სიახლეები

მაია მელაძე: სევილია ბარსელონას დაეთანხმა _ თბილისის აეროპორტში ყველაფერი რიგზეა

გაუზიარე

მოახლოებული სუპერთასის მატჩისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ფრიად ენერგიული და მომხიბლავი ქალბატონი მაია მელაძე ამავდროულად თბილისის მერიასთან და აეროპორტთან ურთიერთობის კოორდინატორი გახლავთ. 11 აგვისტოსთვის, სხვადასხვა მიმართულებით, როგორც უმეტეს მის კოლეგას, საქმე თითქმის ბოლომდე გაკეთებული აქვს _ დარჩა მხოლოდ სტუმრების მიღება. სტუმრებს კი ქვეყანასა და ქალაქზე პირველი შთაბეჭდილება სწორედ აეროპორტიდან ექმნებათ. შესაბამისად, სამუშაო მეტად მნიშვნელოვანი და შრომატევადია... 

სუპერთასის მატჩისთვის თბილისის აეროპორტი ერთ-ერთი ის მთავარი მხარეა, რომელთანაც უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან და ქალაქის მერიასთან ერთად სამმხრივი ხელშეკრულება გააფორმა _ გვითხრა მაია მელაძემ, _ ჩემთვის ფრიად სასიამოვნოა, რომ სწორედ აეროპორტის მიმართულებით მომეცა მუშაობის საშუალება; სასიამოვნო ასევე იმ ხალხთან მუშაობა, რომლებთანაც მაქვს ურთიერთობა _ თავ Gეოგია-ს წარმომადგენლები გოგა ჩაჩხიანი, ილთან ოქთემი და იუქელ ოლგუნი აეროპორტთან დაკავშირებულ ყველა საქმეს უაღრესად ზუსტად და, რაც მთავარია, შესაშური პუნქტუალობით ასრულებენ. ვისარგებლებ შემთხვევით და დღემდე გაწეული სამუშაოსთვის მათ დიდ მადლობას გადავუხდი, ვიმედოვნებ, რომ აეროპორტთან დაკავშირებით სუპერთასის ორგკომიტეტს პრობლემები არც მომავალში შეექმნება. ჩატარებული სამუშაოთი კმაყოფილები არიან უეფას წარმომადგენლებიც. მაგალითად, პოლონელი მაიკლ მილიცკი, ვინც დღეს უეფას წარმომადგენელია სუპერთასის მატჩზე, ვარშავაში ამას წინათ გამართულ ევროპის ლიგის ფინალზე მუშაობდა. მისი თქმით, ვარშავაშიც არ ყოფილა აეროპორტსა და შესაბამის სამსახურებს შორის ისეთი შეთანხმებული მუშაობა, როგორიც ეს ჩვენთან ნახა. სუპერთასის მატჩამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე შემიძლია ვთქვა, რომ თბილისის აეროპორტი სტუმრების მისაღებად მზად არის...  

ვინ როდის...

ვიდრე ამ თემას შევეხებოდე, სამთავრობო დაცვის სპეციალური სამსახურის ოპერატიული სამმართველოს უფროსს, ირაკლი ნათენაძეს გულისხმიერი და პროფესიული თანამშრომლობისთვის გადავუხდი მადლობას. ის ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ სტუმრების მიღება-გაცილებისას პრობლემები არ შეგვექმნას. ბარსელონამ და სევილიამ კი გვაცნობეს, რომ მატჩამდე ერთი ან ორი დღით ადრე ჩამოვლენ, ზუსტად როდის, საბოლოოდ გარკვეული ჯერ არ არის. სავარაუდოდ, ორივე გუნდი 9 აგვისტოს გვეწვევა, ხოლო ჩამოსვლის დრო კონფიდენციალურია და თქმის უფლება არ მაქვს. ვინ დახვდება მათ? მხოლოდ ფედერაციის ის წარმომადგენელი, ვინც კონკრეტულ გუნდზე იქნება მიმაგრებული, ცხადია, დაცვასთან და მოხალისეებთან ერთად. ბარსელონას წარმომადგენლებმა, რომლებიც თბილისში რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდნენ, პირდაპირ და მოურიდებლად თქვეს, რომ სიურპრიზებისგან თავი შეგვეკავებინა... ბარსელონელები, ისევე, როგორც სევილიელები, აეროპორტის ვიპ-გასასვლელიდან გამოვლენ, ჩასხდებიან ავტობუსში და სასტუმროსკენ გაემართებიან. რაკი ჩვენი აეროპორტი ბარსელონას წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და შენიშვნა არ ჰქონიათ, სევილიელებს აეროპორტის ცალკე, დამატებით შემოვლა საჭიროდ აღარ ჩაუთვლიათ. 

ბარსელონა

სხვათა შორის, ამას წინათ თბილისში ჩამოსული ბარსელონას წარმომადგენლები თავიდან საკმაოდ პრეტენზიულები იყვნენ, თავადაც ჩქარობდნენ და ჩვენც გვაჩქარებდნენ. არადა, ყველა შეხვედრა, თითოეული ნაბიჯი ზუსტად გათვლილი და დროში გაწერილი გვქონდა. მაგალითად, 12 საათზე დაგეგმილ შეხვედრაზე ამბობდნენ, 11-ზე წავიდეთო. აეროპორტი რომ დავათვალიერებინეთ და ავუხსენით, რა როგორ უნდა იყოს, როცა `დინამო-არენა~ და იქ მიმდინარე სამუშაოები ნახეს, ქალაქზეც შეექმნათ გარკვეული წარმოდგენა და ქართული სამზარეულოც დააგემოვნეს, მერე, იცოცხლეთ, ტონიც შეცვალეს და ჩვენ მიმართ გაცილებით მეტი პატივისცემა გამოხატეს.

