სიახლეები

ჯაბა კანკავა: არ შეშინდე, შანსი ყველასთან არის

გაუზიარე

დნიპროსთვის წინა სეზონი მართლაც წარმატებული იყო: გუნდი პირველად გავიდა ევროტურნირის, კერძოდ, ევროპის ლიგის ფინალში, ამასთან, კვლავაც სტაბილურად იასპარეზა უკრაინის ჩემპიონატში და მესამე იყო კიევის დინამოსა და დონეცკის შახტარის მერე. დნიპროს ამ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ, რომელიც ახლა ჰოლანდიაშია და დნიპროელებთან ერთად მომავალი სეზონისთვის ემზადება. ჯაბას უკრაინელი ჟურნალისტები გაესაუბრნენ.

ჰოლანდიაში როგორი ამინდი დაგხვდათ?

მშვენიერი. იდეალურ გარემოსა და პირობებში ვართ და მცირეხნიანი დასვენების შემდეგ კვლავ ხალისიანად ვვარჯიშობთ.

თქვენმა რამდენიმე თანაგუნდელმა დაიწუწუნა, მომქნცველი სეზონის შემდეგ ეს შვებულება საკმარისი არ იყოო.

ბიჭები ხუმრობდნენ, სინამდვილეში კი, უკმაყოფილო არავინაა. წინა სეზონი მართლაც დამღლელი იყო, მაგრამ არც მომდევნო იქნება ნაკლები, მით უმეტეს, ახლა უკრაინაშიც და ევროპაშიც დნიპროს სერიოზულ მეტოქედ აღიქვამენ და ჩვენს წინააღმდეგ ყველა გაორმაგებული მოტივაციით ითამაშებს. 

წინა სეზონი შევაფასოთ. ელოდით, რომ ევროპის ლიგის ფინალში ითამაშებდით?

ჩვენი მიზანი იყო, რაც შეიძლება წინ წაგვეწია გათამაშებაში, არ იყო საუბარი იმაზე, გინდა თუ არა, ფინალში უნდა გავიდეთო, მაგრამ ყველა ვხვდებოდით, რომ ნებისმიერ მეტოქესთან გვქონდა შანსი და საბოლოოდ კარგადაც გამოვედით ტურნირში.

არადა, დნიპროს ძალიან გაუჭირდა ჯგუფიდან გასვლა.

ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, ინტერი, სენტ ეტიენი და ყარაბაღი იყვნენ ჩვენი მეტოქეები. შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე რთული ჯგუფი სწორედ ჩვენი იყო. ბოლო ტურამდე არაფერი გარკვეულა, ჩვენ სენტ ეტიენს ვაჯობეთ და დამსახურებულადაც გავედით პლეი ოფში.

შემდეგ კი, ფინალამდე, ოლიმპიაკოსს, აიაქსს, ბრიუგეს და ნაპოლის აჯიბეთ... ყველაზე მეტად რომელ მეტოქესთან გაგიჭირდათ?

იოლად დასაძლევი არც ერთი იყო, მაგრამ მაინც ნაპოლის გამოვარჩევ. შეიძლება იმიტომ, რომ ნახევარფინალში ვეთამაშეთ, ფინალამდე ერთი ნაბიჯიღა იყო დარჩენილი და განსაკუთრებით ვნერვიულობდით.

ნაპოლისთან ორივე შეხვედრა, განსაკუთრებით სტუმრად, ბრწყინვალედ ჩაატარა თქვენმა მეკარემ დენის ბოიკომ.

დნიპროს წარმატება არ არის დამოკიდებული ერთ კაცზე, მაგრამ ბოიკოს გამორჩევა ნამდვილად სამართლიანია _ როდესაც ვიცით, რომ ჩვენს უკან ბოიკოა, ყველანი იმედიანად ვართ. ნეაპოლში კი მართლაც ფანტასტიკურად ითამაშა, იფიქრებდი, შეხვედრა კიდევ ორ საათს რომ გაგრძელებულიყო, გოლს მაინც არ გაუშვებდა.

დიდია ალბათობა, რომ დნიპრო დატოვოს გუნდის ლიდერმა ევგენი კონოპლიანკამ. მის გარეშეც შეძლებთ წარმატებულად თამაშს?

კონოპლიანკა არაერთ კლუბს რომ სურს, ეს სავსებით ლოგიკურია. ჩემი აზრით, ის უკრაინის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეა და მისი დონის ფეხბურთელის წასვლა ნებისმიერ გუნდს დაასუსტებს, მაგრამ არა მგონია, ერთი ან ორი მოთამაშის წასვლამ დნიპროს მიზნები რადიკალურად შეცვალოს.

დნიპროს მთავარ მწვრთნელზე, მირონ მარკევიჩზე რას იტყვით?

მის შესახებ დნიპროს შედეგები მეტყველებს. დააკვირდით ერთ რამეს, ევროპის ლიგის მიმდინარეობისას რამდენი შეცვლა გამოიცნო მარკევიჩმა. დნიპროს მართლაც უძლიერესი სპეციალისტი უდგას სათავეში.

ბოლოს ეს გვითხარით, როდის შეძლებს დნიპრო უკრაინის ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

კარგად მესმის, რომ ჩვენს ქომაგებს ერთი სული აქვთ, თუ როდის მოიპოვებს დნიპრო ოქროს მედლებს. მერწმუნეთ, ყველაზე მეტად ეს ჩვენ გვინდა, მაგრამ გაითვალისწინეთ ის, რომ კიევის დინამოსა და დონეცკის შახტარის სახით საკმაოდ ძლიერი კონკურენტები გვყავს. იმედია, ამ სეზონში უფრო ახლოს ვიქნებით პირველ ადგილთან, დანარჩენს კი ჩემპიონატი გამოაჩენს.

მოამზადა პაატა ძნელაძემ