სიახლეები

რომან გრიგორჩუკი: საიდან მოიტანეთ, რომ მეორე ნომრად თამაშს ვაპირებთ ?

გაუზიარე

როცა გაბალას უკრაინელი თავკაცის, რომან გრიგორჩუკის პრესკონფერენცია დაიწყო, ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს საცობისთვის თავი უკვე დაღწეული ჰქონდათ და დარბაზში ისხდნენ. ქართველი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტების რაოდენობა დაახლოებით თანაბარი იყო. გაბალამ თბილისში მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი ჩამოიყვანა. როგორც შევიტყვეთ, მგზავრობასაც და სასტუმროში ცხოვრებასაც კლუბი აფინანსებს, რაც აზერბაიჯანში უკვე ტრადიციადაა დამკვიდრებული.

გრიგორჩუკის პრესკონფერენცია კი საკმაო ხანს გაგრძელდა და მის ოდნავ შემოკლებულ ვარიანტს გთავაზობთ. უკრაინელი სპეციალისტი ხალისიან განწყობაზე გახლდათ და არც იმის გამო აჩქარებულა, რომ მისი გუნდის ვარჯიში უკვე დაწყებული იყო.

ძალიან სასიამოვნოა, დარბაზში ამდენ ადამიანს რომ ვხედავ. მოდი, პირდაპირ შეკითხვებზე გიპასუხებთ.

დინამოს მწვრთნელს წაგება ვერ წარმოუდგენია. თქვენ? (იგივე აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ვინც გეგუჩაძეს მიმართა. ავტ.)

დინამოს მწვრთნელზე ბევრი კარგი მსმენია და მას დიდ პატივს ვცემ. მას კი ასეთ ფორმატში პასუხს ვერ გავცემ. მარცხზე არც მე ვფიქრობ, მაგრამ ფაქტია, სერიოზული მოწინააღმდეგე გვყავს და მის საძლევად დიდი ჯაფა დაგვადგება. დადებითი შედეგის მისაღწევად ყველაფერი უნდა ვიღონოთ.

დინამოზე რისი თქმა შეგიძლიათ ?

მეტოქეზე საკმაო ინფორმაციას ვფლობ. ვიცი, რომ სეზონის მიწურულს მწვრთნელი შეეცვალა და იმის შესახებაც ვარ ინფორმირებული, რა სიახლეებს ნერგავს იგი გუნდში. მომწონს ის სტილი, რომელსაც გეგუჩაძე ირჩევს. პროგნოზისგან თავს შევიკავებ, დანამდვილებით კი იმას ვიტყვი, რომ მაყურებელი საინტერესო ფეხბურთს იხილავს.

გაბალაში თქვენც ახალი მისული ხართ. შეგიძლიათ თქვათ, რომ ადაპტაცია უკვე გავლილი გაქვთ ? 

სხვათა შორის, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს აქ დიდი ხანია, ვმუშაობ. გაბალასთან ერთად გარკვეული გზა უკვე გავიარე და წარმატებებსაც მივაღწიეთ. ცალკე თემაა ის სიახლეები, რაც გუნდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ბევრი ახალწვეული გვყავს და საიმისოდ, რომ გაბალას სქემასა და ატმოსფეროში ჩაეწერონ, მათ დრო სჭირდებათ. რამდენიმე ჩვენი ფეხბურთელი გუნდში დღეების მოსულია. ადაპტაცია რთული პროცესია, მაგრამ, მეორე მხრივ, ძირითადად გამოცდილი მოთამაშეები დავიმატეთ და მათ ახალ გარემოსთან გაშინაურება არ უნდა გაუჭირდეთ. ოპტიმალურ ფორმაში კი ჯერ ვერ ვართ, ამას დრო სჭირდება.

აზერბაიჯანის ჩემპიონატში მიზნად რას ისახავთ ?

იქამდე ჯერ შორია. აზერბაიჯანის ჩემპიონატზე კი არა, ჯერ დინამოსთან საპასუხო მატჩზეც კი არ ვფიქრობ. ახლა თავში მხოლოდ თბილისში გასამართი შეხვედრა მიტრიალებს. ამ ეტაპის გადალახვა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

სათამაშო სისტემაში ცვლილებებს ხომ არ აპირებთ ?

კარდინალური ცვლილებები არ იქნება. ჩვენი ახალწვეულები უკვე არსებულ სისტემას უნდა მოერგონ. ვიმედოვნებ, შევძლებთ როგორც საინტერესო, ასევე შედეგიანი ფეხბურთის თამაშს.

თბილისში ნულოვანი ფრე თქვენთვის მისაღები იქნება?

საიდან მოიტანეთ, რომ მეორე ნომრად თამაშს ვაპირებთ? ჩემთვის შედეგზე თამაში ფრეზე თამაშს არ ნიშნავს. 0:0 არ დამაკმაყოფილებს, 5:0 – კი ბატონო.

ლევან ჯანეზაშვილი