სიახლეები

TROPHY TOUR - ევროთასები ახალციხეში

გაუზიარე

,,ჩემს ბავშვობაში იყო ერთი დიდი ყუთი. იმ ყუთში დამაგრებული იყო პატარა რაღაც, რომელიც, დენში რომ შეაერთებდნენ, ინთებოდა. მერე გავიგე, რომ ტელევიზორი ერქვა.  ასეთი ყუთი სოფელში იყო ორი ცალი. აქედან ერთი ბიძაჩემის სახლში, სოფლის მასწავლებელი იყო და შეეძლო ეყიდა. იკრიბებოდა მთელი სოფელი. ნაწილი ბიძაჩემთან, ნაწილიც - მეორე სახლში, სადაც ეს ყუთი იყო და უყურებდნენ რაღაცას. მეც ვუყურებდი, ყოველთვის... მერე გავიგე, რომ თურმე ფეხბურთი იყო. თუმცა ეკრანზე ვერც ბურთს ვხედავადი და ზოგჯერ ვერც მოთამაშეებს ვარჩევდი. მაინც ჯიუტად ვიჯექი და ვუყურებდი, თანასოფლელებთან ერთად მეც მიხაროდა და მტკიოდა ის, რასაც ეს ერთ პატარა განათებულ ოთხკუთხედს მიჩერებული თანასოფლელები განიცდიდნენ. ამ დასახლებებსა და სოფლებში მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ევროთასების ხილვა ასე ახლოდან შეიძლებოდა“. 

ასეთი ისტორია მოვისმინე იქ, სადაც  UEFA CUP Trophy Journey–ს დროს შესვლა მოგვიხდა. მოგზაურობა, რომელიც უეფასთანაა შეთახმებული და ფეხბურთის პოპულარიზაციას ემსახურება, საქართველოში ფოთიდან 3 ივლისს დაიწყო. თუმცა მე ამ მსვლელობას ოდნავ მოგვიანებით შევუერთდ. უეფას პრესტიჟული თასები 1 აგვისტომდე თითქმის მთელს საქართველოს მოივლიან.

ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო...

ფოთის შემდეგ სახელდახელო კუთხის აწყობას სფფ–ის თანამშრომლები ლაშა და გიორგი უკვე ასრულებდნენ, როდესაც ჩვენც შევუერთდით. ახალციხეში დღის 12 საათზე, თაკარა მზის შუაგულზე, თეატრის შენობის წინ ხალხი ნელ–ნელა შეკრებას იწყებდა. უცებ სამი პატარა ბიჭუნა, დაახლოებით 8–9 წლისანი, სახელდახელოდ შემოღობილ პერიმეტრში შემოქანდა. სულს ძლივს ითქვამდნენ. როდესაც გაიგეს, რომ არ დააგვიანდათ და ჯერ სანახაობა წინ იყო, დამშვიდდნენ და იქვე ბორდიურზე ჩამოსხდნენ:

„ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო“... – უცებ იძახის ერთი და ჩემპიონთა ლიგის, სუპერთასის და ევროპა ლიგის წარწერებიანი კვარცხლბეკებისკენ უთითებს.

„არა, ბიჭო. იქით ვერცხლი, შუაში ოქრო და აქეთ ბრინჯაო“ – უსწორებს მეორე.

 „იცით, ეს რა არის?“ – შევეკითხე პატარებს - „კი, ფეხბურთის თასებია. ის მესიმ მოიგო“, – მეუბნება ერთ-ერთი და ჩემპიონთა ლიგის კვარცხლბეკისკენ მითითებს, რომლის გასწვრივაც, ბანერზე, „ბარსელონას“ ლოგოა დატანებული.

ამასობაში „ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო“ თეთრი დეფენდერიდან ამოალაგეს და მათთვის განკუთვნილ ადგილას განათავსეს. თასებთან ფოტოების გადაღების მსურველთა რიცხვი იზრდება.  სამი ბიჭუნა კი, რომლებიც ამ რიგში პირველები მოვიდნენ, იქვე, კუთხეში ისხდნენ და ნანატრ თასებთან მოსვლას ვერ ბედავდნენ.

„ტროფი ტურის“ წესები ისევე მკაცრია, როგორიც უეფას ტურნირებზე. ფოტოს გადაღება შესაძლებელია სამივე თასთან ერთად, ან ცალკე – მხოლოდ სუპერთასთან.

ეს გოგოები ახალციხის რაიონის საფეხბურთო ნაკრების წევრები არიან. სულ ცოტა ხნის წინ მათ ბათუმში, სკოლბურთის ტურნირზე მე–4 ადგილი დაიკავეს. მათი მეკარე კი ფინალურ ოთხეულში საუკეთესოდ აღიარეს. წელს სკოლბურთში გოგონათა 230 გუნდი მონაწილეობდა და ტურნირი რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. ახალციხელი გოგონები 2 300 მონაწილეს შორის ის იღბლიანები აღმოჩნდნენ, რომლებმაც ფინალურ ოთხეულში გასვლა მოახერხეს. მათ სჯერათ, რომ მომავალში სკოლბურთის მოგებას, ხოლო, როცა გაიზრდებიან, ქალთა შორის ჩემპიონთა თასის ჩამოტანას ახალციხეშიც მოახერხებენ. ახლა მათი მთავარი საზრუნავი უეფას თასებთან ფოტოების გადაღება და ახალციხის ქალთა გუნდისთვის სახელის შერჩევაა. სხვათა შორის, ჩემი ჩაწოდებული „პასიც“მოეწონათ – გუნდს „რაბათი“ დაარქვან.

