სიახლეები

განცხადება შეტანილია ზესტაფონმა საქმეში პროკურატურა ჩართო

გაუზიარე

ზესტაფონმა, ბოლო დროს კლუბის ირგვლივ ატეხილ სკანდალურ ამბებთან დაკავშირებით, გუშინ პროკურატურაში განცხადება შეიტანა.

საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის მესვეურები პროკურატურისგან იმ საქმის გამოძიებას ითხოვს, რის გამოც რამდენიმე დღის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა გუნდი ჩემპიონატიდან მოხსნა. სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას წინ ზესტაფონი-დილას კალენდარული მატჩი უძღოდა, რომელზეც ზესტაფონი არ გამოცხადდა. სადისციპლინო კოდექსის 90-ე მუხლის შესაბამისად კი გუნდი ჩემპიონატიდან მოიხსნა. ზედაც, ზესტაფონელებს ხუთი ათას ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს, ხოლო კლუბის დირექტორ მიხეილ ხუციშვილს პირობით დისკვალიფიკაცია.

ზესტაფონს თითქოს ეს სასჯელი არ აკმარაო, ქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გუნდს დაფინანსებაზე უარი უთხრა, რითაც ზესტაფონი, ფაქტობრივად, დასაშლელად გასწირა. 

შემდეგ უკვე ზესტაფონის ხელმძღვანელები ალაპარაკდნენ და თქვეს, რომ დილასთან მატჩამდე ზესტაფონის ფეხბურთელების მოსყიდვა სცადეს, თქვეს კონკრეტული სახელიც, ვინც ზესტაფონის ფეხბურთელებზე გადიოდა _ მამუკა ჯუღელი. ამ კაცის სახელის ხსენებით აღშფოთებულმა გორელებმა კი კლუბის მფლობელ ილია კოკაიას, მის კითხვაზე თუ რა როლი აკისრია კლუბში ხსენებულ პიროვნებას, ოფიციალური განცხადებით უპასუხეს: 

"გვინდა დავაკმაყოფილოთ ილია კოკაიას ცნობისმოყვარეობა და ვუპასუხოთ, რომ მამუკა ჯუღელი არის წარმატებული საფეხბურთო აგენტი, რომელთანაც ჩვენ გვაკავშირებს საქმიანი საფეხბურთო ურთიერთობა ფეხბურთელებთან დაკავშირებით. მისი რამდენიმე ფეხბურთელი ამჟამად ირიცხება გორის დილაში და ბუნებრივია მისი ინტერესიც ჩვენს მიერ ჩატარებულ შეხვედრებთან". 
 
პროკურატურაშიც, ზესტაფონელები ზესტაფონი-დილას მატჩთან დაკავშირებულმა ამბებმა მიიყვანა, განცხადება ჩაბარებულია, თუმცა როდის დაიწყება და დამთავრდება გამოძიება, ცხადია, ჯერ უცნობია. 
ზესტაფონის ხელმძღვანელობა აცხადებს რომ მათ სამართალდამცავებს საკმაოდ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მომხდარის შესახებ და ეხლა დაელოდებიან გამოძიების შედეგებს.
თავის მხრივ, მამუკა ჯუღელს გაცხადებული აქვს, რომ ხსენებულ საქმეში სრულიად უბრალოა და კოკაიას ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლებს. 

ლუკა თალაკვაძე