სიახლეები

გიორგი პაპუნაშვილი: ოფიციალურად ვერდერში

გაუზიარე

კარგი დრიბლინგი, მძლავრი ცაცია, დაყენებული დარტყმა – გიორგი პაპუნაშვილი აშკარად გამოირჩეოდა საქართველოს ჩემპიონატში. 19 წლის ქართველი ნახევარმცველი  ბრემენის ვერდერში გადავიდა. დავაზუსტოთ: პაპუნაშვილი ვერდერის 23-წლამდელთა გუნდში ითამაშებს. ეს გუნდი გერმანიის მესამე ლიგაში გამოდის. წლეულს მოიპოვა მესამე ლიგის საგზური. 

პაპუნაშვილი თბილისის დინამოდან ერთწლიანი იჯარის წესით გადავიდა `მუსიკოსებში~, გაის ზაფხულს კი ვერდერს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება. 

ვერდერის სპორტულმა დირექტორმა ტიმ ბოროვსკიმ პაპუნაშვილის მიმართ თბილი სიტყვები არ დაიშურა: “ის ჯერ 19 წლისაა, თუმცა საერთაშორისო გამოცდილება უკვე აქვს. პაპუნაშვილს უთამაშია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და ევროპის ლიგაზეც. მას შეტევის დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენს გუნდს აუცილებლად მოუტანს სარგებელს”. 

ბოროვსკი ახლო წარსულში ვერდერისა და გერმანიის ნაკრების ცნობილი ნახევარმცველი გახლდათ, ერთი პერიოდი კი მიუნხენის ბაიერნშიც თამაშობდა. 

პაპუნაშვილზე კი იმას ვიტყვით, რომ ახალი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია, მშვენივრად თამაშობდა საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში, 21-წლამდელებში ბოლოს სან მარინოს გაუტანა და, ალბათ, ეროვნულ გუნდშიც უფრო ხშირად მოუწევს გამოსვლა: ყველაფერი აქეთ მიდის. 

ისე, ვერდერის მწვრთნელი ვიქტორ სკრიპნიკი ახალგაზრდებს ხშირად ეყრდნობა და გასულ სეზონში არაერთხელ მოხდა, როცა ვერდერის 23-წლამდლთა გუნდიდან ათამაშებდა ფეხბურთელებს. ყველაზე ნათელი მაგალითები აიჩიკეჩი და ლორენცენი არიან – ისინი ორივე გუნდში თამაშობდნენ. 23-წლამდელებიდან დაიწყეს და დაწინაურდნენ.  

ილია ნანობაშვილი