სიახლეები

გია გეგუჩაძე: ცუდის მოლოდინი არ მაქვს

გაუზიარე

გუშინ „დინამო არენაზე“ დინამო თბილისისა და აზერბაიჯანული გაბალას მატჩისწინა ვარჯიშები გაიმართა. ტრადიციისამებრ, მხოლოდ საწყისი 15 წუთი იყო ღია. დინამოს ვარჯიშში იმ 18-მა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც დღევანდელი შეხვედრის განაცხადში იქნებიან,

შეგახსენებთ, რომ დინამოსა და გაბალას მატჩი დღეს „დინამო არენაზე“ 20 საათზე დაიწყება, ბილეთების შეძენა კი გულშემატკივრებს 5 ლარად შეეძლებათ. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით იხილავთ.

გუნდების მწვრთნელების პრესკონფერენციები შინაარსიანი გამოდგა. პირველად მედიის წინაშე დინამოს მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე და გუნდის ნახევარმცველი მათე ცინცაძე წარდგნენ.

გია გეგუჩაძე:

დადგა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პერიოდი. მწვრთნელებიც, ფეხბურთელებიც, გულშემატკივრებიც და ჟურნალისტებიც მოუთმენლად ელიან საევროთასო ბატალიებს. შემთხვევით ვისარგებლებ და ევროტურნირებზე გასულ ყველა ქართულ კლუბს წარმატებებს ვუსურვებ.

რაც შეეხება დინამოს, ახალი სეზონისთვის მზადება თბილისში დავიწყეთ და სლოვენიაში გავაგრძელეთ, სადაც სამი საკონტროლო შეხვედრა ჩავატარეთ, გაბალასთან მატჩისთვის დასკვნით სამზადისს კი ისევ თბილისში გავდივართ. 

მოსამზადებელ პერიოდს მაქსიმალურად ეფექტურად ვიყენებთ, მაგრამ დადებით ფაქტორებთან ერთად ყოველთვის არის ხარვეზები, რომელთა გამოსწორებასაც დრო სჭირდება.

სამწუხაროდ, გაბალასთან მატჩში ორი ფეხბურთელი დაგვაკლდება. ტრავმის გამო ოთარ კაკაბაძე და დავით ვოლკოვი ვერ ითამაშებენ.

აზერბაიჯანული ფეხბურთი ბოლო წლებში საგრძნობლად წინ წავიდა. რა იქნება დინამოს კოზირი გაბალასთან დაპირისპირებაში?

დინამო უნდა გავიდეს შემდეგ ეტაპზე, ხოლო რის ხარჯზე ვაპირებთ ამის გაკეთებას, ამას უშუალოდ თამაშისას ნახავთ. მეტოქე ძლიერია, მაგრამ ჩვენც გვაქვს საკუთარი კოზირები. ცუდია, რომ დინამოს ახალწვეულებს გუნდთან ინტეგრირებისა და ადაპტაციისთვის ძალიან ცოტა დრო აქვთ, მაგრამ მათ ამ მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადადგეს.

გაბალაზე გარკვეული წარმოდგენა გვაქვს, მაგრამ ზაფხულის სატრანსფერო სეზონისას გუნდის შემადგენლობა მნიშვნელოვნად გადახალისდა და, სამწუხაროდ, განახლებული გუნდის ნახვა ვერ შევძელით. თუმცა მეტოქის შესახებ გარკვეული ინფორმაცია მაინც გაგვაჩნია და ამის ეფექტურად გამოყენებას ვეცდებით.

გაბალას გამარჯვების შემთხვევაში რას აპირებთ? (შეკითხვა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა დასვა, რომელმაც თქვა, რომ მისი თანამემამულე კოლეგებით სავსე ავტობუსი საცობში იყო გაჩხერილი, ავტ.).

ამაზე არ მიფიქრია, საერთოდ, არ მაქვს ცუდის მოლოდინი.

თქვენი წინა გუნდების მსგავსად, დინამოც შეტევაზე იქნება ორიენტირებული?

მინდა, ჩემს ფეხბურთელებს ტაქტიკური ცოდნა მივცე. ისინი ყველა სქემას უნდა მოერგონ, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი ტაქტიკა შეტევას ეფუძნება.

შემადგენლობის გაძლიერებას კიდევ აპირებთ?

სატრანსფერო ფანჯარა აგვისტოს ბოლოს იხურება და ამ პერიოდს ნაყოფიერად გამოვიყენებთ.

მათე ცინცაძე:

ქართულ კლუბებს ევროსარბიელზე მეც წარმატებებს ვუსურვებ. დინამომ ნაყოფიერი შეკრება გაიარა და გვჯერა, რომ შრომა დაგვიფასდება. გაბალასთან მატჩს რაც შეეხება, გულშემატკივრებს ვპირდებით, რომ მოედანზე ასი პროცენტით დავიხარჯებით. იმედი გვაქვს, ქომაგის მხარდაჭერა არ მოგვაკლდება.

ლევან ჯანეზაშვილი