სიახლეები

რევაზ არველაძე: კენჭისყრით, რა თქმა უნდა, კმაყოფილები ვართ

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონტის შესარჩევი ეტაპის წლისყრიდან დაბრუნდა და თან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ისეთი ფოტოები მოაყოლეს, რომელიც ერთხელაც ადასტურებს უეფას პრეზიდენტ მიშელ პალტინისთან   
მის ახლომეგობრულ ურთიერთობას... პლატინი და არველაძე ერთმანეთს სანქტ-პეტერბურგში შეხვდნენ, წილისყრამდე და მის შემდეგაც ისინი ერთად იყვნენ და ცხადია, მათი შეხვედრა არც ფოტო ობიექტივს გამორჩენია... 
რევაზ არველაძეს გუშინ შევხვდით და ფოტოების კომენტარამდე, ცხადია, ჯერ სიტყვა კენჭისყრის შედეგებზე ჩამოვუგდეთ:

კენჭისყრით, რა თქმა უნდა, კმაყოფილები ვართ. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მეექვსე კალათაში ვიყავით და მეტოქეებად უელსი, ავსტრია, სერბეთი, ირლანდია და მოლდოვა გვერგო, გამოდის, ჯგუფი დაახლოებით თანაბარი დონის გუნდებით დაკომპლექტდა. დაბალანებული ჯგუფია და კაცმა არ იცის, შესარჩევის ბოლოს ცხრილში რა მდგომარეობა იქნება. მეტოქეებზე, საქართველოს ნაკრების შანსებზე, ცხადია, ჩვენი ეროვნული გუნდის მწვრთნელზე მეტს არ ვიტყვი, მაგრამ ის ნაღდია, რომ საქართველოს მომავალ შესარჩევამდე მოსამზადებლად და თამაშის ხარისხის გასაუმჯობესებლად დრო საკმაო აქვს.

სანქტ-პეტერბურგში მომავალ მეტოქეთა წარმომადგენლებს არ შეხვედრილხართ?

როგორც ასეთი, ჯგუფური შეხვედრა პეტერბურგში არ ყოფილა. რაც შეეხება, მომავალი შესარჩევი ჯგუფის კალენდარს, ის უეფამ ყველასთვის ერთი პრინციპით შეადგინა და საპრეტენზიო არავის არაფერი ჰქონია. კალენდარი, ყველამ ფაქტად მიიღო. თუკი რომელიმე გუნდს კალენდართან დაკავშირებით რაიმე პრობლემა თუ შეექმნება, მომავალში ერთად მოვაგვარებთ. საამისოდ დრო ბევრია. 

უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის შეხვდით. რაზე ისაუბრეთ?

განსაკუთრებული არაფერი. მომავალი სუპერთასის გარშემო და მის მოახლოებულ ვიზიტზე ვისაუბრეთ. გავიხსენეთ არც თუ შორეული წარსული. ასევე განვიხილეთ სადღეისოდ მეტ-ნაკლებად აქტუალური რამდენიმე საკითხი. წილისყრის შედეგებსაც შევეხეთ, თუმცა ამ თემაზე სიტყვა დიდხანს არ გაგვიგრძელებია...

სანქტ-პეტერბურგში ჩატარებულმა წილისყრამ მშვიდობიანად ჩაიარა?

არანაირი დაძაბულობა პეტერბურგში არ იგრძნობოდა. წილისყრა მშვიდ ატმოსფეროში ჩატარდა. წილისყრისა და კალენდრის გარდა პეტერბურგში არაფერი ყოფილა, მშვიდი და საქმიანი ატმოსფერო იყო. 

ერთხელაც გკითხავთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის წინასაარჩევნო კამპანიას როდის იწყებთ?

ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, მაგრამ ის კი შემიძლია ვთქვა, რომ მაქვს ჩემი საარჩევნო გეგმები. ვიცი, რა, როდის და როგორ გავაკეთო; ვიცი, როგორ უნდა ამაღლდეს ქართული ფეხბურთის დონე და ვიცი, როგორ წავმართო ჩემი საარჩევნო კომპანია. 

და ერთიც, უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინისთან სანქტ-პეტერბურგში გადაღებულ და უკვე გავრცელებულ ფოტოებზე უნდა გკითხოთ...

სხვათა შორის სამსახურში ვნახე ეს ფოტოები და გაკვირვებული დავრჩი, როგორ მოახერხეს ამ კადრების დაჭერა... ფოტოებზე, გადაჭარბებული არაფერია. აბსოლუტურად ბუნებრივი კადრებია, რომელიც ზუსტად ასახავს ჩემი და მიშელ პლატინის ურთიერთობას. თუ არ ვცდები, წილისყრამდე შეხვედრის მომენტებია დაჭერილი... კარგა ხანია მას ვიცნობ, ჯერ კიდევ უეფას პრეზიდენტობამდე მქონდა მასთან მეგობრული ურთიერთობა.

რევაზ არველაძეს აღარ დაუკონკრეტებია, მაგრამ ჩვენ კი გაგვახსენდა, რევაზ და არჩილ არველაძეებს, თავის დროზე, სწორედ პლატინისთან და ალან ჟირესთან ერთად სპორტის აკადემიის კორტებზე გრეხეთბოლიც კი აქვთ ნათამაშევი, რომლის `არბიტრიც~ სფფ-ის მაშინდელი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია გახლდათ... 

კობა ინასარიძე