თანმხლებნი

ზუსტად ვერ გეტყვით, ბარსელონას თვითმფრინავში ვინ და რა კატეგორიის ხალხი იქნება, მაგრამ ის კი ვიცით, რომ გუნდის თვითმფრინავით დაახლოებით 200 მგზავრი ჩამოფრინდება... გუნდის გარდა, ამ 200-ში, ალბათ, ფეხბურთელების ოჯახის წევრებიც და ჟურნალისტებიც იქნებიან. საბაჟო-საკონტროლო პროცედურებისას გართულებების ასარიდებლად წინასწარ მოვითხოვეთ მგზავრთა სრული სია. მიღებული პრაქტიკაა, რომ გუნდები თვითმფრინავიდან ვიპ-გასასვლელის გავლით სასტუმრომდე დაუბრკოლებლად უნდა მივიდნენ, აეროპორტში საჭირო და აუცილებელ პროცედურებს კი მენეჯერი მიხედავს.

ქომაგები 

ქომაგებს ქართული ტურისტული სააგენტოები მოემსახურებიან. ცხადია, ისინი ფეხბურთის ფედერაციასთან და ტავ-გეორგია-სთან  კოორდინირებულად იმუშავებენ. აეროპორტში სტუმრებს 24 მოხალისე დახვდება. ისინი სამ ცვლად იმუშავებენ და ჩამოსულებს შესაბამისად მოემსახურებიან. აეროპორტშივე განთავსდება საინფორმაციო-მისასალმებელი დაფა, რომლითაც ტურისტებს დეტალურად მიეწოდებათ მათთვის საჭირო ინფორმაცია. აეროპორტში გამწესებული მოხალისეებისთვის ტრეინინგი 8 აგვისტოსთვის გვაქვს დაგეგმილი, იქ უფრო დაწვრილებით გავივლით ყველა მნიშვნელოვან საკითხს.

გამტარუნარიანობა

თვითმფრინავების მიღება აეროპორტისთვის პრობლემა არ იქნება. თბილისს სუპერთასისთვის საკმარისი რაოდენობის თვითმფრინავის მიღება შეუძლია და არც ამ მხრივაა რაიმე საგანგაშო. მონაწილეებმა თავიდან კი ითხოვეს, რომ აეროპორტს მინიმუმ ოთხი ტერმინალი ჰქონოდა, მაგრამ მათ მოთხოვნებს თბილისის აეროპორტში სადღეისოდ არსებული ორი ტერმინალიც სათანადოდ დააკმაყოფილებს. ისე, მეტი ტერმინალი მართლაც კარგი იქნებოდა, რაც მეტოქე ქომაგების ერთად ყოფნას გამორიცხავდა. მცირე პრობლემა, შესაძლოა, სწორედ ქომაგთა გარჩევადობის მხრივ შეიქმნას, მაგრამ, იმედია, სიტუაციის დაძაბვას თავად ისინი მოერიდებიან. მოგეხსენებათ, მეტოქეები ესპანური გუნდები არიან და თვითმფრინავებიც სწორედ ესპანეთიდან ჩამოფრინდება. შესაძლოა, ერთ თვითმფრინავში ორივე გუნდის ქომაგები ერთად შეიყარნონ. მათი თბილისში გარჩევა, ალბათ, გაჭირდება და კარგი იქნება, თუ ისინიც ხელს შეგვიწყობენ და მხოლოდ მათთვის გამოყოფილ ავტობუსებს მიაშურებენ. მით უმეტეს, მოხალისეებიც მიანიშნებენ, რომელი კლუბის ქომაგების ავტობუსი სად იქნება გაჩერებული და მათ საგანგებო ფირნიშებიც უჩვენებენ ავტობუსთა ადგილმდებარეობას.  

დაცვა 

ფორსმაჟორული სიტუაციებისგან დაზღვეული არავინაა და, ცხადია, ამ მხრივ გამონაკლისი არც მომავალი სუპერთასი იქნება, მაგრამ სტუმრების კომფორტისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აეროპორტში ყველაფერი გაკეთდება. უწესო ქომაგები ყველა ქვეყანაში არიან და ნუ გაგვიკვირდება, რომ რამდენიმე ასეთი ჩვენთანაც მოიძებნოს. ამ მხრივ, მაგალითად, კარდიფიც გამოირჩა, სადაც სუპერთასის წინა მატჩი ჩატარდა და ჩვენც ვიყავით მიწვეულნი. გუნდების ჩამოსვლისას ჩვენს აეროპორტში მობილიზებული იქნება პოლიციისა და დაცვის კერძო სამსახურები... 

უეფა

უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი თბილისში, ალბათ, კერძო თვითმფრინავით ჩამოფრინდება და, ცხადია, ისიც ვიპ-გასასვლელით ისარგებლებს, უეფას სხვა, დაახლოებით 50 თანამშრომელს კი ცალკე ველით. 

მატჩის შემდეგ

როგორც უკვე ვთქვი, სამთავრობო დაცვის სპეციალური სამსახურის ოპერატიული სამმართველოს უფროსი ირაკლი ნათენაძე ჩვენს მხარდამხარ მუშაობს. სწორედ მასთან და მის სამსახურთან შეთანხმებით, გუნდებს ავტობუსი სასტუმროდან პირდაპირ თვითმფრინავის ტრაპთან მიიყვანს. საბაჟო-საპასპორტო პროცედურებს, ისევე, როგორც ჩამოფრენისას, გუნდების მენეჯერები მოაგვარებენ. თბილისიდან ორივე გუნდი მატჩის დამთავრებისთანავე გაემგზავრება.

კობა ინასარიძე