხინვალელთა მთავარ მწვრთნელს კახა კაჭარავას ვესაუბრეთ.

დღეს და 28 აპრილს დინამოს ჯერ ჩემპიონატის მატჩში უმასპინძლებთ, შემდეგ კი თასის განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრაში. დამეთანხმებით, ამ თამაშებზე ბევრი რამაა დამოკიდებული... 

ეს თამაშები მართლაც ბევრს გადაწყვეტს, მაგრამ ახლა სათასო მატჩზე საერთოდ არ ვფიქრობთ. ჩვენი მთავარი საზრუნავი ჩემპიონატის შეხვედრაა. დინამოს, ცხადია, კარგად ვიცნობთ, მისი თამაში მაქსიმალურად გვაქვს შესწავლილი და ვნახოთ, რა და როგორ იქნება. ეს თამაშები, რა თქმა უნდა, დინამოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

იმის გათვალისწინებით, რომ ეს ორი უმნიშვნელოვანესი თამაში დინამოსთან გიწევთ, დინამო კი რიგითი მეტოქე არ არის, ფეხბურთელები ზედმეტად დაძაბულები ხომ არ იქნებიან?

ფაქტია, დინამო საქართველოში ყველაზე ტიტულოვანი გუნდია და ამას ვერ გავექცევით, მაგრამ ნერვების ზედმეტად წყვეტას და წინასამატჩო გაწყობის დაძაბვას არ ვაპირებთ. ამის თაობაზე ფეხბურთელებს ხშირად და მშვიდად ვესაუბრებით და ამ მხრივ ისინი ყველანაირად მზად არიან.

ჩემპიონატის დაწყებამდე ცხინვალის ამოცანად უმაღლეს ლიგაში დარჩენა მიიჩნეოდა, ახლა კი გუნდი ევროსაგზურისთვის იბრძვის და თუ ამ მიზანს ვერ მიაღწიეთ, სეზონით უკმაყოფილო მაინც არ უნდა იყოთ.

ჩემპიონატის დაწყებამდე მართლაც უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება დავისახეთ მიზნად, მაგრამ თანდათან გავძლიერდით, თამაშები მოვიგეთ და ამოვანაც გავართულეთ _ ახლა ევროსაგზურის მოპოვება გვსურს და ეს უნდა შევძლოთ.

ცხინვალი ახალგაზრდული გუნდია, ორივე ფრონტზე ბრძოლა არ გაგიჭირდებათ?

გუნდი მართლაც ახალგაზრდულია და ეს ჩვენი მინუსი კი არა, პლუსია. წარმატების მიღწევას ჩემპიონატშიც ვეცდებით და თასზეც. მართალია, დინამოსთან პირველი ნახევარფინალური შეხვედრა 0:2 წავაგეთ, მაგრამ უშანსოდ ნამდვილად არ ვართ და ამას სტადიონზე მოსული ქომაგი თავად ნახავს.

ჩემპიონატის მსვლელობისას ლიდერებთან საკმაოდ ბევრი ქულა მოიპოვეთ, სამაგიეროდ, ისეთ შეხვედრებში დაკარგეთ ქულები, რომელშიც ცხინვალი ფავორიტი იყო.

გეთანხმებით. მეორე წრეშიც წავაგეთ ისეთ გუნდებთან, რომლებიც სატურნირო ცხრილში ჩამოგვრჩებიან, მაგალითად, ზუგდიდთან და ქუთაისთან, მაგრამ ეს ისევ და ისევ იმითაა გამოწვეული, რომ გუნდი სრულიად ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, ზოგი მათგანი პირველ სეზონს ატარებს უმაღლეს ლიგაში. სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა ტრავმებმაც, დიდი დრო გაუცდათ არაბულს, ივანიშვილს, ჭაფოძეს, ფანცულაიას და კიდევ რამდენიმე მოთამაშეს. მაგრამ გუნდს ნამდვილად აქვს პერსპექტივა. იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი ბირთვი შევინარჩუნეთ და გარკვეულ პოზიციებზე გავძლიერდით, უფრო მაღალი მიზნისთვისაც შევძლებთ ბრძოლას.

უფრო მაღალ მიზანში ჩემპიონობას გულისხმობთ?

დიახ. ამ ფორმაციის ცხინვალს ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ სათანადო გამოცდილების შეძენისას ჩემპიონობისთვის იბრძოლოს. ვფიქრობ, მოვიდა ის დრო, ცხინვალმა ყველაზე მაღალი ადგილისთვის იბრძოლოს.

ევროტურნირზე გასვლის შემთხვევაში ახალი ფეხბურთელების დამატებას თუ აპირებთ და ცხინვალს ყველაზე უფრო სად სჭირდება გაძლიერება?

ნამდვილად მსურს, რომ ევროტურნირზე ამ შემადგენლობით ვითამაშოთ და გამოცდილება ისევ ამ ნიჭიერმა ახალგაზრდა მოთამაშეებმა შეიძინონ. თავს ხომ არ მოვიტყუებთ და იმაზე ლაპარაკს ხომ არ დავიწყებთ, რომ რამდენიმე მოთამაშის დამატების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგას ან ევროპის ლიგას მოვიგებთ-მეთქი, ფეხბურთელთა დამატებისა თუ არდამატების შემთხვევაში შედეგი ხომ პრაქტიკულად ერთნაირი იქნება. ამიტომ, უმჯობესი იქნება, ევროარენაზე ამ გუნდით ვიასპარეზოთ. სამუშაო კი ნამდვილად ყველა რგოლში გვაქვს.

თქვენი შვილი ნიკა კაჭარავა გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა, თუმცა საკმაოდ ხშირად კამათობს მსაჯებთან და ხშირადვე ბევრი ლაპარაკისთვის აფრთხილებენ კიდეც. ასე ხომ მხოლოდ თავის გუნდს აზარალებს...

გეთანხმებით. ნიკა ტორპედოსთან შეხვედრაში გააძევეს და მსაჯი ჯენერი ხორავა სრულიად მართალი იყო, საერთოდაც, მან ეს შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ასევე არ ამომიღია ხმა მსაჯობაზე, როდესაც ზუგდიდში წავაგეთ, მაგრამ ძალიან ბევრი იყო შემთხვევა, როდესაც აშკარა პენალტი არ დაგვნიშნეს. იმას არ ვამბობ, ვინმე გვებრძვის-მეთქი, უბრალოდ, შეცდა მსაჯი, მაგრამ ეს ფეხბურთელისთვის ძნელი მოსათმენია და გარკვეულწილად კონტროლსაც კარგავს მოედანზე, თუმცა ამგვარი საქციელი მართლაც აზიანებს მის გუნდს.

ცხინვალის ხელმძღვანელობაში არიან ცნობილი ფეხბურთელები, გიორგი ქინქლაძე და მურთაზ შელია. ახალგაზრდა  ფეხბურთელებს მათგან ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ.

მე, როგორც მწვრთნელს, ძალიან მიადვილდება მათთან ურთიერთობა, რადგან დიდი ფეხბურთელები იყვნენ და კარგად იციან, რა და როგორ არის ფეხბურთში. მოთამაშეებთან კი უშუალო ურთიერთობა აქვთ მათთან და მათი რჩევა, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია. ცხინვალში არიან ასევე გოჩა ჩიქოვანი და დავით გვარამაძე და მათთან თანამშრომლობაც ჩემთვისაც და მოთამაშეებისთვისაც ძალიან სასარგებლოა.

პაატა ძნელაძე