სიახლეები

გიორგი ფოფხაძე: ფლამურტარიში ჩეხი მწვრთნელის გამო წავედი

გაუზიარე

გიორგი ფოფხაძემ ალბანურ ფლამურტარისთან კონტრაქტი გააფორმა.  ამ კლუბში გასული სეზონი გაატარა ნიკა გელაშვილმა, რომელიც წლეულს კვიპროსულ პაფოსში გადავიდა. ფლამურტარი ქართველის გარეშე არ დარჩა: ამჯერად 29 წლის მარცხენა მცველი ფოფხაძე შეიმატა. 

ალბანეთის ნაკრებს აშკარა პროგრესი აქვს, უკვე გრანდებთან მოგებაც დაიწყო (პორტუგალიასთან, საფრანგეთთან...), თუმცა ალბანეთის ჩემპიონატი მაინც უცნობი რჩება გულშემატკივრებისთვის. ფოფხაძეს ვკითხეთ, თუ რატომ გადაწყვიტა ფლამურტარიში წასვლა: 

“იაგელონიადან რომ წამოვედი, თბილისში ვიყავი და წინადადებებს ველოდი. სერიოზული არაფერი გამოჩნდა, უკლუბოდ დიდხანს ყოფნა კი აღარ მინდოდა და ფლამურტარის წინადადებას დავთანხმდი. თან კარგი პირობები შემომთავაზეს. მთავარი მიზეზი, რის გამოც აქ გადმოვედი, მწვრთნელია. ფლამურტარის ჩეხი მწვრთნელი სტანისლავ ლევი პოლონურ შლიონსკში მუშაობდა და ადრეც მოვწონდი. კარგი სპეციალისტია”. 

ფოფხაძეს ვკითხეთ, საქართველოს გუნდებიდან თუ ჰქონდა მიწვევა. გვიპასუხა, საინტერესო არაფერი ყოფილაო. 

გიორგის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 11 მატჩი ჩაუტარებია. რაც შეეხება საკლუბო კარიერას, უთამაშია თბილისის თბილისში, ბერძნული ოლიმპიაკოსის ახალგაზრდულ გუნდში, დანიის ვიბორგში, ზესტაფონში, ავსტრიის შტურმში, აზერბაიჯანულ ბაკიში, პოლონურ იაგელონიაში, ბოლნისის სიონში.

ფლამურტარის რაც შეეხება, გუნდმა ალბანეთის ჩემპიონატში მეექვსე ადგილი დაიკავა. 

ილია ნანობაშვილი