სიახლეები

რომან ფიფია: კლუბისა და ახალი მწვრთნელის მოთხოვნები ერთნაირი იყო

გაუზიარე

დინამოს პრეზიდენტმა რომან ფიფიამ მწვრთნელი კახა გოგიჩაიშვილი და მთელი მისი სამწვრთნელო შტაბი სამსახურიდან ორშაბათს დილით დაითხოვა, იმავე საღამოს კი კლუბმა ახალი მწვრთნელის ვინაობა გამოაცხადა _ 49 წლის გია გეგუჩაძე, რომელიც ამ პოსტზე ათი წლის წინაც მუშაობდა. ახალმა მწვრთნელმა თანაშემწეებიც უმალ დაასახელა _ გურამ ასპინძელაშვილი და დავით ჯანელიძე. არც ახალ მწვრთნელზე, ძველის გათავისუფლების მიზეზებზე, მომავლის გეგმებსა თუ სხვა საინტერესო საკითხებზე კლუბის ხელმძღვანელის მხრიდან ამ დღეებში საჯაროდ არაფერი თქმულა. არადა, კითხვები დაგროვილიყო... ეს ამბავი დინამოშიც კარგად უწყოდნენ და ახალი მწვრთნელის პრეზენტაციას კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ პრესკონფერენციაც დაურთო... კითხვებზე ჯერ სწორედ დინამოს პრეზიდენტმა გვიპასუხა, შემდეგ კი სიტყვა გია გეგუჩაძეს დაუთმო.
მაშ ასე, რომან ფიფია:
_ გია გეგუჩაძეს ათი წელიწადია, დინამოში არ უმუშავია. მისი მწვრთნელად მოწვევა ადრეც მსურდა, მაგრამ რატომღაც აქამდე ეს ვერ მოხერხდა. ახლა კი დადგა დრო, როცა დინამო ამ სპეციალისტს ჩავაბარეთ. არ ვფიქრობ, რომ მისი მოწვევა დაგვიანებული ნაბიჯი იყო. მას სურდა, გუნდს ჩემპიონატისა და თასის გათამაშების შემდეგ შეერთებოდა, მაგრამ ჩემი თხოვნით საქმეს უკვე შეუდგა და ჩემპიონატის ბოლო მატჩშიც და თასის ფინალშიც დინამოს გია გეგუჩაძე უთავკაცებს. 
... გია გეგუჩაძესთან ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაცილებით დიდხანს გაგრძელდება. კლუბისა და გია გეგუჩაძის მოთხოვნები, ფაქტობრივად, ერთნაირი იყო. შესაძლოა, ერთ წელიწადში კარგი გუნდი ვერ გაკეთდეს, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში პერსპექტივა კი უნდა გამოჩნდეს. ვეცდებით, სასელექციო მუშაობაში შეცდომები არ დავუშვათ. 
... სადღეისოდ დინამოს ყველაფერი აქვს, პროგრესის გარდა.
დღეს დინამოს ყველაზე მეტად სწორედ პროგრესი და სტაბილურობა სჭირდება. დინამოში დღეს ბევრი ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელია, რომლებიც მალე ქართული ფეხბურთის სახე უნდა გახდნენ და ქომაგი გაახარონ. 
... დინამოს მწვრთნელთა უკვე ყოფილ შტაბს ადრე გარკვევით ავუხსენი, რას მოვითხოვდი, ეს მოთხოვნა კი ვერ შესრულდა. მათი დათხოვნის მიზეზი, პირველ ყოვლისა, ცხადია, გუნდის არადამაკმაყოფილებელი შედეგი იყო. თანაც, გუნდს სტაბილურობა აკლდა და არც პროგრესი ეტყობოდა. წინა ზაფხულს დინამოს მწვრთნელად კახა გოგიჩაიშვილის დანიშვნა, ვფიქრობ, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო. რატომ არ ვადროვე მას სამი წელიწადი? იმიტომ, რომ არც მე მაძლევს დინამოს ქომაგი სამ წელიწადს. ბოლო დროს მუდმივად ერთი და იგივე მესმოდა, რას აკეთებს ეს ფიფია, რას უყურებს, რას ელოდება... ვფიქრობ, მწვრთნელის შეცვლა დროული იყო. 
... დარჩებიან თუ არა დინამოში ლეგიონერები, ეს მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს. ჩემი აზრით კი, რამდენიმე ლეგიონერის კვალიფიკაცია საეჭვოა და მათი ჩამოყვანა შეცდომა იყო. 
... შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, დინამოს არავის ვალი არ აქვს. კლუბს 50 მილიონი პირადი ფული ვაჩუქე, ფირმიდან გადმორიცხული და ეს ვალი არ არის. რამდენს ვხარჯავ დინამოში, ამას არ ვასაჯაროებ და, მგონი, არც არის სალაპარაკო. როცა ზოგიერთი კლუბი მილიონსაც არ ხარჯავს, ვფიქრობ, უხერხულია იმ ფულზე ხმამაღლა ლაპარაკი, რომელსაც დინამოს სასარგებლოდ გამოვდივარ. დინამოს არანაირი 32 მილიონი ვალი არ აქვს. 
... გამორიცხული არაფერია და მათ შორის არც ის, რომ ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღო მონაწილეობა, მაგრამ, მგონი, ასე არ მოხდება. გამოუვალი მდგომარეობა თუ იქნება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. დიახ, ვწუხვარ ქართული ფეხბურთის გამო. საპრეზიდენტო არჩევნებისას კი დინამო ხმას იმ კანდიდატს მიცემს, რომლის პროგრამა და თვალთახედვა ჩვენს პროგრამასთან ყველაზე ახლოს იქნება. 

