სიახლეები

მოლდოვა: ნაკრები უცნაური ჩვევებით

გაუზიარე

მოლდოვასთან ბევრი რამ იყო პირველად. საქართველომ სწორედ მათთან ჩაატარა პირველი ამხანაგური გასვლითი მატჩი (4:2 მოიგო); საქართველომ სწორედ მათთან გამართა პირველი ოფიციალური მატჩი შესარჩევების ისტორიაში (0:1 წააგო) და მთლიანობაში, ნაცნობი მეტოქე გვყავს მეხუთე კალათიდან...  

მთლიანობაში, მოლდოვის ნაკრებს საქართველო 10-ჯერ შეხვედრია და თანაფარდობაა: 4 მოვიგეთ, 4 წავაგეთ, 2 ფრედ დავასრულეთ. ბურთების შეფარდება გვაქვს უკეთესი - 14:11. 

თემურ ქეცბაიას მოლდოველებთან მოუგია როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის რანგში. იმედია, ამას კახა ცხადაძეც მოახერხებს. ქეცბაიას ორი გოლიც გაუტანია... ბოლოს 2011 წელს შევხვდით თბილისში და 2:0 ვიმარჯვეთ. ჯერ სანდრო კობახიძემ გაიტანა თავით, მერე კი ჯანო ანანიძემ პენალტი გამოიყენა. ბოლო წუთებზე კი უფრო მსუყე გამარჯვებაც შეგვეძლო, მაგრამ შოთა გრიგალაშვილმა პენალტი გააცუდა.

საქართველო-მოლდოვას როცა ვახსენებთ, ყველას მაინც წაგებული თამაში გვიტრიალებს გონებაში. 1994 წლის 7 სექტემბერს ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა ცალკარა გაუმართა სტუმრებს, დაახლოებით 10 საგოლე მომენტი ჰქონდა და ვერ გაიტანა... მოლდოველმა იგორ ოპრიამ კი შორიდან შეაგდო. ასეთ თამაშში წაგება შოკი იყო. მაინც რატომ იყო ის შეხვედრა გამორჩეული? იმიტომ, რომ საქართველოც და მოლდოვაც პირველად მონაწილეობდნენ შესარჩევში. ჩივაძის გუნდმა რა შედეგსაც მიაღწია იმ ჯგუფში, მსგავსი აღარ განმეორებულა, თუმცა დასაწყისი და დაბოლოება იყო ცუდი - ბოლოსაც მოლდოვასთან წავაგეთ. 

რას წარმოადგენს დღევანდელი მოლდოვას ნაკრები? ალექსანდრ კურტიანის გაწვრთნილები ფიფას რეიტინგში 124-ე ადგილზე არიან, შესარჩევ ჯგუფში კი ორი ქულით ბოლო ადგილზე - ლიხტენშტაინსაც კი ჩამორჩებიან. მოლდოველებმა ლიხტენშტაინთან გასვლაზე 1:1 ითამაშეს, შინ კი 0:1 წააგეს... მგონი, ამის შემდეგ კომენტარიც ზედმეტია, თუმცა ერთი კარგი მატჩი ჩაატარეს: რუსებთან სტუმრად 1:1 დაასრულეს და ფაბიო კაპელოს სწორედ მაშინ შეუდგა წყალი. კურტიანის გუნდმა შინ ავსტრიასთან 1;2, ხოლო შვედეთთან 0:2 წააგო, ჩერნოგორიაში კი 0:2 დამარცხდა. 

ჯგუფში კიდევ ოთხი მატჩი დარჩათ გასამართი, თუმცა საეჭვოა, რომ ბოლო ადგილს ასცდნენ. მიმდინარე შესარჩევში 3 გოლი აქვთ გატანილი: ბოგიუმ, დედოვმა და კაპიტანმა ეპურიანუმ მიითვალეს. ისე, ბევრსაც არ უშვებენ - ექვს შეხვედრაში მხოლოდ ცხრაჯერ გამოიტანეს ბურთი კარიდან.  

