სიახლეები

მთავარი ხარისხია, რომელიც შედეგს მოიტანს

გაუზიარე

გელა სანაიას თავკაცობით ქობულეთს შუქურამ აშკარად მოუმატა და მეორე წრეში ნაჩვენები შედეგით ერთ-ერთი საუკეთესოა. დღეს კი შუქურას ერთპიროვნული ლიდერი გორის დილა გამოცდის. გელა სანაიას გუშინ დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით. 

ფაქტია, რომ მეორე წრეში შუქურას საკმაოდ კარგი შედეგი აქვს და ამას, საკმაოდ კარგი თამაშის ხარისხით ახერხებს.

ჩვენთვის თამაშის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მხრივ არსებული პროგრესი გვაფიქრებინებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ, მაგრამ მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩემპიონატის დასრულებამდე ექვსი ტურია დარჩენილი და ვეცდებით, რომ თამაშის ხარისხი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და ამასთანავე ქულებიც დავაგროვოთ.

პირველ წრეში საკმაოდ ბევრი დასანანი ქულა რომ არ დაგეკარგათ, ახლა ევროსაგზურისთვისაც შეიძლებოდა ბრძოლა.

3-4 ქულით მეტი რომ გვქონდეს, ოთხეულში მოხვედრის მეტი შანსი იქნებოდა, მაგრამ ახლა ეს ძალიან ძნელია. ჩვენთვის, პრინციპში არც არავის დაუსახავს მიზნად ევროტურნირებზე თამაში. მთავარი მიზანი ახალი გუნდის შენებაა და ამან, გეგმის თანახმად, შესაბამისი შედეგი მომდევნო სეზონში უნდა მოიტანოს. 

დღეს ერთპიროვნულ ლიდერ დილას ეთამაშებით.

დილა ძალიან მოტივირებული იქნება და ბუნებრივია ურთულესი შეხვედრისთვის ვემზადებით, მაგრამ გორში იმიტომ ნამდვილად არ მივდივართ, რომ მასპინძლების კარგი თამაშით ვისიამოვნოთ. შუქურა, როგორც ყველა შეხვედრაში, აქაც ბოლომდე დაიხარჯება და ფეხბურთელებმაც სწორედ ასეთ ძლიერ გუნდებთან უნდა წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები. პრობლემას კი ისიც გვიქმნის, რომ დისკვალიფიკაციის გამო არ გვეყოლება ჩალაძე.

აშკარაა, რომ შუქურამ მას შემდეგ მოუმატა რაც გუნდში ლეგიონერები, განსაკუთრებით კი უკრაინელი პუკანიჩი მოვიდნენ.

ლეგიონერებმა, რა თქმა უნდა, გაგვაძლიერეს, მაგრამ არც ისეა საქმე, თითქოს მარტო მათი დამსახურება იყოს შუქურამ რომ მოუმატა. ჩვენ საკმაოდ კარგი ფეხბურთელები გვყავდა, უბრალოდ ლეგიონერების მოსვლის შემდეგ კონკურენციამ აშკარად მოიმატა და შესაბამისად ადგილობრივმა ფეხბურთელებმაც მოუმატეს. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ მიმდინარე ჩემპიონატი საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობს, ბრძოლაა სატურნირო ცხრილის აბსოლუტურად ყველა ნაწილში, ეს დაძაბულება კი, სავარაუდოდ, დონის ამაღლებასაც შეუწყობს ხელს.

შუქურასთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაქვთ. მის გახანგრძლივებაზე ხომ არ ყოფილა ლაპარაკი. 

ჯერ დასრულდეს სეზონი და კონტრაქტზე ამის შემდეგ დავილაპარეკებთ. თუ ორივე მხარე კმაყოფილი ვიქნებით თანამშრომლობით, მაშინ ხელსეკრულების გაგრძელებაც პრობლემა არ იქნება.

პაატა ძნელაძე