რომან ფიფიამ სათქმელი ამით დაასრულა და ტრიბუნა გუნდის ახალ მწვრთნელს გია გეგუჩაძეს დაუთმო. ჩვენც შევამჩნიეთ და მწვრთნელმა მოგვიანებით თავადვე გვითხრა, ასეთი გეგუჩაძე, ალბათ, არც თქვენ გახსოვთო... ადრინდელთან შედარებით გია გეგუჩაძე ახლა უფრო ფრთხილია.

_ თავდაპირველად მსურს, ნდობისთვის მადლობა გადავუხადო კლუბის პრეზიდენტს რომან ფიფიას და კლუბის სხვა ხელმძღვანელებს. მადლობა ქომაგებს, რომლებსაც ჩემი სჯერათ და მადლობა ჟურნალისტებს, რომლებიც ყურადღებას არ მაკლებენ. მადლობა დინამოს ყოფილ მწვრთნელებს, რომლებმაც გუნდში დინამოს დუბლებიდან და აკადემიიდან დაწინაურებული ფეხბურთელები დამახვედრეს და უკვე ვიცი, ვისთან მომიწევს მუშაობა. 
... გუნდის უფროსი არ შეიცვლება, ამ ფუნქციას ისევ გია ჯიშკარიანი შეასრულებს. ჩემი თანაშემწე გურამ ასპინძელაშვილი იქნება, მეკარეების მწვრთნელი კი დავით ჯანელიძე. არ შეიცვლებიან ექიმ-მასაჟისტები.
... გაძლიერებისკენ სწრაფვა ნებისმიერი ადამიანის ბუნებაშია. დინამოს დღევანდელი შემადგენლობის შესაძლებლობები და პოტენციალი ჯერ მხოლოდ ზედაპირულად ვიცი. მიმაჩნია, რომ გუნდი ეტაპობრივად უნდა გაძლიერდეს. არასდროს მითქვამს, ლეგიონერი არ გვჭირდებაო, მაგრამ ისიც არის, რომ ლეგიონერი ადგილობრივზე მეტ ხელფასს იღებს და გუნდში მის აყვანას მაშინ აქვს აზრი, თუ ის ქართველ ფეხბურთელზე ორი თავით მაღლა დგას.  
... მიზნებზე საუბრის საშუალებას გუნდის პროგრესი მოგვცემს. გუნდში მისვლის წინ ყოველთვის ვამბობ და გავიმეორებ _ ჩვენი მიზანი ჩემპიონობა, თასის მოპოვება და ევროთასებზე ღირსეული თამაშია. სხვანაირად თქმა არც შეიძლება, ამას ქომაგი ვერ გაიგებს. 
... არ ვიცი, წლეულს ევროსარბიელზე დინამოს შედეგი რა იქნება. ღმერთმა ქნას, გაგვიმართლოს და მაქსიმალურად შორს წავიდეთ, მაგრამ ეს უფრო სპონტანური მიღწევა იქნება, ვიდრე ჩვენი ძალის რეალური გამოძახილი. რეალობას არ მოვწყდეთ და ილუზიას ნუ შევიქმნით. დინამო თუ ევროსარბიელს პირველივე ეტაპიდან დაემშვიდობა, ეს კატასტროფა არ იქნება. თქვენ, ალბათ, ასეთი გია გეგუჩაძე არ გახსოვთ, მაგრამ რეალობაა ასეთია და სხვას ვერას ვიტყვი.
... მიმდინარე სეზონში დინამოს ჩავარდნის მიზეზების ახსნისგან თავს შევიკავებ. იმას კი ვიტყვი, რომ ჩემპიონატში დარჩენილი ერთი თამაშისა და თასის ფინალის შემდეგ გაძლიერებაზეც დავიწყებთ ფიქრს.    
... ჩემი შრომა კლუბმა უნდა შეაფასოს. ერთი ვიცი, რომ დინამოსთვის არაფერს დავიშურებ და ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას ამ გუნდს ბოლომდე მოვახმარ, დანარჩენი კი ხელმძღვანელების შესაფასებელი იქნება. თუ მათ დააკმაყოფილებთ ჩემი მუშაობა, არა მგონია, სხვა მიზეზით ჩემს სამსახურზე უარი თქვან, თუმცა, რა თქმა უნდა, ისეც შეიძლება მოხდეს, რომ კლუბში გუნდის პროგრესი ვერ დაინახონ...     

შეგახსენებთ, გია გეგუჩაძე დინამოში 2004-2005 წლებში მუშაობდა. 1 მაისიდან 12 მარტამდე მისი ხელმძღვანელობით თბილისელებმა 41 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც 24 შეხვედრა მოიგეს, 14 წააგეს და 3 ფრედ ითამაშეს. დინამოში გეგუჩაძის საქმიანობის ახალი ეტაპი კი 22 მაისს, ჩიხურასთან მატჩით დაიწყება.

კობა ინასარიძე