სიახლეები

ცინცაძე ჯერ მხოლოდ დინამოზე ფიქრობს, თბილისში კი ბებერ ქალბატონს ეპატიჟება

გაუზიარე
მათე ცინცაძე ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და ამის მიუხედავად, უკვე შეგვიძლია თბილისის დინამოს ერთ-ერთ ლიდერად მივიჩნიოთ. მათეს გუშინ დავუკავშირდით ინტერვიუსთვის.

დინამოს მთავარი მწვრთნელი შეეცვალა _ გუნდი გია გეგუჩაძემ ჩაიბარა. რამდენად მოულოდნელი იყო შენთვის ეს ცვლილება?

მოულოდნელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ სეზონი მალე სრულდებოდა. ვფიქრობდით, რომ თასის ფინალამდე არანაირი ცვლილება არ იქნებოდა, მაგრამ  კლუბის ხელმძღვანელობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

თასის ფინალამდე ცვლილებას არ ველოდითო, თქვი, როგორც ჩანს, სეზონის შემდეგ ამას არ გამორიცხავდით.

მწვრთნელის შესაძლო ცვლილებაზე ბოლოხანს ბევრს ლაპარაკობდნენ და ბევრსაც წერდნენ, ამიტომ მოსალოდნელი იყო, რომ დინამოს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლებოდა.

გია გეგუჩაძესთან თუ გიმუშავია?

არა, მაგრამ ვიცი, რომ თანამედროვე, საქმის კარგად მცოდნე პროფესიონალია და წარმატებებს ვუსურვებ.

დინამოსგან საქართველოში ყოველთვის ჩემპიონობას ელიან და ის სეზონი, რომელშიც გუნდი ოქროს მედლების გარეშე რჩება, წარმატებული ვერაფრით იქნება.

ეს ყველას კარგათ გვესმის, უბრალოდ, ჩემპიონატის სტარტზე აქცენტი ახალი, ახალგაზრდული გუნდის შენებაზე გაკეთდა, ამას კი, ბუნებრივია, დრო სჭირდება. პირველი წრის შემდეგ ლიდერები ვიყავით, მაგრამ ახალგაზრდული გუნდისთვის დამახასიათებელმა არასტაბილურობამ იჩინა თავი და პირველი ადგილი ვერ შევინარჩუნეთ. ახლა ყველანი თასის ფინალზე ვართ გადართულები, სამტრედიას აუცილებლად უნდა მოვუგოთ.

თავის მხრივ, არც სამტრედია დათმობს რამეს იოლად, მით უმეტეს, დინამოსგან განსხვავებით, თუ სამტრედიამ ფინალში წააგო, ევროტურნირების მიღმა რჩება.

სამტრედია კარგი გუნდია, იქ არაერთი გამოცდილი ფეხბურთელი თამაშობს. ვფიქრობ, ორივე გუნდი აქცენტს შეტევაზე გააკეთებს და ის მოიგებს, რომელიც უფრო მეტი საგოლე მომენტის შექმნას მოახერხებს. მართალია, სამტრედიასგან განსხვავებით ევროტურნირზე თამაში ჩვენ უკვე გარანტირებული გვაქვს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, თასის მოგების გარდა, არაფერზე ვფიქრობთ.

ზურაბ ხიზანიშვილმა ახალი თაობის ფეხბურთელთაგან განსაკუთრებულად გამოგარჩია და თქვა, ცინცაძე ისე თავდაჯერებული გადის მოედანზე, თითქოს ოცი წლის კი არა, გამოცდილი ფეხბურთელი იყოსო.

დიდი მადლობა ხიზანიშვილს კეთილი სიტყვებისთვის და აქვე იმასაც ვიტყვი, რომ, როდესაც ზურა დინამოში იყო, მისგან ძალიან ბევრს ვსწავლობდით. ისევე, როგორც ჩისკოსგან, ოთარ მარცვალაძისგან და ირაკლი ძარიასგან. ზურამ სწორად შენიშნა ის, რაც მახასიათებს _ მოედანზე მართლაც თავდაჯერებული გავდივარ, მნიშვნელობა არ აქვს, ვის ვეთამაშებით, მატჩის წინ არასოდესს ვნერვიულობ.

