სიახლეები

დილას შესაძლო მეტოქეები: ჯერ ბუნდოვნად

გაუზიარე

ვინ შეიძლება იყოს გორის დილას მეტოქე ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე? როგორც იცით, საქართველოს ჩემპიონი პირველი საკვალიფიკაციოდან თავისუფალია, იქ უსუსტესი ჩემპიონატების გამარჯვებულები ხვდებიან ერთმანეთს. 

პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა (ერთად) 22 ივნისს გაიმართება, მეორე ეტაპის მატჩები კი 14-15 და 21-22 ივლისს ჩატარდება. უკვე ცნობილია, რომ დილა არგანითესება, რადგან საამისოდ ევროტურნირებზე დაგროვებული კოეფიციენტები არ ჰყოფნის. 4,875 აქვს კოეფიციენტი. 

რადგან ჯერ ყველა ქვეყნის ჩემპიონი არ გამოვლენილა, შესაბამისად, ყველა სავარაუდო მეტოქეს ვერ ჩამოვწერთ. თუმცა ჩემპიონების უმეტესობა, რომლებიც მეორე ეტაპზეგანითესებიან, უკვე ცნობილია.

აი, კლუბები, რომლებიც მეორე ეტაპზე იქნებიან და დილაზე მაღალი კოეფიციენტი აქვთ: სელტიკი (შოტლანდია), ბატე (ბელარუსი), აპოელი (კვიპროსი), ლუდოგორეცი (ბულგარეთი), დინამო ზაგრები (ხორვატია), მარიბორი (სლოვენია), მაკაბი თელ ავივი (ისრაელი), პარტიზანი (სერბეთი), მალმიო (შვედეთი), ყარაბაღი (აზერბაიჯანი), ჰიკი (ფინეთი), მიოლდე (ნორვეგია), ვიდეოტონი (უნგრეთი), შკენდერბიუ (ალბანეთი), ვენტსპილსი (ლატვია). ესინი სავარაუდო მეტოქეები არიან. 

დილა კოეფიციენტებით უსწრებს და, შესაბამისად, მეორე ეტაპზე ვერ შეხვდება ამ გუნდებს: ჟალგირისი (ლიტვა), ასტანა (ყაზახეთი), მილსამი (მოლდოვა), ვარდარი (მაკედონია), სტიარნანი (ისლანდია), ფოლა ეში (ლუქსემბურგი), დანდალკი (ირლანდია), ჰიბერნიანსი (მალტა). ესენი განუთესავნი იქნებიან. 

გამოსავლენი არიან ამ ქვეყნის ჩემპიონები: რუმინეთი (ტირგუ მურეში ან სტიაუა _  ორი ტური დარჩა და ტირგუ მურეში ერთი ქულით წინაა), დანია (მიდტიულანდი თითქმის ჩემპიონია), პოლონეთი (აქ 5 ტური დარჩა და შანსი 7 გუნდს აქვს), სლოვაკეთი (ტრენჩინი თითქმის ჩემპიონია), ბოსნია (სარაევო ან ჟელეზნიჩარი), ჩერნოგორია (რუდარი ან სუტიესკა). 

ჯერჯერობით გამოვლენილი ჩემპიონებიდან დილა კოეფიციენტებით მე-16 ადგილზეა, მაგრამ ამ პოზიციას ვერ შეინარჩუნებს _ აუცილებლად გადაასწრებენ იმ ქვეყნებიდან, სადაც ჯერ კიდევ გასარკვევია ჩემპიონის ვინაობა. 

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის სისტემა იგივეა, როგორიც ბოლო წლებში იყო. თუ დილა მეორე ეტაპზევე გავარდება, ევროტურნირებს დაემშვიდობება; თუ მეორე ეტაპს გაივლის და მესამეზე გავარდება, გადაერთვება ევროპის ლიგის საკვალიფიკაციოზე და იქ ერთი ეტაპი ექნება გასავლელი ჯგუფში მოსახვედრად; თუ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპს გაივლის, მინიმუმ ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვედრა გარანტირებული ექნება, მაგრამ, თუ ჩემპიონთა ლიგაში კიდევ ერთ ეტაპს გაივლის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ითამაშებს. 

ილია ნანობაშვილი