სიახლეები

ასლან ბალაძე: ოპტიმიზმის საფუძველი მაქვს

გაუზიარე

18-წლიანი პაუზის შემდეგ დღეს ბათუმის დინამო ევროტურნირებს უბრუნდება. იმის გამო, რომ ბათუმში სტადიონი არ არის, ბათუმლები იძულებულები არიან, კვიპროსულ ომონიას ზესტაფონში დაუხვდნენ. თამაში დღეს, 20 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს აჭარის ტელევიზია გადასცემს. 

გუშინ დინამოს სამწვრთნელო შტაბის წევრს, ასლან ბალაძეს დავუკავშირდით:

"წყალტუბოში ვართ, სასტუმრო „პრომეთეში“, სადაც მშვენიერი პირობებია. დღეს ზესტაფონის სტადიონზე ვივარჯიშეთ და თამამად ვიტყვი, რომ მოედნის საფარი იდეალურ მდგომარეობაშია. ამ მხრივ კვიპროსელებს არანაირი უკმაყოფილება არ გამოუთქვამთ. სამწუხაროდ, მატჩს დანაკლისით ვხვდებით _ გამორიცხულია ნიკა მგელაძის თამაში. სამაგიეროდ, უკეთესი მდგომარეობაა გიორგი ქავთარაძესთან დაკავშირებით და ის, სავარაუდოდ, შეძლებს თამაშს. დარწმუნებულები ვართ, ჩვენი ქომაგები მრავლად ჩამოვლენ ბათუმიდან, რადგან ბიჭებს ახლა მათი გვერდში დგომა ძალიან სჭირდებათ. ასევე ვიცით, რომ ადგილობრივი გულშემატკივრებიც მოვლენ ბათუმის დინამოს მხარდასაჭერად.'

ხვალინდელი მატჩის შედეგს დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ ბათუმის დინამომ შეძლოს შემდეგ ეტაპზე გასვლა, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, გამარჯვებული ორრაუნდიან დაპირისპირებაში გამოვლინდება. 

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოვიგოთ. გუნდში შექმნილი ატმოსფერო მაძლევს იმის საფუძველს, რომ ოპტიმისტურად ვიყო განწყობილი. კარგი იქნება, თუ ისე შევძლებთ მოგებას, რომ საკუთარი კარი მშრალად შევინახოთ, მაგრამ, როგორც ვთქვი, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საჭიროა არა ერთი, არამედ ორი შეხვედრის კარგად ჩატარება. ასე რომ, ყველაფერი კვიპროსზე გადაწყდება, თუმცა იმედი გვაქვს, პირველი მატჩის შემდეგ გარკვეული უპირატესობა გვექნება."

პაატა ძნელაძე