სიახლეები

ნიკა ძალამიძე: რიზესფორში სამედიცინო შემოწმებაღა დარჩა

გაუზიარე

23 წლის ქართველი შემტევი ნიკა ძალამიძე პოლონური იაგელონიადან თურქულ რიზესფორში გადადის. თურქულ პრესაში დაიწერა, რომ ძალამიძეს სივასფორი ყიდულობდა, თუმცა ეს არასწორი ინფორმაციაა – თავად ნიკამ დაგვიდასტურა, რიზესფორთან ყველაფერზე შეთანხმდა და სამედიცინო შემოწმებაღა დამრჩაო. 

“პარასკევს ჩავალ თურქეთში და რიზესფორში სამედიცინო შემოწმებას გავივლი, მერე კი კონტრაქტს გავაფორმებ. რატომ მივდივარ იაგელონიადან? უკვე დრო იყო, კარიერაში რაღაც შემეცვალა. თანაც, თურქეთის სუპერლიგა საკმაოდ ძლიერია” – გვითხრა ძალამიძემ. 

ქალაქი რიზე საქართველოსთან ახლოსაა, ბათუმიდან 115 კილომეტრში. გუნდმა სუპერლიგის გასულ სეზონში მე-15 ადგილი (ბოლოდან მეოთხე) დაიკავა. რიზესფორს რამდენიმე ლეგიონერი ჰყავს, მათგან ყველაზე ცნობილი კი კამერუნის ნაკრების მეკარე შარლ იტანჯე გახლავთ. სხვათა შორის, ორი დღის წინ რიზესფორმა იაგელონიადან პოლონელი ფორვარდი პაველ ტუშინსკი შეიძინა. 

ძალამიძემ იაგელონიაში ბოლო მატჩი გასულ ხუთშაბათს ჩაატარა: ევროპის ლიგაზე მისმა გუნდმა კვიპროსულ ომონიასთან 0:1 წააგო და გავარდა. 

ნიკას საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ეროვნულ გუნდშიც 5 მატჩი მოუგროვდა. ქართველი 2012 წელს გადავიდა იაგელონიაში, 10 ნომრით თამაშობდა  და გუნდში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახლდათ. 

ილია ნანობაშვილი