სიახლეები

უხვგოლიანი სპარინგი ბათუმში

გაუზიარე

ქუთაისის ტორპედომ მორიგი საკონტროლო მატჩი ბათუმში, „ადელის“ სტადიონზე გამართა, სადაც საქართველოს გასული ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორს, ბათუმის დინამოს ესტუმრა.

მატჩი უხვგოლიანი გამოდგა. ანგარიში მე-5 წუთზე ტორპედოელმა დათა სიჭინავამ გახსნა, რომელმაც დავით ოდიკაძისგან მიიღო ბურთი და მეორე შეხებით საჯარიმოს გარედან ეფექტურად დაარტყა. სიჭინავა მოგვიანებით ტრავმის გამო გახდა შესაცვლელი

33-ე წუთზე ექსტორპედოელმა გიორგი ბერიაშვილმა გაათანაბრა და ტაიმის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ტაიმის დებიუტში მასპინძლებმა იძალეს. ჯერ მეკარესთან პირისპირ გასულმა დიმიტრი ტატანაშვილმა გამოიყენა შანსი, შემდეგ კი ნიკა კვანტალიანმა გაიტანა ეფექტური გოლი. 85-ე წუთზე გიორგი ქიმაძის პასით თორნიკე კაპანაძემ ძლიერი დარტყმით გაახვია ბურთი ბადეში და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:2 ბათუმელთა სასარგებლოდ.

ქუთაისელთა თავკაცმა გიორგი დარასელიამ ტორპედო ასეთი შემადგენლობით ათამაშა: სომხიშვილი (თევდორაძე 46), ოდიკაძე, ადამაძე, მირცხულავა (ნიკონოვი 85), ქიმაძე, კლიმიაშვილი (კაპანაძე 58), სიჭინავა (ბაბუნაშვილი 30), კუხიანიძე (მამასახლისი 58), კახელიშვილი (გოგუაძე 75; ნაცვლიშვილი 83), კირკიტაძე (ხურციძე 75), შინდაგორიძე (კვერნაძე 46).

მეორე დღეს კი ტორპედო საკუთარ დუბლშემადგენლობას გაეჯიბრა. პირველმა გუნდმა მეორეს 5:3 სძლია. დარასელიამ უმეტესად ის ფეხბურთელები ათამაშა, რომლებიც ბათუმში მოედანზე არ გასულან ან მცირე დროით ითამაშეს. ტორპედოს მაისური მოირგო სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნებულმა გიორგი ნერგაძემაც. მატჩში ოთარ კვერნაძემ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი თორნიკე კაპანაძის, შალვა ფურცხვანიძისა და ზურაბ ხურციძის ანგარიშზეა.

ლევან ჯანეზაშვილი