სიახლეები

ევროპა ჩვენი მღელვარებისა

გაუზიარე

არ გაგვიმართლა – ასე შევაფასეთ ევროტურნირების საწყისი ეტაპების წილისყრა. ხელწამოსაკრავი მეტოქეები მართლაც არ ჰყავთ ქართულ კლუბებს, მაგრამ გრანდიც არც ერთს ეთქმის. დღეს ევროპის ლიგაზე თამაშს ჩვენი ფეხბურთის სამი წარგზავნილი იწყებს და იმედებს თითოეულ მათგანზე ვამყარებთ. 

დინამო თბილისი „დინამო არენაზე“ გაბალას დაუხვდება და ძალიან გვინდა, დაამტკიცოს, რომ აზერბაიჯანულ ფეხბურთს ქართულისთვის არც იმხელა მანძილით გაუსწრია, როგორც ჩვენს მეზობლებს ჰგონიათ;

ბათუმის დინამო ევროარენას მრავალწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. აჭარულ კლუბს საერთაშორისო ასპარეზზე თავი არასდროს შეურცხვენია და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამბიციურ კვიპროსულ ომონიას ზესტაფონში საკადრისად დაუხვდება;

ცხინვალი, საქართველო – ასე გამოაცხადებს დღეს საღამოს სტადიონის დიქტორი რუმინული ბოტოშანისა და ცხინვალის მატჩის წინ. ჩვენი გუნდი ევროპას შეახსენებს, რომ ცხინვალი საქართველოა და ამით უკვე დიდი საქმეა გაკეთებული, მაგრამ ცხინვალმა უნდა შეძლოს და თავისი სახელი სხვა ეტაპებზე და სხვა ქვეყნებშიც უნდა გამოაცხადებინოს.

14 ივლისს საქმეში უკვე გორის დილა ჩაერთვება და, ცხადია, საქართველოს ჩემპიონზეც დიდ იმედს ვამყარებთ.

ერთი სიტყვით, ევრობატალიებს ოპტიმიზმით უნდა შევხვდეთ და იმედი დავიტოვოთ, რომ ოპტიმიზმი საფუძვლიანი გამოდგება. ეგებ, წელს გავტეხოთ ნავსი და ერთი კლუბით მაინც შევაბიჯოთ ნანატრ ჯგუფურ სტადიაზე.

20:00
დინამო თბილისი-გაბალა (თბილისი, დინამო არენა, LIVE I არხზე)
დინამო ბათუმი-ომონია (ზესტაფონი, დავით აბაშიძე, LIVE აჭარის ტელევიზიაზე)   

21:00
ბოტოშანი-ცხინვალი (ბოტოშანი, მუნიციპალი, LIVE II არხზე)