სიახლეები

გოგია ბრენტფორდში საქართველოსთვის ითამაშებს

გაუზიარე

გერმანიის მოქალაქე აკაკი გოგიამ ინგლისის ჩემპიონშიფის ბრენტფორდთან გუშინ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. როგორც ინგლისური პრესა იუწყება, კონტრაქტის ხელმოწერისთანავე გოგიამ თითქმის ნახევარი მილიონი ევრო მიიღო, ხელფასად კი 30 ათასს მიიღებს, რაც მისი ყოფილი კლუბის, მესამე ბუნდესლიგის ჰალეშერის ჯამაგირზე ორჯერ მეტია.

გოგიამ დასავლეთ ლონდონში უკვე ბინაც შეარჩია. თქვეს ისიც, რომ ფეხბურთელი `უემბლის~ მახლობლად იცხოვრებს. 

წლეულს ბრენტფორდი პრემიერლიგაში გადასასვლელად იბრძოდა, მაგრამ პლეი ოფში მიდლსბროსთან დამარცხდა და უძლიერესებში გადასვლა ერთი სეზონით გადაივადა. ბრენტფორდის მესვეურთა განცხადებით, მათ გოგია ალექს პრიტჩარდის შემცვლელად სჭირდებათ, თავად პრიტჩარდი კი კარიერის გაგრძელებას ტოტენჰმში აპირებს. 

აი, რას წერენ ბრიტანელი ჟურნალისტები გოგიას ბრენტფორდში გადასვლასთან დაკავშირებით: `აკაკი გოგიას საქართველოს ნაკრებში სურს თამაში და საამისოდ ბრენტფორდში სტაბილურად გამოსვლას ეცდება~.
შეგახსენებთ, აკაკი გოგია საქართველოში, კერძოდ, რუსთავშია დაბადებული, შემდეგ კი ოჯახმა 11 წლისა გერმანიაში წაიყვანა საცხოვრებლად. თამაში ვოლფსბურგის აკადემიაში დაიწყო და თანატოლებთან ერთად 19-წლამდელთა ბუნდესლიგის ჩემპიონი გახდა. ვოლფსბურგიდან ის ბუნდესლიგის აუგსბურგში გადავიდა, იქიდან სანქტ-პაულიში წავიდა, შემდეგ კი ჰალეშერს მიაშურა, საიდანაც თავი ინგლისში ამოჰყო... გოგიას უთამაშია გერმანიის 18 და 19-წლამდელთა ნაკრებებში, მალე კი, შესაძლოა, საქართველოს ეროვნული გუნდის მაისურაც მოირგოს. ყოველ შემთხვევაში, ამ ფეხბურთელისთვის ქართული პასპორტის მიცემაზე საუბარი აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ბოლო სიტყვა, ცხადია, ნაკრების თავკაცმა კახა ცხადაძემ უნდა თქვას... 

კობა ინასარიძე