სიახლეები

ირაკლი მაისურაძე: კვიპროსზე ისეთები ვისწავლე, რაც მანამდე არ ვიცოდი

გაუზიარე

ირაკლი მაისურაძე კვიპროსული ანორთოსისის ერთ-ერთი სტაბილური ფეხბურთელია, გუნდის შეუცვლელი საყრდენი ნახევარმცველია და კარგი პრესაც აქვს. მაისურაძე საქართველოს ჩემპიონატშიც კარგად თამაშობდა: გვახსოვს, ბელარუსის ვიტებსკიდან რუსთავის მეტალურგში რომ გადავიდა, მის შესახებ ძალიან ცოტამ თუ იცოდა, მაგრამ პირველივე მატჩებში კარგად წარმოაჩინა თავი. მერე ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს, სამჯერ ათამაშეს.

26 წლის მაისურაძემ რამდენიმე დღის წინ ანორთოსისთან კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა. მას კვიპროსზე დავუკავშირდით:

კვიპროსზე ერთი ტურიღა დარჩა. როგორ შეაფასებ სეზონს პირადად შენთვის?

სამწუხაროდ, ევროპის ლიგის საგზური ვერ მოვიპოვეთ. ცოტა დაგვაკლდა. წინა ტურში აპოლონს 3;1 მოვუგეთ, მაგრამ სხვა გუნდის მატჩის შედეგზე ვიყავით დამოკიდებულნი. ისე არ მოხდა, როგორც ჩვენ გვინდოდა, და მეხუთე ადგილზე დავრჩით. პირადად ჩემთვის როგორ შევაფასებდი? ჩემი აზრით, აქ უკეთ ვთამაშობ. ჩემპიონატის დონეც მაღალია და უკეთ ვაფასებ ჩემს შესაძლებლობებს. ახლა ვხვდები, რომ კვიპროსზე ბევრი რამ ვისწავლე, რაც არ ვიცოდი.

მაგალითად? 

ტაქტიკური და პოზიციური თამაშის თვალსაზრისით. კვიპროსზე არის საშუალება იმისა, რომ თამაში ბოლომდე გააანალიზონ და შეცდომებზე დეტალურად მიგითითონ. ვაისკაუტ-ის პროგრამას ვგულისხმობ, რომელიც, საქართველოში სადაც მითამაშია, არცერთ კლუბს არ ჰქონია. გვაყურებინებენ, ვინ რამდენი პასი გააკეთა, ვინ რამდენჯერ დაკარგა, ორთაბრძოლა ვინ რამდენჯერ მოიგო და ასე შემდეგ. ყველაფერს იგებ, თუ რა უნდა გაგეკეთებინა უკეთესად და მომდევნო მატჩში უკვე აღარ უშვებ იგივე შეცდომას. საქართველოში ეს პროგრამა ყველგან ვერც იმუშავებს, რადგან სტადიონებზე არაა იმის შესაძლებლობა, რომ ბევრი კამერა დააყენო. ესეც არ იყოს, ქართული კლუბები 10 000 დოლარს ამ პროგრამაში არ გადაიხდიან. ალბათ, არც უნდათ

ვიდეომიმოხილვებიდან ჩანს, რომ კვიპროსზე გულშემატკივარი მრავლად დადის სტადიონზე და საფეხბურთო გარემოს ქმნის...

სიგიჟემდე უყვართ ფეხბურთი. ზოგჯერ მიფიქრია, ასეთი სიყვარული ზედმეტიცაა-მეთქი. თან, პატარა სტადიონებია და გარემოს ესეც ქმნის: 50000-იან სტადიონზე 3000 კაცი რომ მივა, არ ჩანს, ხოლო 5000-იანზე 3000 რომ ზის, უკვე სხვაა. მყუდრო სიტუაციაა. თან, ყველა კლუბს აქვს ფან-შოპი და გულშემატკივარი შავი მაისურით კი არ მივა სტადიონზე, არამედ საკლუბოთი.

