სიახლეები

გასარკვევი დღესაც ბევრია: ვერცხლი, ბრინჯაო და უიღბლოები

გაუზიარე

გორის დილა, 13 მაისიდან მოყოლებული, საქართველოს ჩემპიონია, თუმცა, საბედნიეროდ, უმაღლეს ლიგას ინტრიგა ბოლო ტურის წინაც შემორჩა. ჯერ არც საპრიზო სამეული დაკომპლექტებულა და არც ის ვიცით, ვინ დატოვებს უმაღლეს ლიგას ზესტაფონთან ერთად და ვინ ითამაშებს პლეი ოფში პირველი ლიგის მესამე გუნდთან.
შევეცდებით, ბევრი ახსნით არ გადაგღალოთ, მაგრამ მეორე და მესამე საპრიზო ადგილების განაწილების წესსა და გუნდების პერსპექტივას განმარტება მაინც სჭირდება.
ყველაფერი მარტივად იქნება, თუ ბათუმის დინამო აჭარულ დერბის მოიგებს. ამ შემთხვევაში ზღვისპირული კლუბი ასი პროცენტით მოიპოვებს ვერცხლის მედლებს, რადგან დინამო თბილისთან ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი აქვს, ჩვენთან კი ქულათა თანაბრობისას გადამწყვეტი სწორედ ეს მაჩვენებელია.
ვთქვათ, დინამო თბილისმა ბათუმელებს გადაუსწრო, ცხინვალმა კი ჩემპიონატი აჭარელთა იდენტური ქულებით დაასრულა – ერთმანეთთან ჩატარებულ მატჩებში მაჩვენებელი თანაბარია, ამის შემდგომი კრიტერიუმი, ბურთების შეფარდება კი სადღეისოდ ბათუმელებს უკეთესი აქვთ, თუმცა არავინ იცის, რა იქნება 30 ტურის შემდეგ. ასე რომ, აჭარულ დერბიში წაფორხილება ბათუმის დინამოს შეიძლება ძვირად დაუჯდეს.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, დინამო თბილისმა და ცხინვალმა რომ დააგროვონ თანაბარი ქულები? ზემოთ დინამო აღმოჩნდება, რადგან ცხინვალს ურთიერთშეხვედრებში სჯობნის.
არის იმის თეორიული შანსი, რომ დინამო თბილისი საპრიზო სამეულის მიღმა რომ დარჩეს. საამისოდ ორმა დინამომ და ცხინვალმა ჩემპიონატი თანაბარი ქულებით უნდა დაასრულონ. ეს კი, როგორც ცხრილიდან ხედავთ, დინამოთა მარცხისა და ცხინვალის გამარჯვების შემთხვევაში მოხდება. 
დაგვეთანხმებით, ამის შანსი მეტისმეტად მცირეა, მაგრამ მაინც ვთქვათ – დაითვლება ამ სამი გუნდის ურთიერთშეხვედრებში მოპოვებული ქულები, რის შედეგადაც მეორე ადგილზე ბათუმის დინამო აღმოჩნდება, მესამეზე _ ცხინვალი, მეოთხეზე კი – დინამო თბილისი.
არანაკლებ საინტერესო ვითარებაა ცხრილის ქვედა ნაწილში. იმის მიუხედავად, რომ უსახსრობის გამო მეორე წრე პირწმინდად ჩააგდო, უმაღლეს ლიგაში დარჩენის, უფრო ზუსტად კი, პლეი ოფში თამაშის შანსი მაინც შერჩა რუსთავის მეტალურგს. საამისოდ ქვემოქართლელებს ტორპედოსთან ფრეც ეყოფათ, ოღონდ ეს მაშინ მოხდება, თუ ვიტ ჯორჯია გორში წააგებს. თანაბარი ქულების შემთხვევაში მეტალურგი ვეტერინარებს ურთიერთშეხვედრებით აჯობებს.
ერთი სიტყვით, ვიტ ჯორჯიას გორში გამარჯვებისთვის ბრძოლა მართებს. დილას კი უმოტივაციოს ვერაფრით ვუწოდებთ – დღეს გორში ზეიმი იქნება, დილა საკუთარი ქომაგის წინაშე გაჩემპიონების შემდეგ პირველად ითამაშებს და, ცხადია, ამ ზეიმს გამარჯვება კიდევ უფრო გაალამაზებს.
სიონი უძლიერესთა შორის თითქმის დარჩენილია. ბოლნისელები მიზანს გურიასთან ფრეს შემთხვევაშიც მიაღწევენ – ეს შედეგიც მხოლოდ იმ პირობით დასჭირდებათ, ვიტ ჯორჯიამ გორში თუ მოიგო. 
აქვე გეტყვით, რომ დილა-ვიტ ჯორჯიას მატჩს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირი ტელეეთერით იხილავთ, აჭარულ დერბის კი – აჭარის ტელევიზიით.
ტურის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა კი გია გეგუჩაძის დინამო თბილისში დაბრუნებაა. ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მწვრთნელი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს ათწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ დამოძღვრავს. გეგუჩაძეს დინამოს შედეგების გასაუმჯობესებლად დრო მიეცემა, მაგრამ გუნდს ჯერ ამ სეზონში დარჩენილი ორი მატჩის სათავისო შედეგით დასრულება მართებს – ჩიხურას შემდეგ დინამოს საქართველოს თასის ფინალში სამტრედიასთან დაპირისპირება ელის. 
ჩემპიონატის ბოლოსკენ ბევრმა ისეთმა გუნდმა ვერ მიაღწია საწადელს, რომელსაც ქულები მეტოქეზე მეტად სჭირდებოდა. მიზეზი ის არის, რომ მათმა მოწინააღმდეგეებმა სამართლიანი თამაშის პრინციპებს არ უმტყუნეს. იმედია, ბოლო ტურიც ამგვარი ლამაზი ელფერით ჩაივლის.

