სიახლეები

რონალდუ და პორტუგალია თბილისში ოთხი დღე იცხოვრებენ

გაუზიარე

8 ივნისს თბილისს პორტუგალიის ნაკრები ესტუმრება. ეს გუნდი ჩვენთან 12 ივნისამდე დარჩება და სომხეთის ნაკრებთან 13 ივნისის მატჩისთვის “მიხეილ მესხზე” მოემზადება. 

დიახ, ნუ გაიკვირვებთ, 8 ივნისიდან მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ და კომპანია ოთხი დღე სწორედ თბილისში ივარჯიშებს. 12-ში კი პორტუგალიის ეროვნული გუნდი ერევანში გადაფრინდება და მეორე დღეს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს სომხებთან ითამაშებს. 
პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური პერსონალი ერევანს რამდენიმე თვის წინ რამდენჯერმე სტუმრობდა. ისინი, ცხადია, თავიანთი ეროვნული გუნდისთვის შესაფერის სასტუმროსა და სავარჯიშო მოედნებს არჩევდნენ, მაგრამ იქაური პირობებით იმედგაცრუებულნი რომ დარჩნენ, მარტში უკვე თბილისში გამოემგზავრნენ. 

სტუმრები თბილისის სასტუმროებს, მოედნებსა და სხვა საფეხბურთო ინფრასტრუქტურას ორი დღის განმავლობაში ათვალიერებდნენ. შემდეგ შინ გაემგზავრნენ და მალევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ოფიციალურად დაუდასტურეს სურვილი, რომ 8-დან 12 ივნისამდე თბილისში ყოფნა და “მიხეილ მესხზე” ვარჯიში სურთ. 

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის საკმაოდ მრავალრიცხოვანი დელეგაცია მარტში გვსტუმრობდა და, ფაქტობრივად, მაშინვე გადაწყდა, რომ მათი ეროვნული გუნდი სომხეთთან შესარჩევი მატჩისთვის 8-დან 12 ივნისამდე თბილისში მოემზადება. სტუმრებმა თბილიში სასტუმროები და სავარჯიშო მოედნები მოიხილეს, სხვა საფეხბურთო ინფრასტრუქტურითაც კმაყოფილები დარჩნენ და საბოლოო შეთანხმებაც შედგა, _ თქვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ. 

პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში დანიასთან, ალბანეთთან, სერბეთთან და სომხეთთან ერთადაა. პორტუგალია ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს, თუმცა დანია და ალბანეთი კვალში მიჰყვებიან, ბრძოლისუნარიანი გუნდი ჰყავს სერბეთს და არც სომხეთის ეს ნაკრებია ხელწამოსაკრავი. მოკლედ, პორტუგალიას დღესდღეობით ჯგუფში მშვიდად ყოფნის უფლება არ აქვს... 

პორტუგალიის ეროვნულ გუნდამდე კი თბილისს ორ კვირაში ამავე ქვეყნის 19-წლამდელთა ნაკრები ეწვევა, რომელიც ესპანეთთან, თურქეთთან და საქართველოსთან ერთად იმავე `მიხეილ მესხის~ ორ მოედანზე ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში მიიღებს მონაწილეობას. 

ისე, შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ თბილისში შარშანწინაც იმყოფებოდა, თუმცა სულ რამდენიმე საათით. მაშინ ის თავის სატრფოსთან ერთად დინამო თბილისის აკადემიის გახსნასა და თბილისისა და მოსკოვის დინამოელთა  ამხანაგურ მატჩს დაესწრო. რონალდუს გარდა, თბილისი არც პორტუგალიელთა მწვრთნელ ფერნანდუ სანტუშისთვის იქნება უცხო, პორტუგალიამდე ეს სპეციალისტი საბერძნეთის იმ ნაკრებს თავკაცობდა, რომელმაც თემურ ქეცბაიას გუნდს თბილისში 2:1 აჯობა.  

კობა ინასარიძე