სიახლეები

მუჯირმა გურიას მწვრთნელების საქმე მოუგო

გაუზიარე

საქართველოს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ჯაბა მუჯირმა კლუბთან დაპირისპირებაში კიდევ  ერთხელ იმარჯვა. ამჯერად, მან, საფეხბურთო დავების განმიხილველ არბიტრაჟში საქმე ლანჩხუთის გურიას მოუგო: არბიტრაჟის გადაწყვეტილებით გურიას ყოფილი მწვრთნელების _ თემურ ლორიასა და ზურაბ პატარიძის სასარგებლოდ 40 500 ლარის გადახდა დაეკისრა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გუშინდელმა  სხდომამ კი არბიტრაჟის გადაწყვეტილებას ასე ვთქვათ რატიფიცირება გაუკეთა და გურია დაავალდებულა, რომ აღმნიშნული თანხა მწვრთნელებს 10 აგვისტომდე გადაუხადოს... წინააღმდეგ შემთხვევაში საქარტველოს ფეხბურთის ფედერაცია უფლებამოსილია, რომ ზესტაფონის მსგავსად ფედერაციის წევრობა გურულებსაც შეუჩეროს. 


მწვრთნელ თემურ ლორიასა და მის ასისტენტ ზურაბ პატარიძეს ლანჩხუთის გურიამ კონტრაქტი წინა ზამთარს გაუფორმა, თუმცა ყოველგვარი იურიდიული ახსნა-განმარტებების გარეშე ისინი სამსახურიდან მალევე გაათავისუფლა. არადა ორიბვე მწვრთნელს კლუბთან კონტრაქტი აკავშირებდა.

შემდეგ მწვრთნელებმა საქმე ჯაბა მუჯირამდე მიიტანეს და საქმესაც მსვლელობა ამის შემდეგ  მიეცა. მუჯირმა მწვრთნელების სიმართლე დაამტკიცა და აგერ შედეგიც _ ლანჩხუთელები კი ამბობენ თეთრსაც არ გადავიხდითო, მაგრამ სავარაუდოა, რომ მათ ყოფილი მწვრთნელების სასარგებლოდ მაინც მოუწევთ 40 500 ლარის გადახდა... 

ისე, საინტერესოა, რომ გურიამ ფედერაციის სასრგებლოდ უკვე გადაიხადა 50 ათასი ლარი, რომელიც წინა სეზონის ლიცენზირების მოთხოვნების უგუნებელყოფისთვის იყო დაანგარიშებული. 
50 ათასი ერთი და, 40 500 მეორე _ გამოდის, რომ გურია სეზონს წაგებით იწყებს...  

კობა ინასარიძე