ლევან ჯანეზაშვილი  


დილა-ვიტ ჯორჯია
22 მაისი 17:00
გორი. თენგიზ ბურჯანაძე
პირველ წრეში: 2:2
დისკვალიფიკაცია: ბაგაევი (დილა)
მსაჯი: გიორგი დოგრაშვილი

შუქურა-დინამო ბთ
22 მაისი 17:00
ქობულეთი. „ჩელე არენა“
პირველ წრეში: 0:0
მსაჯი: გიორგი ავაზაშვილი

დინამო თბ-ჩიხურა
22 მაისი 17:00
თბილისი. „დინამო არენა“
პირველ წრეში: 0:1
დისკვალიფიკაცია: მანუელი (დინამო თბ), თ. ღონღაძე, ა. ბაჯელიძე (ორივე – ჩიხურა)
მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი

კოლხეთი-ცხინვალი
22 მაისი 17:00
ლანჩხუთი. „ევგრაფი შევარდნაძე“
პირველ წრეში: 2:1
მსაჯი: ჯენერი ხორავა

სამტრედია-მერანი
22 მაისი 17:00 
სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე“
პირველ წრეში: 0:0
დისკვალიფიკაცია: გეგეჭკორი, ჯღამაია (ორივე – მერანი)
მსაჯი: ხვიჩა გაგნიძე

მეტალურგი-ტორპედო
22 მაისი 17:00
რუსთავი. „ფოლადი“
პირველ წრეში: 1:0
მსაჯი:Lლევან კვარაცხელია

სიონი-გურია
22 მაისი 17:00
თბილისი. „მიხეილ მესხი“
პირველ წრეში: 0:0
დისკვალიფიკაცია: მიქაბერიძე (სიონი)
მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

ზესტაფონი-ზუგდიდი
0:3 (ტექნიკური შედეგი)*

1. დილა 29 18 7 4 47-21 61
2. დინამო ბთ 29 17 4 8 37-23 55
3. დინამო თბ 29 16 7 6 53-28 55
4. ცხინვალი 29 16 4 9 46-36 52
5. ჩიხურა 29 13 7 9 39-33 46
6. სამტრედია 29 12 6 11 36-29 42
7. შუქურა 29 11 8 10 35-35 41
8. ტორპედო 29 10 10 9 38-32 40
9. გურია 29 10 9 10 36-40 39
10. მერანი 29 9 9 11 27-29 36
11. კოლხეთი 29 9 9 11 30-30 36
12. ზუგდიდი 29 7 9 13 21-45 30
13. სიონი 29 8 5 16 29-44 29
14. ზესტაფონი 29 6 8 15 40-58 26
15. ვიტ ჯორჯია 29 7 5 17 27-37 26
16. მეტალურგი 29 6 7 16 24-45 25

* ზესტაფონი-ზუგდიდის შედეგს ცხრილში ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ავსახავთ

ბომბარდირები
მოდებაძე (დილა) 14
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 13
კაჭარავა (ცხინვალი) 11