სიახლეები

შოთა არველაძე ბიჭობაში დაბრუნდა

გაუზიარე

გუშინ, ნაშუადღევს, შოთა არველაძე ტრაბზონს გაემგზავრა. სავარაუდოდ, დღეს ის ადგილობრივ ტრაბზონსფორთან კონტრაქტს გააფორმებს. საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირს ტრაბზონისკენ გზად შევხვდით და ეს მცირე ბლიც-ინტერვიუ ვთხოვეთ...

დიახ, კლუბთან ყველა საკითხი მოგვარებულია, ჩათვალეთ, რომ ტრაბზონსფორის მწვრთნელი გელაპარაკებით. ორ-სამ საათში ტრაბზონში ვიქნები და საქმეს მაშინვე შევუდგები. გუნდი შეკრებას ხვალიდან იწყებს. 

კონტრაქტს როდის აფორმებ?

ალბათ, ხვალ. 2 + 1-ს ან სამწლიან კონტრაქტს მოვაწერ ხელს, თუმცა ეს ფორმალობაა... დიდი მნიშვნელობა არ აქვს, კონტრაქტი როგორი სისტემით გაფორმდება, მთავარი წარმატებული საქმიანობაა... 

ტრაბზონში შენი დაბრუნება ადგილობრივ ქომაგებში დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევს...

მე მათ ძალიან ვაფასებ. ტრაბზონის ქომაგებს ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი აქვთ _ მე მიყვარს ისინი. ფეხბურთელობისას ტრაბზონში ბევრი თბილი და ტკბილი სიტყვა მომისმენია და ვიმედოვნებ, ამ ქალაქში სამწვრთნელო კარიერაც წარმატებული გამომივა, ყოველ შემთხვევაში, ჩემი ტრაბზონის პირველობისთვის მაქსიმუმს გავაკეთებ...

შეგახსენებთ, შოთა არველაძე ჯერ კიდევ 20 წლის ბიჭი იყო, როცა ტრაბზონელთა კუმირი გახდა. ის და მისი ტყუპისცალი არჩილი თითოეული ტრაბზონელისთვის საფიცარნი არიან და იოლად წარმოსადგენია, რა ამბავი იქნება შოთას პრეზენტაციისას ან მომავალ სეზონში მისი პირველი საშინაო თამაშისას სტადიონზე როგორი ატმოსფერო იქნება... შოთამ 1993-1997 წლებში ტრაბზონში 96 მატჩი ჩაატარა და 61 გოლი გაიტანა. დღეიდან მის ცხოვრებაში ახალი ტრაბზონული კარიერა იწყება... წარმატებები...

კობა ინასარიძე