ანორთოსისი ახალგაზრდული გუნდია და ამიტომაც გაგიჭირდათ ზედა ექვსეულში?

ახალგაზრდული გუნდიცაა და ახალი შექმნილიც. შარშან ზაფხულში 8 ფეხბურთელი მიგვიყვანეს და რვავე - სასტარტო შემადგენლობისთვის. ამიტომაც იყო შეუთამაშებლობის მომენტები. იმედია, ამ შემადგენლობას შეინარჩუნებენ, თორემ ყოველ წელიწადში რომ ცვლიან, ეს არ ვარგა.

მუდმივად საყრდენ ნახევარმცველად თამაშობ? შეტევებში ხშირად ვერ ერთვები?

მწვრთნელს თავისი ხედვა აქვს: ფაქტობრივად, მეხუთე მცველად ვთამაშობ. ისე არაა, რომ სადაც მინდა გავიქცე და გამოვიქცე. მაგრამ დისკომფორტს ვგრძნობ-მეთქი, ვერ ვიტყვი.

როგორც ვიცით, ოთარ კაკაბაძის გადაყვანა სურდა ანორთოსისს. შენ რა იცი ამის შესახებ?

ანორთოსისის სპორტულ დირექტორ ტედ ვან ლიუვენს ძალიან მოსწონს ქართველები. ის ხომ ვიტესში მუშაობდა და იქიდან კარგი შთაბეჭდილებები გამოჰყვა გურამ კაშიაზე, ვაკო ყაზაიშვილზე, გიორგი ჭანტურიაზე. აქაც სულ გვაქებს. კაკაბაძე და პაპუნაშვილი სურდა, მე და გიორგი აბურჯანიას გვკითხვა აზრი. რა თქმა უნდა, კარგად დავუხასიათეთ. თუმცა, როგორც გავიგე, პაპუნაშვილში თბილისის დინამომ დიდი თანხა მოითხოვა, ხოლო კაკაბაძის ვარიანტი დღეს გავიგე, რომ ჩაიშალა. მიზეზი არ ვიცი. ტედ ვან ლიუვენი გასულ სეზონში მალტის ვალეტაში იყო სპორტულ დირექტორად, სადაც მე და ნუკრი რევიშვილი ვთამაშობდით. როდესაც ვან ლიუვენი ანორთოსისში მივიდა, მეც წამომიყვანა. როგორც ვიცი, ამ ტრანსფერში სხვა არავინ ჩარეულა.

აბურჯანიაც, შენს მსგავსად, რეგულარულად თამაშობს. მასზე რას იტყვი, როგორ დაახასიათებ? კვიპროსზე ბევრნი არიან ასეთი ახალგაზრდები, რომლებიც მუდმივად ძირითადში თამაშობენ?

ბევრნი არ არიან და აბურჯანია მათ შორის გამორჩეულია. ვან ლიუვენი აბურჯანიას ჯერ კიდევ 5 წლის წინ იცნობდა. გიორგი მაშინ ვიტესში ჩაიყვანეს და იქიდან დაამახსოვრდა სპორტულ დირექტორს. როდესაც ანორთოსისში გადმოვედი, ვან ლიუვენმა მითხრა, აბურჯანიას მოყვანაც მსურსო და რა თქმა უნდა, მეც ძალიან გამიხარდა. ანორთოსისის მწვრთნელი თავიდან, მოსამზადებელი ეტაპისას გიორგის ძირითადის ფეხბურთელად თითქოს არ განიხილავდა: ჯერ პატარაა, 19 წლისაა და მოდი, ნელ-ნელა შევაჩვევთ თამაშსო. თუმცა, მოსამზადებელზე, ამხანაგურ მატჩებში აბუირჯანიამ ისე გამოიჩინა თავი, რომ ძირითადში ადგილი მოიპოვა და მას შემდეგ სულ თამაშობს. ძალიან მოსწონთ.

