სიახლეები

რუსთავში სასიკეთო ისევ არაფერია

გაუზიარე

რუსთავის მეტალურგს მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ძალიან რომ უჭირდა, ეს ყველას კარგად მოეხსენება. ამის მიუხედავად, ვარლამ კილასონიას გუნდმა პირველ წრეში მშვენიერი შედეგი აჩვენა, ზამთრის შესვენებას მეექვსე ადგილით შეხვდა და  არაერთი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა, თუნდაც თბილისისა და ბათუმის დინამოელების დამარცხება რად ღირს. 

აშკარა იყო, გუნდს გვერდში დგომა სჭირდებოდა და რუსთაველები ევროტურნირისთვის ბრძოლასაც შეძლებდნენ, მაგრამ... საქმე იქამდე მივიდა, რომ მეტალურგის ფეხბურთელებს ვარჯიშის მერე წყალი აქვთ სანატრელი. ამის მიუხედავად, ფეხბურთელებს აზრად არ მოსვლიათ, მორიგი ტურის მატჩზე სათამაშოდ არ გასულიყვნენ. თუნდაც ამიტომ იმსახურებენ გუნდის სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები პატივისცემას. 

პირველი წრის შემდეგ მეტალურგიდან არაერთი ფეხბურთელი წავიდა და მეორე წრეშე შედეგი მნიშვნელოვნად გაუარესდა. ახლა კლუბი გავარდნის რეალური კანდიდატია. პატრონი კი, როგორც ადრე, არც ახლა ჩანს.

"სამწუხაროდ, არანაირი სიახლე. საერთოდ არავის აინტერესებს ჩვენი მდგომარეობა. მოვდივართ, ვვარჯიშობთ და ასე გაურკვევლობაში ვემზადებით ყოველი მორიგი შეხვედრისთვის. ხელფასებზე საუბარიც აღარაა. გუნდს ელემენტარული პირობებიც არ აქვს, არადა, ამ შემადგენლობითაც შეგვეძლო საკმარისი ქულების მოგროვება და ახლა გავარდნაზე ლაპარაკიც არ იქნებოდა. მეორე წრის სტარტზე საჩხერის ჩიხურას ჯერ თასზე, შემდეგ კი ჩემპიონატში ფრედ ვეთამაშეთ, ჩიხურა კი, მოგეხსენებათ, იოლად ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის. ფეხბურთელებს თანდათან უნელდებოდათ  მუხტი და ახლა ეს რეალობა გვაქვს" - გვითხრა რუსთაველთა მთავარმა მწვრთნელმა ვარლამ კილასონიამ.

ამდენი პრობლემის მიუხედავად, მეტალურგს კვლავ აქვს უძლიერესთა შორის დარჩენის შანსი _ ბოლო ტურში უმოტივაციო ტორპედოს მასპინძლობს, მისი უშუალო კონკურენტი ვიტ ჯორჯია კი უკვე გაჩემპიონებულ დილას ესტუმრება და თუ ვიტელებმა გორში ვერ მოიგეს, მეტალურგს პლეი ოფში მოხვედრის შანსი უჩნდება. ოღონდ, თუ ვიტ ჯორჯია ფრედ ითამაშებს, რუსთაველებმა ტორპედოს უნდა მოუგონ, ვიტ ჯორჯიას მარცხის შემთხვევაში კი, მეტალურგს ფრეც ეყოფა გადათამაშებაში მოსახვედრად. ამის შესახებ კილასონია ამბობს: 

"პირველ რიგში იმით ვამაყობ, რომ ამდენი პრობლემის მიუხედავად, მეტალურგი ყოველთვის იცავდა სამართლიანი თამაშის წესებს და ჩვენზე ვერავინ იტყვის, ამა თუ იმ შეხვედრაში მეტოქეს ბრძოლა არ გაუმართესო. ასე იქნება ტორპედოსთან მატჩშიც. თუ შევძელით ქულების მოპოვება და უმაღლესში დარჩენა, ამას მხოლოდ სუფთა თამაშით შევძლებთ, თუ არადა გავვარდებით."

იმ შემთხვევაში, თუ მეტალურგმა შეძლო და შეინარჩუნა ადგილი უძლიერესთა შორის, რუსთაველთა თამაში უმაღლეს ლიგაში მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება. რატომ? მიზეზი ისაა, რომ მეტალურგმა შესაბამისი ლიცენზია ვერ მიიღო.

"საქმე ის კი არ არის, რომ ლიცენზია ვერ მივიღეთ, ყველაზე გასაკვირი ისაა, რომ განაცხადიც არ შეიტანეს და არანაირი სურვილიც არ ჰქონიათ ლიცენზიის მიღებისა. ყოველივე ამის შემდეგ ნათელია, რომ მეტალურგში ძალიან ბევრი რამ შესაცვლელია".

ვარლამ კილასონია მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი და სჯერა, რომ რუსთავში ფეხბურთი არ მოკვდება:

"უმაღლეს ლიგაში ვიქნებით თუ პირველში, მნიშვნელობა არ აქვს. გუნდს შესაბამისი მხარდაჭერა და პატრონობა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქში ფეხბურთი მოკვდება და ამის დაშვება არ შეიძლება. ადგილობრივი ხელისუფლების გვერდში დგომის შემთხვევაში შევხედავთ, როგორი ბიუჯეტი გვექნება და ამის შემდეგ დაველაპარაკებით ჩვენს ფეხბურთელებს _ ვისაც წასვლა ენდომება, გზას დავულოცავთ და მადლობას ვეტყვით, გუნდში დარჩენილ და დამატებულ ფეხბურთელებთან ერთად კი, გუნდის ისტორიაში ახალი ფურცლის წერას დავიწყებთ."  

პაატა ძნელაძე