სიახლეები

ლეგიონერები მეორე ეტაპისკენ მიიწევენ

გაუზიარე

ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე არაერთმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა, რომელთა უმრავლესობისთვისაც გუშინდელი საღამო წარმატებული გამოდგა. რასაც ვერ ვიტყვით კვიპროსულ ომონიასა და მის ქართველი მცველ უჩა ლობჟანიძეზე.

დავიწყოთ მატჩით, სადაც ყველაზე მეტმა ჩვენმა ლეგიონერმა ითამაშა. ზაურ სვანაძის მიერ გაწვრთნილი ბაქოს ინტერი სტუმრად ალბანურ ლაჩის დაუზავდა, რაც აზერბაიჯანელთა წისქვილზე ასხამს წყალს. ალბანელები მე-20 წუთზე დაწინაურდნენ, 47-ეზე კი გამათანაბრებელი გოლი ინტერის ახალწვეულმა ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა. ინტერის შემადგენლობაში მან, ზურაბ ხიზანიშვილმა და ლაშა კასრაძემ შეუცვლელად ითამაშეს, გიორგი ლომაია კი თადარიგში იყო.

ესტონურმა ფლორამ მაკედონიურ რაბოტნიჩკის უმასპინძლა და 1:0 მოუგო. მასპინძელთა შემადგენლობაში ზაქარია ბეგლარიშვილი 53-ე წუთიდან გამოჩნდა. ფლორამ გამარჯვების გოლი აქედან ექვს წუთში გაიტანა.

პოლონურმა იაგელონიამ, რომლის ღირსებასაც ნიკა ძალამიძე იცავს, სტუმრად ლიტვურ კრუოიას 1:0 სძლია. გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე გავიდა. მისი ავტორია კაროლ სვიდერსკი, რომელიც მოედანზე მე-80 წუთზე სწორედ ძალამიძის ნაცვლად შევიდა. ამ წყვილში გამარჯვებული მეორე ეტაპზე ბათუმის დინამოსა და ომონიას შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

ირლანდიურ სენკტ პატრიქსს შინ 2:1 მოუგო რიგის სკონტომ, რომლის თავკაციც თამაზ პერტიაა.

ერევნის ულისესმა მალტაზე ბირკირკარასთან 0:0 ითამაშა და შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი დაიტოვა. სომხური კლუბის რიგებში 90 წუთი გაატარა ირაკლი ჭეჟიამ, გიორგი ხუბუა კი 79-ე წუთზე შეცვალეს.

ლევან ჯანეზაშვილი