სიახლეები

დაბრუნება – ისეთი, როგორიც ტრადიციებს შეეფერება [ვიდეო]

გაუზიარე
დინამო ბათუმი-ომონია 1:0

2 ივლისი. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე”. 3 000 მაყურებელი

1:0 გაბედავა (40)

დინამო ბთ: ალავიძე, ფონიავა, ბ. მახარაძე, ტეტუნაშვილი, სუხიაშვილი, ქავთარაძე (ჩირიკაშვილი 83), შონია, გოგიტიძე, გაბედავა, ბერიაშვილი (ვარშანიძე 87), ტატანაშვილი (თევდორაძე 75)

სათადარიგოები: მამინაშვილი, ქორიძე, მაკარიანი, დიასამიძე

მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი

ომონია: გიორგალიდესი, ლობჟანიძე, რუნიე, გულონი, მენდი (მარგაკა 46), ფოფანა (კირმი 58), ასისი, 
ეკონომიდესი, რამოსი, პოტე, შკემბრი (ოკეუჰიე 70)

სათადარიგოები: პანაი, რუშიასი, სამუტისი, შერიდანი

მწვრთნელი: კოსტას კაიაფასი

გაფრთხილება: ფონიავა (11), ლობჟანიძე (13), გაბედავა (14), მახარაძე (33), ქავთარაძე (53), მარგაკა (77)

მსაჯი: მიტია ჟგანეცი (სლოვენია)

XXI საუკუნეში ბათუმის დინამომ პირველი საევროთასო მატჩი ჩაატარა და საერთაშორისო არენაზე რიხიანადაც დაბრუნდა. წყვილის ფავორიტად იმთავითვე ომონია აღიარეს, თუმცა გვჯეროდა, რომ აჭარული კლუბი, რომელიც წინა სეზონის აღმოჩენად იქცა და ბევრისთვის მოულოდნელად საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, თავს არც კვიპროსელებთან დაპირისპირებაში შეირცხვენდა. ჭეიშვილი-ბალაძე-ხომერიკის ტრიოს მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ჩვენი მოლოდინი გაამართლა და ორმატჩიანი დუელის პირველ ნაწილში უაღრესად საჭირო გამარჯვებას მიაღწია. როცა პირველ მატჩს შინ იგებ და გოლს არ უშვებ, ეს იმას ნიშნავს, რომ შუალედური მისია შეასრულე. ეს გამარჯვება იოლად არ მოსულა, ბათუმელებმა ქომაგთა გასახარებლად ბევრი ოფლი დაღვარეს, თუმცა დავაც კი არ შეიძლება იმაზე, რომ მათ ღირსეული და კუთვნილი მოგება იზეიმეს.

“გვათამაშეთ საკუთარ ქალაქში” - ასეთი იყო ბათუმელი გულშემატკივრების ერთ-ერთი ბანერი. ვიდრე ბათუმში სტადიონი აშენდება, მოგეხსენებათ, ამ ქალაქის გუნდს საშინაო მატჩების ჩატარება სხვაგან უწევს. შიდა ასპარეზზე დინამო ქობულეთში თამაშობს, საევროპედ და კი ზესტაფონის `დავით აბაშიძე~ შეარჩია. ტრიბუნები, ფაქტობრივად, პირთამდე იყო სავსე და რა გასაკვირია, რომ იქ ბათუმელებთან ერთად ზესტაფონელებიც მრავლად შეიკრიბნენ.

ბათუმელებს ლეგიონერები საერთოდ არ ჰყავთ, სამაგიეროდ, ომონიას შემადგენლობაში ადგილობრივი სანთლით საძებარია. სასტარტო შემადგენლობაში სტუმართა სამწვრთნელო შტაბმა მხოლოდ ორი ადგილობრივი დააყენა, თამაში კი ერთბაშად ცხრა ეროვნების ფეხბურთელმა დაიწყო, მათ შორის, საქართველოს ნაკრებიც მცველმა უჩა ლობჟანიძემ.

მასპინძლებმა მატჩი თამამად დაიწყეს. ჯერ გიორგი გაბედავამ გაისროლა შორიდან, მე-5 წუთზე კი სწრაფ გოლთანაც ახლოს ვიყავით – გიორგი ბერიაშვილის უაღრესად სახიფათო დარტყმას სტუმართა მცველი ჩაუწვა და ბურთი რიკოშეტით კუთხურზე გადავიდა, ისე, რომ ომონიას კარის ხარიხას მცირე მანძილით გადაუფრინა.

ორიოდე წუთში კი უკვე დინამო გადარჩა. კოტდივუარელი თავდამსხმელი გაუსუ ფოფანა მეკარესთან პირისპირ გავიდა. მიხეილ ალავიძემ მას კუთხე შეუმცირა, ფოფანამ მახვილი კუთხიდან დაარტყა და ბურთი ბათუმელთა კარის ძელს მოარტყა.

თამაშს უხეში ეთქმოდა. ვერ ვიტყვით, რომ ამ მხრივ კვიპროსელები ქართველებზე ნაკლებად აქტიურობდნენ, მაგრამ სლოვენიელი არბიტრი ყვითელ ბარათებს ჩვენებისთვის უფრო თამამად იმეტებდა.

მე-40 წუთზე აუტის ხაზთან ახლოს ჯარიმა დაინიშნა. გაბედავამ ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, ბადრი ტეტუნაშვილის მოძრაობამ ომონიას მეკარე დააბნია და ისე, რომ ბურთი არავის შეხებია, კვიპროსელთა კარის ბადეში აღმოჩნდა – 1:0.

ტაიმის მიწურულს ლამის ამის ტყუპისცალი გოლი გავიდა. გაბედავამ იგივე წერტილიდან ჩააწოდა, ბურთი კვლავ კარის ჩარჩოსკენ წავიდა და გიორგალიდესმა უხერხული მოძრაობითღა შეძლო მისი კუთხურზე გადაგდება.

მეორე ტაიმი პირველის მსგავსად სანახაობრივი ვერ გამოვიდა. სამაგიეროდ, იყო ფიცხელი ბრძოლა მოედნის თითოეული გოჯისთვის. ომონიას შეტევები დიდი ფანტაზიით ვერ გამოირჩეოდა, მაგრამ ქართველთა საჯარიმოში მაინც ხშირად `ცხელოდა~. გაუთავებელ ფლანგურ ჩაწოდებებს მასპინძელთა დაცვა აუღელვებლად უმკლავდებოდა. არანაკლებ საიმედო იყო მიხეილ ალავიძე, რომელიც გამოსვლებზე ერთხელაც არ შემცდარა, 63-ე წუთზე კი სტუმართა სახიფათო შორეული დარტყმა მოიგერია.

მსაჯმა ძირითად დროს ხუთი წუთი დაამატა, მაგრამ ომონიამ თავის შეტევებს სიმწვავე ვერ შესძინა. ქართულმა მწყობრმა დაცვამ თამაში უშეცდომოდ ჩაამთავრა და სიხარულის დროც დადგა.

შემდეგი ეტაპისკენ ერთი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. კვიპროსზე ბათუმელებს კიდევ უფრო მძიმე ბრძოლა ელით, მაგრამ აჭარული კლუბისგან სიძნელეების გადალახვას ისე მივეჩვიეთ, ყველა საფუძველი გვაქვს საიმისოდ, რომ ვთქვათ – `დავით აბაშიძეზე~ ევროსეზონი ომონიათი არ უნდა დასრულდეს!

ლევან ჯანეზაშვილი