ეს მართლაც კარგი თვისებაა, მაგრამ, მოდი, ისიც გვითხარი, შენი აზრით, ყველაზე მეტად რომელი სათამაშო კომპონენტი გაქვს გასაუმჯობესებელი. 

რა თქმა უნდა, სისწრაფე მოქმედებაში და სისწრაფე მოედანზე გადაწყვეტილების მიღებაში.

ჩვენს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო ხარ ჯარიმების შესრულებაში და არაერთი ეფექტური გოლიც გაგიტანია. ჯარიმის დარტყმაზე, ალბათ, საგანგებოდ ვარჯიშობ.

ვარჯიშის შემდეგ ბიჭები ხშირად ვრჩებით და საჯარიმო დარტყმებზე დამატებით ვვარჯიშობთ. აბა, ისე არაფერი მოდის, ყველაფერს ვარჯიში და შრომა სჭირდება.

მართალია, დინამოში ახალი გუნდის შენებაა დაწყებული, თანაც, რამდენიმე დღეა, ახალი მთავარი მწვრთნელი დაინიშნა, მაგრამ ფაქტია _ დინამოს გულშემატკივარი ევროტურნირსაც იმედით ელის.

ეს ბუნებრივია, მაგრამ ევროტურნირზე წარმატება ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. ძალიან მნიშვნელოვანია კენჭისყრის შედეგები. როგორც ვიცი, პირველ ეტაპზე განთესილები ვიქნებით და, სავარაუდოდ, შედარებით სუსტი მეტოქე შეგვხვდება, ამის შემდეგ კი ვნახოთ, რა იქნება.

დინამოსთან კონტრაქტი როდემდე გაკავშირებს და სხვა გუნდებისგან თუ გაქვს შემოთავაზებები?

არის რამდენიმე კლუბის ინტერესი, მაგრამ ახლა ჩემი მიზანი დინამოსთან ერთად წარმატების მიღწევაა როგორც საქართველოს ჩემპიონატში, ასევე ევროტურნირებზე, კლუბთან კი კიდევ ერთი საკონტრაქტო წელი მაკავშირებს.

ახლა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებზე ვთქვათ, რომლის წევრიც ხარ. გულშემატკივარს თქვენი ეიმედება.

მართლაც კარგი გუნდია. ამ შემადგენლობით ჯერ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ვითამაშეთ, 19-წლამდელებში კი ცოტა დაგვაკლდა, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოგვეპოვებინა. ნაკრების ძირითადი ბირთვი კარგა ხანია, ერთად მოვდივართ და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია.

შესარჩევ ეტაპზე საკმაოდ ძლიერი მეტოქეები გყავთ.

ურთულესი ჯგუფია, მაგრამ ბრძოლა შეიძლება. პირველ მატჩს სან მარინოში ვთამაშობთ და ამ შეხვედრაში ქულების დაკარგვის უფლება არანაირად არ გვაქვს. 

შენი საფეხბურთო სიმპათიები, როგორი ფეხბურთი მოგწონს და ვის ქომაგობ?  

ბავშვობიდან იტალიას ვგულშემატკივრობ, გუნდებიდან კი იუვენტუსს გამოვარჩევ და ჩემპიონთა ლიგის ფინალში რომ გავიდა, ძალიან გამიხარდა. მართალია, მეტოქედ ბარსელონა ჰყავთ, რომელიც ახლა ბრწყინვალე ფორმაშია, მაგრამ იმედია, რეალის შემდეგ ბარსასაც მოუგებენ. 

ანუ 11 აგვისტოს სუპერთასის მატჩში იუვენტუსს ელოდები?

ასე თუ მოხდა, ძალიან გამიხარდება, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში სუპერთასის მატჩის თბილისში ჩატარება ქართველი გულშემატკივრისთვის დიდი საჩუქარი და დიდი ზეიმია.

შენი ამპლუის ფეხბურთელებიდან ვის გამოარჩევ?

რა თქმა უნდა, ანდრეა პირლოს. ძალიან დახვეწილი თამაშის მანერა აქვს, იტალიის ნაკრებიც და იუვენტუსიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მის თამაშზე.

პაატა ძნელაძე