სიახლეები

კახა კაჭარავა : შანსები თანაბარია

გაუზიარე

დღეს ცხინვალი ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში  რუმინულ ბოტოშანს სტუმრად დაუპირისპირდება. კახა კაჭარავას გუნდი რუმინეთის ქალაქ იასიში გუშინ თბილისის დროით 13 საათზე ჩაფრინდა, იასიდან კი ბოტოშანში ავტობუსით გაემგზავრა. საღამოს კახა კაჭარავამ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და რუმინელი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

კაჭარავამ საუბრის დასაწყისში თქვა, რომ ამჟამად ის მხარე, სადაც საფეხბურთო კლუბი ცხინვალი უნდა თამაშობდეს, ოკუპირებულია:

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ცხინვალი ოკუპირებულია. ამან ჩვენს კლუბს ბევრი პრობლემა შეუქმნა. იძულებულები ვართ, საშინაო მატჩები თბილისში ჩავატაროთ. ეს დიდი პრობლემაა, რადგან ჩვენი სამშობლოს ნაწილი ოკუპირებულია, თუმცა ვეცდებით, ცხინვალის სახელით ღირსეულად ვითამაშოთ.

გაგიხარდათ თუ არა, შესაძლო მეტოქეებიდან ბოტოშანი რომ შეგხვდათ?

ასე ნამდვილად ვერ ვიტყვი. რუმინეთის ჩემპიონატი საკმაოდ ძლიერია და აქ ბევრი კარგი გუნდი თამაშობს. შეიძლებოდა, უფრო სუსტ გუნდსაც შევხვედროდით. მიუხედავად ამისა, შანსებს თანაბრად ვაფასებ, რადგან ჩემი გუნდის მსგავსად, ევროპის ლიგაზე ბოტოშანიც დებიუტანტია. 

რამდენად კარგად იცნობთ ბოტოშანის სუსტ და ძლიერ მხარეებს?

ვნახე ბოტოშანის რამდენიმე თამაში, აქედან სამი რუმინეთის ჩემპიონატის მატჩი და ბოლო ამხანაგური შეხვედრა, რომელშიც თქვენმა გუნდმა კრასნოდარი დაამარცხა. ბოტოშანის ფეხბურთელები ფიზიკურად ძლიერები არიან და მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე ბოლომდე იბრძვიან. გარდა ამისა, თქვენი გუნდი საკმაოდ ორგანიზებული და დისციპლინირებულია.

რას იტვით საკუთარი გუნდის შესახებ, რის ხარჯზე შეგიძლიათ ბოტოშანისთან წარმატების მიღწევა?

ჩვენი გუნდი საკმაოდ ახალგაზრდულია. აქ ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომელიც ევროტურნირებზე პირველად ითამაშებს. ჩემი ფეხბურთელები ტექნიკურები არიან და ყველა თამაშში მაქსიმალურად იბრძვიან. ყველაფერი უშუალოდ თამაშის დროს გამოჩნდება.

ოთო მუმლაძე ბოტოშანიდან სპეციალურად „ჩვენი თამაშისთვის“