სიახლეები

ტრიბუნალმა ლოკომოტივი და ჩხერიმელა პირველ ეტაპზე დააბრუნა

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის 11 მაისის გადაწყვეტილება, რომელიც პირველლიგელი ხარაგაულის ჩხერიმელასა და თბილისის სტუ-ნორჩი დინამოსთვის ჩემპიონატის დარჩენილ მატჩებში ანგარიშით 0:3 ტექნიკურ წაგებასა და მათი მეტოქეებისთვის ასევე ტექნიკურ 3:0 მოგებას ითვალისწინებს, თბილისის ლოკომოტივმა და ჩხერიმელამ საფეხბურთო დავების განმხილველ ტრიბუნალში რამდენიმე დღის წინ გაასაჩივრეს.

ტრიბუნალის სხდომა მიხეილ მესხის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში გუშინ გაიმართა და მოსარჩელე მხარეების მოთხოვნაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. როგორც ტრიბუნალის თავმჯდომარემ ზურაბ ბიწაძემ გვითხრა, ჩხერიმელა აღმასკომის გადაწყვეტილების მთლიანად, ხოლო ლოკომოტივი გადაწყვეტილების 1.3 პუნქტის გაბათილებას ითხოვდა. 1.3 პუნქტი კი იმ სანქციას გულისხმობს, რომელზეც უკვე ვთქვით...

ზურაბ ბიწაძის თქმით, ტრიბინალის გადაწყვეტილება ასეთია:

1. ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი უფლებამოსილია იმსჯელოს ქართულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებზე.
2. სანქციების დაკისრების უფლება აქვს მხოლოდ ფედერაციის სადისციპლინო და იურიდიულ ორგანოებს.
3. გამომდინარე იქიდან, რომ ჩხერიმელასა და ლოკომოტივის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დავა სანქციების განსაზღვრის მიზნით არსებითი განხილვის დასრულების გარეშე გადაეცა ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტს.
4. სადისციპლინო კომიტეტი ვალდებულია, სანქციებზე მსჯელობისას გაითვალისწინოს სპორტული სამართლიანობის პრინციპები.
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

ბიწაძის თქმით, ლოკომოტივმა და ჩხერიმელამ საჩივრის შეტანის წესი დაარღვიეს და აღმასკომის გადაწყვეტილების გასაუქმებლად პირდაპირ ტრიბუნალს მიმართეს. არადა, გასაჩივრება ორ ეტაპად უნდა მოხდეს _ ჯერ არის სადისციპლინო კომიტეტი, ხოლო შემდეგ - ტრიბუნალი.

მოკლედ, ტრიბუნალმა ლოკომოტივი და ჩხერიმელა სადისციპლინო კომიტეტში გააბრუნა. იქ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გუნდები ან ისევ ტრიბუნალს მიმართავენ, ანაც დავას დაივიწყებენ.
სადისციპლინოს შეკრებამდე აღმასკომის 11 მაისის გადაწყვეტილება ძალაში რჩება. ლოკომოტივი კი ხვალ პირველი ლიგიდან უმაღლესში გადასასვლელ პლეი ოფში ბორჯომს დაუპირისპირდება. მათ შორის გამარჯვებული, შეგახსენებთ, უმაღლესი ლიგის საგზურს ვიტ ჯორჯიასთან ან რუსთავის მეტალურგთან გაითამაშებს.

ლუკა თალაკვაძე