სიახლეები

ბევრი გაკეთდა, პროექტი გრძელდება

გაუზიარე

რამდენიმე დღეა, „მიხეილ მესხის“ სტადიონის ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოები 24-საათიანი რეჟიმით მიმდინარეობს. თბილისის მერია ასფალტის საფარის დაგებას შეუდგა, ფეხბურთის ფედერაცია კი ქართული ფეხბურთის ვარსკვლავების ხეივანს აწყობს. 
უკვე წლებია, „მიხეილ მესხი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაქვემდებარებაში გადავიდა და ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა. სანამ ახლო წარსულში ჩატარებულ სამუშაოებს გავიხსენებთ, ამჟამინდელ პროცესს შევეხოთ.

ოლიმპიური ფესტივალი და კიდევ სამი მოვლენა
„მიხეილ მესხმა“ თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნისა და დახურვის ცერემონიალს უნდა უმასპინძლოს. შესაბამისად, სტადიონის შიდა გზების მოასფალტება ქალაქის მერიამ ითავა. ჩვენი ინფორმაციით, პროექტის ბიუჯეტი მილიონ ლარს აჭარბებს. ცხადია, დაგებული გზები მხოლოდ ოლიმპიურ ფესტივალს არ წაადგება და უახლოესი წლების განმავლობაში ეს საკითხი პრობლემური აღარ იქნება.
თბილისის ოლიმპიური ფესტივალის პროგრამაში ფეხბურთი არ შედის და, შესაბამისად, „მიხეილ მესხზე“ მხოლოდ გახსნასა და დახურვას ვნახავთ. სამაგიეროდ, უახლოეს დღეებში ახლადდაგებული გზები სამი მნიშვნელოვანი ღონისძიების ღირსეულად ჩატარებას შეუწყობს ხელს - 26 მაისს საქართველოს თასის ფინალური მატჩია, რასაც ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდი, შემდეგ კი პორტუგალიის ნაკრების სტუმრობა მოსდევს.
პორტუგალიელები თბილისში ოთხ დღეს დაჰყოფენ და ვარჯიშებს „მიხეილ მესხის“ მთავარ და მეორე მოედანზე ჩაატარებენ. ჩვენთან კრიშტიანუ რონალდუ და კომპანია სომხეთში გასამართი მნიშვნელოვანი შესარჩევი მატჩისთვის მოემზადებიან. პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები თბილისს მარტში ეწვივნენ და რაკი აქაური საფეხბურთო ინფრასტრუქტურა დადებითად შეაფასეს, ეს გადაწყვეტილებაც მიიღეს.

ვარსკვლავების ხეივანი
ეს პროექტი სფფ-ის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას იდეაა. მისი განხორციელება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და ქართველ გულშემატკივრებს შედეგის ნახვა უახლოეს დღეებშივე შეეძლებათ. გვერწმუნეთ, ნანახით მოიხიბლებით.
საბოლოო შედეგს სიურპრიზად დავტოვებთ და და პროექტის დეტალებს არ აღვწერთ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ხეივანი „მიხეილ მესხის“ მთავარი შესასვლელისა და ფედერაციის შენობის დამაკავშირებელ გზაზე მოეწყობა და იქ შესვლა ყველა მსურველისთვის თავისუფალი იქნება. პროექტის მთავარი მიზანი ის არის, რომ ახალმა თაობამ მეტი გაიგოს ქართული ფეხბურთის ვარსკვლავებისა და ღირსშესანიშნავი მოვლენების შესახებ.

მთავარი სამიზნე – ევრო 2017
„მიხეილ მესხზე“ წინა წლებში ჩატარებული სამუშაოების გახსენება და სამომავლო გეგმებზე საუბარი სტადიონის ტექნიკურ დირექტორს თენგიზ ხუბულავას ვთხოვეთ. წლებია, იგი ამ თანამდებობაზეა და თანამშრომლებთან ერთად დაუღალავად მუშაობს სტადიონის სრულყოფისთვის.
„ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით ბოლო წლებში მართლაც ბევრი რამ გაკეთდა. უკვე საკმაო ხანია, რაც სტადიონზე შეიცვალა ინდივიდუალური სკამები. ამჟამად დასავლეთ ტრიბუნის კეთილმოწყობაზე ვართ ორიენტირებული. ტრიბუნის ქვეშ მოეწყო 650 კვადრატულმეტრიანი ფანზონა თავისი სპორტკაფეთი და ეკრანებით. განახლებული ვიპ-ზონა 236 ადგილით, სამთავრობო ლოჟა კი – 86-ით. ახლო მომავალში მოეწყობა განახლებული პრესლოჟა და ჟურნალისტებს უკეთეს პირობებში მუშაობის საშუალება ექნებათ.
თასის ფინალზე კი მაყურებელი პირველად იხილავს ახალ საცერემონიო არეს, რომელიც დასავლეთ ტრიბუნაზე განთავსდა. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე ფეხბურთელები იქ ახალდამონტაჟებული კიბით ავლენ.
აღმოსავლეთ ტრიბუნაზე ფედერაციის მეორე ოფისი მოეწყო და აქ რამდენიმე განყოფილება მუშაობს (იქვეა გაზეთ „ჩვენი თამაშის“ რედაქცია, ავტ.). არც ეს არის ჩვენი ჩანაფიქრის საბოლოო სახე – აღმოსავლეთ ტრიბუნა კიდევ იძლევა ახალი პროექტების განხორციელების საშუალებას და იქ ტრენაჟორების დარბაზისა და აუზის მოწყობას ვგეგმავთ.
გამოვცვალეთ პროჟექტორები. ცნობისთვის, მოედანი 200-მდე პროჟექტორით ნათდება, თითოეულის ღირებულება კი 480 ლარია.
დღეისთვის „მიხეილ მესხის“ მთავარი არენა 25 ათას მაყურებელს იტევს, სათადარიგო კი – 2000-ს. მეორე მოედანი ზვიად სიჭინავას პრეზიდენტობის პერიოდში, რომ იტყვიან, ნულიდან აშენდა და საქართველოს ჩემპიონატის მატჩების გარდა, 17 და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატების შესარჩევი ტურნირების მასპინძლობის გამოცდილება აქვს. დაგეგმილია მეორე ტრიბუნის აგებაც.
უფრო შორეულ პერსპექტივაში სტადიონის ტერიტორიაზე სასტუმროს აგება გვსურს, რომლითაც საქართველოს ნაკრებებიც ისარგებლებენ და სტუმარი გუნდებიც.
ამჟამად ჩვენი მთავარი სამიზნე 2017 წლის ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატია. ვეცდებით, უეფას ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ და ამ მასშტაბურ ტურნირს სამაგალითოდ ვუმასპინძლოთ.
ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი სტადიონზე დასაქმებულ თითოეულ ადამიანს. მათი მუხლჩაუხრელი მუშაობის გარეშე ამდენს ვერ შევძლებდით. ასევე დიდი მადლობა სტადიონის დირექტორს, ბატონ გივი ჭანტურიძეს, რომელიც ამ თანამდებობაზე ათწლეულებია, მუშაობს და მისი დიდი დამსახურებაა, სტადიონმა დღევანდელ დღემდე რომ მოაღწია“.

ლევან ჯანეზაშვილი