სიახლეები

1993 წლის აგვისტო... თურქი მსაჯი იხსენებს

გაუზიარე

1993 წელს თბილისის დინამო დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველად გავიდა ევროტურნირებზე. 18 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გივი ნოდიას გაწვრთნილები ჩრდილოირლანდიურ ლინფილდს შეხვდნენ და 2;1 მოუგეს, ბელფასტში კი 1:1 დასრულდა. დინამო გავიდა და დანიურ დანიურ კოპენჰაგენს უნდა შეხვედროდა, მაგრამ რაც მოხდა, ბევრმა იცის. 

თბილისურ მატჩში თურქები მსაჯობდნენ, მთავარმა არბიტრმა ერმან თოროღლუმ დინამო მსაჯების მოსყიდვაში დაადანაშაულა და ფაქტებიც წარადგინა. უეფამ დაგვსაჯა და შემდეგ ეტაპზე ლინფილდი გაუშვა. 

ეს დიდი შოკი იყო დინამოს ფეხბურთელებისთვის და გულშემატკივრებისთვის. განსაკუთრებით გულდასაწყვეტი, რადგან მაშინდელი დინამო, როგორც იტყვიან, საფეხბურთო წარმოდგენას დგამდა, ძალიან ლამაზად თამაშობდნენ, ბურთს ამღერებდნენ. 2:1 თბილისში – ეს საცოდაობა იყო, ლოგიკას მთლიანად მოკლებული. ვისაც ახსოვს, დაგვეთანხმება: დინამო 90 წუთის განმავლობაში კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა, სტუმართა მეკარე ლესლი ლემონდი სასწაულებს აკეთებდა, ლინფილდი თბილისელთა ნახევარზეც კი იშვიათად გადმოდიოდა. გარდა ამისა, იყო ორი საკამათო ეპიზოდი: ლინფილდის კარში ორი პენალტი არ დაინიშნა... რეზო, შოთა და არჩილ არველაძეები, გიორგი ქინქლაძე, გოჩა ჯამარაული, მიხეილ ყაველაშვილი, გელა ინალიშვილი, გიორგი ნემსაძე, მურთაზ შელია და სხვები – მშვენიერი შემადგენლობა იყო.  

თურქულ გამოცემა sabah-ში თბილისური მატჩის არბიტრი, ერმან თოროღლუ საინტერესო ამბებს იხსენებს. როგორც გაირკვა, თოროღლუ თურქეთში ერთ-ერთი პარტიის წევრი ყოფილა, ხოლო ამჟამად საფეხბურთო გადაცემა მიჰყავს ტელეარხ Telegol-ზე.   

“1993 წლის ზაფხულს ჩემპიონთა ლიგაზე, თბილისის დინამო-ლინფილდის მატჩის სამსაჯოდ, თანამსაჯებთან ერთად ვართ მაშინ უკვე დამოუკიდებელ საქართველოში. თამაშის დღეს ორივე გუნდის მენეჯერებთან ერთად ვსადილობთ. სადილის შემდეგ დინამოს ერთ-ერთ წარმომადგენელს მე და სამი თანაშემწე მანქანით სასტუმროში მივყავართ.სასტუმროსთან, მანქანიდან გადმოსვლამდე ვხედავ, რომ მას (დინამოს წარმომადგენელს) ხელში კონვერტი უჭირავს, მაგრამ ჩემთვის გამოწვდილ კიდევ ერთ კონვერტს სხვა ადგილიდან იღებს.

... მანქანიდან გადმოსვლისას კონვერტებს გვაწვდის და ამას ისე სწრაფად აკეთებს, რომ რეაგირებას ვერ ვასწრებთ. თვითონ სწრაფად მიდის. კონვერტებს ვხნით, სავსეა დოლარებით... ჩემი კონვერტი უფრო მსუქანია. მაშინ საქართველოში ექიმის ხელფასი 50 დოლარი იყო, ჩემს კონვერტში კი სამი ათასია! მატჩის დელეგატიც ამავე სასტუმროშია.

... ერთად მივდივართ დელეგატთან და კონვერტებს ვაძლევთ. ფულის ნახვისგან გაოგნებული გვეუბნება: “ეს ჩემთან დარჩეს”. მერე გადაწყვეტილებას ცვლის, კონვერტებს გვიბრუნებს: “ამას უეფა თქვენგან მოითხოვს”. დელეგატი მეკითხება, თუ რას ვფიქრობ. მე ვეუბნები: "ამბავი რომ გასკდეს, აქედან სუფთად ვერ გამოვძვრებით". ეს დაახლოებით 3 საათზე ხდება, საღამოს კი მატჩია.

... საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეც სტადიონზე იქნება. შოთას და აჩის დინამო ლინფილდს 2:1-ს უგებს. მატჩის დელეგატი თამაშის დამთავრებისთანავე თბილისიდან მიდის. ჩვენ მეორე დღეს თურქეთში ვბრუნდებით. მერე უეფა დინამოს განაჩენს გამოუტანს - ორწლიანი დისკვალიფიკაცია (შემდეგ ერთწლიანით შეცვალეს, დინამომ 1994 წელს ითამაშა ევროტურნირებზე – ი.ნ).

... განაჩენის შემდეგ ციურიხის სასტუმროში დავბინავდი, სადაც დინამოს წარმომადგენლებმა მომაკითხეს და დამემუქრნენ. ციურიხიდან თურქეთში დაბრუნებულს ქართული მაფია იქაც ამედევნა. იმის მერე ვატარებ იარაღს, მაგრამ არასოდეს მისვრია. მერე "სიმართლის გზის პარტიის" (სულეიმან დემირელის პარტია. სულეიმან დემირელი-თურქეთის პრეზიდენტი 1993-2000) წევრობის და დეპუტატობის კანდიდატობის გამო ქართულმა მაფიამ ჩემი დევნა შეწყვიტა. ქართველები დემირელს დიდ პატივს სცემდნენ. "დემირელის კაცია"-ო და თავი დამანებეს. სინამდვილეში დემირელი არაფერ შუაში იყო, სხვა კაცის დახმარებით მოვხვდი პოლიტიკაში.

... ჩემს შესახებ "ფრანს ფუტბოლმაც" დაწერა: "თურმე ასეთი მსაჯებიც არსებობენ". ამ ამბავმა მსოფლიოში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. აი, ასეთი ცხოვრება მქონდა 1993 წლიდან: სპორტი, პოლიტიკა, მაფია, იარაღი”.   

ილია ნანობაშვილი