წინა შესარჩევი უკეთ ჩაატარეს და 11 ქულა აიღეს. მართალია, აქედან 6 სან-მარინოსთან, მაგრამ ამას გარდა, შინ პოლონეთსა და უკრაინას ფრედ ეთამაშნენ, ხოლო ჩერნოგორიას სტუმრად 5:2 (!) სძლიეს. 
დღევანდელ ნაკრებში რამდენიმე ფეხბურთელის გამორჩევა შეიძლება: მცველ ეპურიანუზე ვთქვით, კაპიტანია და თურქული სუპერლიგის ბასაკშეჰირში თამაშობს. კარგი მცველია იგორ არმაშიც, რომელიც კრასნოდარის ყუბანშია. ნახევარმცველი არტურ იონიცა იტალიურ ვერონაშია და სერია ა-ს გასულ სეზონში 2 გოლი მიითვალა. გამოცდილი შუახაზელი ალექსანდრ გაცკანი ამჟამად როსტოვში თამაშობს.   
გამოკვეთილი მეგოლე არ ჰყავთ. არიან ლეგიონერები, თუმცა ქართველებზე უკეთეს გუნდებში - არა. ვერონელ იონიცაზე ვთქვით და ახალი თაობიდან გამორჩეულია შემტევი ნახევარმცველი კატალინ კარპი, რომელიც წლეულს ბუქარესტის სტიაუაში გადავიდა.  
მოლდოვა დაცვით ფეხბურთს თამაშობს და სწრაფ კონტრშეტევებს მიმართავს. ასეა შინ და სტუმრადაც. უცნაური კია, რუსეთს მოსკოვში ქულებს ართმევენ, ლიხტენშტაინთან კი კიშიონიოვში აგებენ...  
ურთიერთშეხვედრები

1991. ამხანაგური. კიშინიოვი

მოლდოვა-საქართველო 2:4

0:1 ქეცბაია (5), 0:2 გიორგი დარასელია (12), 1:2 სპირიდონი (27), 2:2 ხარია (49), 2:3 მიხეილ ჯიშკარიანი (80), 2:4 ყაველაშვილი (88)

1994. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი. თბილისი

საქართველო-მოლდოვა 0:1

0;1 ოპრია (40)

1995. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი. კიშინიოვი

მოლდოვა-საქართველო 3:2

1:0 ტესტიმიცანუ (5 პენ), 2:0 მიტერევი (18), 2:1 დავით ჯანაშია (69), 3;1 მიტერევი (73), 3:2 კულიბაბა (81 ავტოგოლი)

1997. მუნდიალის შესარჩევი. ბათუმი

საქართველო-მოლდოვა 2:0

1:0 შოთა არველაძე (27), 2:0 ქინქლაძე (51 პენ)

1997. მუნდიალის შესარჩევი, კიშინიოვი

მოლდოვა-საქართველო 0:1 

0;1 ქეცბაია (10) 

2003. ამხანაგური. თბილისი

საქართველო-მოლდოვა 2:2

1:0 ჩალაძე (61), 1:1 დადუ (75), 2:1 აშვეთია (83), 2:2 დადუ (84 პენ)

2004. ამხანაგური. თირასპოლი

მოლდოვა-საქართველო 1:0 

1:0 მიტერევი (68)

2009. ამხანაგური. თბილისი

საქართველო-მოლდოვა 1:2

0;1 სოფრონი (7), 0:2 გოლოვატენკო (57), 1:2 ხიზანიშვილი (86) 

2010. ამხანაგური. კიშინიოვი

მოლდოვა-საქართველო 0:0

2011. ამხანაგური. თბილისი

საქართველო-მოლდოვა 2:0 

1:0 სანდრო კობახიძე (36), 2:0 ანანიძე (39 პენ)

ილია ნანობაშვილი