კვიპროსის ჩემპიონატში საუკეთესო ფეხბურთელად ვის მიიჩნევ?

არაერთია, რომლის გამორჩევაც შეიძლება. ომონიას ჰყავს პორტუგალიელი 10 ნომერი ნუნუ ასიში. აპოლონში ფრანგი კამელ მერიემი თამაშობს, რომელიც ერთ დროს მონაკოს ერთ-ერთი ლიდერი იყო და საფრანგეთის ნაკრებშიც უთამაშია. რა თქმა უნდა, ნორვეგიელი იონ-არნე რიისეც, რომელიც აპოელ-შია. კვიპროსზე გაცილებით დიდ როლს ლეგიონერები ასრულებენ. ვერ ვიტყვი, რომ სუპერკლასის ლეგიონერები, მაგრამ გამოცდილი, კარგი ფეხბურთელები არიან.

თემურ ქეცბაია ხშირად ესწრება ანორთოსისის თამაშებს?

დიახ, თითქმის სისტემატურად. ვხვდებით ერთმანეთს, ვსაუბრობთ. ჩვენს გარდა, იმ კვიპროსული გუნდის თამაშებზეც დადის, სადაც ქართველები თამაშობენ.

პერიოდულად იწერება ხოლმე, რომ ანორთოსისში ქეცბაიას დაბრუნებას აპირებენ. სიმართლეა?

ყოფილა ამაზე საუბარი. ამ დღეებშიც ითქვა, მაგრამ კონკრეტული არაფერი ვიცი. საერთოდ, აქ იმდენად ხშირად საუბრობენ ფეხბურთზე, რომ ჭორია თუ მართალი, არ გაირჩევა. ხშირად წერენ ისეთ ინფორმაციას, რაც სიმართლეს არ შეეფერება.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი კახა ცხადაძე ყოფილა თქვენს თამაშზე?

მაისის დასაწყისში იყო, ომონია-ანორთოსისის მატჩზე. ისე მოხდა, რომ მე ტრავმა მქონდა, ლობჟანიძე დისკვალიფიცირებული იყო და მარტო აბურჯანიამ ითამაშა. ცხადაძე შემხვდა და ვისაუბრეთ, თუმცა უფრო ტრავმის თემაზე. მუხლი მაწუხებს და ოპერაცია დამჭირდება. იმ დროსაც მაგრად მაწუხებდა.

აბა, როგორ ითამაშე გასულ ტურში აპოლონთან?

გამორიცხული მეგონა. მწვრთნელმა მკითხა, განაცხადში შეგიყვანოო? ვუთხარი, აჯობებს-მეთქი, რადგან ტრიბუნაზე ჯდომას, მერჩივნა, სათადარიგო მაინც ვყოფილიყავი. თამაშის დღეს კი მწვრთნელმა მითხრა, ეგებ ითამაშოო. მკითხა, შემეძლო თუ არა. ვუთხარი, რომ ფიზიკურად 80 პროცენტით ვიყავი მზად, ხოლო ფსიქოლოგიურად - 100 პროცენტით. გავედი და ვითამაშე. მოვიგეთ, მაგრამ რისკმა არ გაამართლა: პარალელურად მიმდინარე მატჩში კონკურენტმაც მოიგო და ევროპის ლიგის მიღმა დავრჩით.

ოპერაციას როდის იკეთებ?

ჯერ ზუსტად არ ვიცი. თემურ ქეცბაიამ მირჩია კარგი ექიმი ათენში. ნიკა გელაშვილსაც მან გაუკეთა ოპერაცია. გელაშვილისა ძალიან რთული იყო, ჩემი კი უმნიშვნელოა, სულ ნახევარი საათის საქმე იქნება. ახლა ვიზას ველოდები და წავალთ ათენში.

ანუ, ცხადაძეს და შენ სანაკრებო თემაზე არ გისაუბრიათ?

არა, მხოლოდ ტრავმაზე. თან, ერთმანეთი გავიცანით.

ილია ნანობაშვილი