სიახლეები

გიორგი ფოფხაძე: მსაჯს ლეგიას მაისურიღა აკლდა

გაუზიარე

პოლონეთის ექსტრაკლასაში გიორგი ფოფხაძისა და ნიკა ძალამიძის იაგელონიამ ვარშავაში 0:1 წააგო ლეგიასთან. ეს იყო დრამა, რომელშიც გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მეცხრე წუთზე (!) გავიდა და თანაც, საეჭვო პენალტით. ლეგიას ფეხბურთელი საჯარიმოში აწვდიდა და ფოფხაძეს შემთხვევით ხელზე მოხვდა ბურთი. გოლი სწორედ ამ პენალტით გავიდა... არადა, ფოფხაძე 87-ე წუთზე შევიდა მინდორზე. 

პენალტის დანიშვნას არეულობაც მოჰყვა, იაგელონიას ფეხბურთელები მსაჯის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. მით უმეტეს, რომ მანამდე, ორი წუთით ადრე, ლეგიას კარში შეიძლებოდა თერთმეტმეტრიანის დანიშვნა, მაგრამ მსაჯმა ეს საჭიროდ არ ჩათვალა. 

რაც შეეხება ნიკა ძალამიძეს, ის სასტარტოში გახლდათ და მეორე ტაიმის შუაწელს შეცვალეს. იაგელონია მესამე ადგილზეა, ლეგია კი მეორეზე გადავიდა. იაგელონია ლიდერ პოზნანის ლეხს ოთხი ქულით ჩამორჩება, წინ კი ოთხი ტურია. 

ნამატჩევს ფოფხაძეს პოლონეთში დავუკავშირდით: 

„ყველანი გამწარებულები ვართ, ხმის ამოღების თავიც არ გვაქვს. ასეთი მსაჯობა ყველაზე არასაფეხბურთო ქვეყნებშიც კი ვერ წარმომედგინა... მსაჯს ლეგიას მაისურიღა აკლდა. 97-ე წუთზე პენალტი არ დანიშნა ლეგიას კარში, მერე კი შემთხვევით ხელზე მომხვდა ბურთი და დაგვსაჯა. არადა, წინა ტურში ლეხს გასვლაზე მოვუგეთ და ახლა ვარშავაში თუნდაც ქულა რომ აგვეღო, ჩემპიონობის მშვენიერი შანსი გვიჩნდებოდა: შინ სამი თამაში დაგვრჩა და ცხრა ქულის აღებაც შეიძლება. სამწუხაროდ, მსაჯმა ჩვენს ოცნებას ბოლო მოუღო. მართალია, კიდევ შეიძლება პირველზე გასვლა, მაგრამ ძალიან უნდა გაგვიმართლოს. დღეს იყო საჩემპიონო მატჩი და წაგვაგებინეს“. 

ილია ნანობაშვილი