სიახლეები

საბურთალო, ანუ იმედი და პერსპექტივა

გაუზიარე

უმაღლესი ლიგის დებიუტანტი საბურთალო უკვე შეუდგა ახალი სეზონისთვის მზადებას. 9 ივლისს გია ჭიაბრიშვილის გუნდი პირველ საკონტროლო შეხვედრას ქუთაისის ტორპედოსთან გამართავს, ერთი კვირის შემდეგ ბოლნისის სიონს დაუპირისპირდება, 19 ივლისს კი თანაქალაქელებს, თბილისის ლოკომოტივს ეთამაშება. ამის შემდეგ, 23 ივლისს, საბურთალო დუშეთში გაემგზავრება და მზადებას იქ განაგრძობს. საბურთალოელები თბილისში 6 აგვისტოს დაბრუნდებიან.

გუნდმა პრაქტიკულად მთელი შემადგენლობა შეინარჩუნა, გამოაკლდა მხოლოდ ჯიმი ტაბიძე, რომელიც კარიერას ბელგიის ჩემპიონ გენტში გააგრძელებს. საბურთალოს დაუბრუნდა მარცხენა მცველი გიორგი თევზაძე, რომელიც იჯარით სამტრედიაში თამაშობდა, გიორგი ფანცულაია კი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემატა.

საბურთალო უმაღლესი ლიგის საშინაო შეხვედრებს ბენდელაზე ჩაატარებს, ამისთვის სტადიონზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ დუბლებს რეზო გოცირიძე მოამზადებს, რომელიც ამავდროულად გია ჭიაბრიშვილს თანაშემწე იქნება. დუბლებში კი გოცირიძის თანაშემწედ ბახვა ამბიძე იმუშავებს.

ის, რომ საბურთალო, რომელიც თითქმის სრულად საქართველოს ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და უმაღლეს ლიგაში ითამაშებს, გასახარი ამბავია _ ბიჭებს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნებათ და საჭირო გამოცდილებას შეიძენენ, ეს კი ასაკობრივი ნაკრების წევრთათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ჭაბუკთა ნაკრებების მწვრთნელები ხომ მუდმივად იმას ჩივიან, რომ ბიჭებს სათამაშო პრაქტიკა აკლიათ.

პაატა ძნელაძე