სიახლეები

19-წლამდელების ამბები ბასადან

გაუზიარე

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდისთვის მზადება ორშაბათს დაიწყო. გიორგი დევდარიანი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” ავარჯიშებს გუნდს. გუშინ ღია ვარჯიში იყო და ნახვის საშუალება მოგვეცა. 

ვარჯიში საათზე მეტხანს გაგრძელდა. მცირე ხანს ორკარა იყო დიდ მოდანზე, შემდეგ კი ნახევარ მოედანზეც. წვრთნა ნაადრევად დატოვა მარტვილის მერანის მარჯვენაფლანგელმა აკაკი შულაიამ – ფეხი იტკინა. დევდარიანს ვკითხეთ ტრავმის სერიოზულობაზე და გვიპასუხა, ჯერჯერობით არაფერი ვიცი, ექიმები იტყვიანო. საშიში ტრავმა თითქოს არ ჩანს. 

ნაკრებში ამჟამად 22 ფეხბურთელია, ოთხი ფეხბურთელი კი ჩამოსასვლელია: ილია კერძევაძე (სამტრედია), ოთარ კიტეიშვილი (დინამო), გიორგი ბერიძე (ფრანგულ ლილში იყო გასინჯვაზე და დღეს გამთენიისას ჩამოვიდოდა), რომან ჭანტურია (ემპოლის ახალგაზრდული გუნდი). 

როგორც იცით, ელიტრაუნდის ჯგუფური მატჩები 29 მაისს დაიწყება, მეტოქეები ესპანეთი, პორტუგალია და თურქეთი იქნებიან. შეხვედრები “მიხეილ მესხზე” და ასევე “მიხეილ მესხის” სათადარიგო მინდორზე გაიმართება. ჯგუფიდან ერთი გუნდი გავა ფინალურ ეტაპზე.  

დევდარიანი: რა თქმა უნდა, ძლიერი ჯგუფია. ფინალურ ეტაპზე ამაზე უკეთესი გუნდები არც იქნებიან. 

მეტოქეების თამაშები თუ ნახეთ ვიდეოფირზე? 

დიახ. მაგალითად, ესპანელთა თამაშიც ვნახეთ გერმანიასთან, ამხანაგურში.

ესპანეთი ყველაზე ძლიერია ჯგუფში? 

ასე გამოკვეთილად ვერ ვიტყვი. ესპანეთის ეს ნაკრები პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისგან გათავისუფლებული იყო, ამდენად თითქმის არც ჩაუტარებიათ თამაშები. გერმანიასთან ვნახეთ. 

საბოლოო 18-კაციან შემადგენლობას როდის შეარჩევთ?

26 მაისს. 

სეზონის ბოლოა და ფეხბურთელებს გადაღლილობა არ ეტყობათ?

რა თქმა უნდა, ეს იგრძნობა. თუმცა ეს მეტოქეებსაც შეეტყობათ. განსაკუთრებით დამღლელი სეზონი იყო საბურთალოს ფეხბურთელებისთვის, რომლებიც რეგულარულად თამაშობდნენ პირველ ლიგაში. 

პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯიმი ტაბიძე და გიორგი თევზაძე გაკლდათ, შესაბამისად, დაცვაში პრობლემები იყო. ამჯერად საკადრო პრობლემები არაა და დაცვის უკეთეს თამაშს ველოდოთ? 

წესით, უკეთესად უნდა გამოიყურებოდეს. მაშინ ბევრი შცდომა დავუშვით და ის, რაც კვიპროსმა და რუმინეთმა გვაპატიეს, ესპანეთი, პორტუგალია და თურქეთი არ გვაპატიებენ. 

ნაკრების სრული, 26-კაციანი გაფართოებული სია ასეთია: მეკარეები: ბექა ქურდაძე, ლაზარე კუპატაძე (ორივე საბურთალო), ოთო გოშაძე (ქასიმფაშა, თურქეთი)

მცველები: ჯიმი ტაბიძე, გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, ცოტნე ნადარაია (ყველა საბურთალო), ზურაბ მალანია (შუქურა, ქობულეთი), გიორგი დუმბაძე (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი თევზაძე (სამტრედია)

ნახევარმცველები: გიორგი ხარაიშვილი, გურამ გოშთელიანი, ლადო მამუჩაშვილი (ყველა საბურთალო), გიორგი ბერიძე (ზესტაფონი), ლადო მოხევიშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ზაურ გოგუაძე (ტორპედო ქუთაისი), გიორგი კილასონია (მეტალურგი  რუსთავი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბილისი)

თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია (გენკი, ბელგია), გიორგი ხორხელი (საბურთალო), ბექა ჭკუასელი (დინამო ბათუმი), მათე კვირკვია (ზესტაფონი), აკაკი შულაია (მერანი მარტვილი), გიორგი არაბიძე (ლოკომოტივი თბილისი), ილია კერძევაძე (სამტრედია), რომან ჭანტურია (ემპოლი, იტალია)

ვარჯიშს სფფ-ის სპორტული დირექტორი არჩილ არველაძეც ესწრებოდა:

“ძალიან რთული ჯგუფია. ვინც ფეხბურთში ჩახედულია, ყველამ იცის, რომ ესპანეთს, პორტუგალიასა და თურქეთს ამ ასაკში ძლიერი ნაკრებები ჰყავთ. თან, მხოლოდ ერთი გუნდი გავა ფინალურ ეტაპზე, რაც უფრო ართულებს სიტუაციას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი 19-წლამდელები ყველაფერს გააკეთებენ წარმატებისთვის. იმედია, გულშემატკივარიც მრავლად მოვა თამაშებზე. საწყენია, რომ პირველ მატჩში, ესპანეთთან ლუკა ზარანდია არ გვეყოლება (დისკვალიფიკაცია გადმოჰყვა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან), მაგრამ მაინც იმედიანად ვართ და სხვაგვარად არც შეიძლება იყოს”. 

არჩილ არველაძეს ორიოდე კითხვა სხვა თემაზეც დავუსვით:

საინტერესოა, საიდან გაუჩნდა პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს თბილისში მომზადების სურვილი სომხეთთან მატჩისთვის? 

ეს საქართველოსა და პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციებს შორის კარგი ურთიერთობიდან გამომდინარე. პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი თბილისში ადრეც ყოფილა და კმაყოფილი დარჩა. სწორედ მისი ინიციატივა იყო, რომ აქ მომზადებულიყვნენ. 

11 აგვისტოს თბილისში სუპერთასზე რომელი გუნდების ჩამოსვლა გსურთ? 

ჩემპიონთა ლიგიდან, ბარსელონასი. ეს იქნება საფეხბურთო ზეიმი, ქართველ გულშემატკივრებს ცოცხლად შეეძლებათ ლეო მესის და მისი თანაგუნდელების თამაშის ნახვა. რაც შეეხება ევროპის ლიგას, ჯაბა კანკავას გამო, დნიპროს ვქომაგობ სევილიასთან. ქართველმა ფეხბურთელმა ევროპის ლიგა მოიგოს – ეს უკვე დიდი საქმეა. ფინალში გასვლაც კი უკვე ბევრს ნიშნავს. კანკავა რომ არა, დნიპროზე მეტად ნაპოლის ჩამოსვლა გამეხარდებოდა, მაგრამ ახლა, როცა წინ ფინალია და ჯაბას თასის აღების შანსი აქვს, გულით ვქომაგობ.   

ილია ნანობაშვილი    

ლაშა კუპრაშვილის ფოტოები