რაბათს თასები მოუხდა...

ვიდრე ახალციხის ქალთა საფეხბურთო კლუბს „რაბათს“ დაარქმევენ და შემდეგ ეს კლუბი ევროსარბილზე იტყვის თავის სათქმელს, სამცხის ისტორიულ ქალაქის ეს უნიკალური ძეგლი მნახველებს ნუსხავს. ისე მოხდა, რომ რაბათის კომპლექსში თქვენი მონა-მორჩილი, რომელიც თავისი ხეტიალა ხასიათით ბევრ დიდ მოგზაურს არ ჩამოუვარდება, ციხე–ქალაქში პირველად მოვხვდი.

ქალაქი ქალაქში, რომლის ისტორიაც მე-11 საუკუნიდან იწყება და თავის დროზე ჯაყელების რეზიდენცია ყოფილა, დღეს ისტორიული ციხე-სიმაგრეების, კოშკების, ეკლესიების, მეჩეთის და უკვე თანამედროვეობასთან მისადაგებული კაფე-რესტორნების ერთობლიობაა. რაბათში ბოდიალისას, სხვების არ ვიცი, მაგრამ ჩემს წარმოდგენაში გაცოცხლდა მონათა ბაზარი, როცა ბევრისთვის სამშობლო წაურთმევიათ. დღეს ის კელიები, სადაც, სავარაუდოდ, მონები ჰყავდათ თვეობით ჩაკეტილი, ისევე ცარიელია, როგორც ფაშების მოსასვენებელი ადგილები.

რაბათის ციხეში წალკოტსა და ჯოჯოხეთს შორის ზონას ერთი პატარა გვირაბი ჰყოფს. სწორედ ამ გვირაბში მოვახერხე ჩემი კამერით ფედერაციის ფოტოგრაფის, ლაშა კუპრაშვილის დაფიქსირება, ვინც პროფესიული სიჯიუტით  ცდილობდა,  უეფას „განძი“ ყველაზე ლამაზ ადგილებში გადაეღო.

არ ვიცი, სიცხის ბრალი იყო თუ გვირაბებსა და ლაბირინთებს შორის არსებული სხვაობისა განათებაში, მაგრამ ერთი ცხადია – ე.წ. მონების მოედნიდან ფაშების ბაღში გამოსული თურქები თვალებს არ უჯერებდნენ, როდესაც რაბათში უეფას სამი თასი დაინახეს.

„იზმირიდან ვარ, თუმცა გალათასარაის ვქომაგობ. ამ თასზე სადღაც ჩვენი დროშაც უნდა იყოს, რადგან 1999–2000 წლებში ავიღეთ“, – მითხრა ერთ-ერთმა, უეფას ევროპის ლიგის თასთან მიახლოებულმა და შეეცადა, აეხსნა ჩემთვის ამ თასთან „სიახლოვის“ მიზეზი. თასის სადგამზე გამოსახულ დროშებს შორის, როგორც იქნა, თურქეთის დროშა დაინახა და მიმითითა, აი, ხომ გეუბნებოდიო. თასები საქართველოში რატომ მოგზაურობენო, მკითხა და პასუხის შემდეგ სინანული ვერ დამალა, რადგან არცოდნის გამო საქართველოში სტუმრობის დრო ვერ გათვალა და ბილეთების შესაძენად თადარიგის დაჭერა დააგვიანა.

დიდხანს ფიქრობდა 17 წლის სტუმარი იჟევსკიდან, ნაღდად უეფას სამი მთავარი საკლუბო თასი იყო გამოფენილი რაბათში თუ ეს მხოლოდ მირაჟი იყო. ბოლოს, როგორც იქნა, გადაწყვიტა ჩვენთან მოახლოვება და მოკრძალებულად გვთხოვა, ფოტოს გადაღება თუ შეიძლებაო. „ვიცი, რომ 11 აგვისტოს სუპერთასი პირველად ჩატარდება თბილისში. ძალიან მინდოდა დასწრება, მაგრამ ბილეთის შეძენა ვერ მოვახერხე. ერთი წელია, ფეხბურთის თამაშს თავი დავანებე, რადგან იჟევსკში ეს საქმე უპერსპექტივოდ მივიჩნიე. მთელი ცხოვრებაა, თბილისის დინამოში თამაშზე ვოცნებობ. კლუბს კარგი საფეხბურთო აკადემია ჰქონია და ხომ არ იცით, როგორ შეიძლება მოვხვდე ამ აკადემიაში“, მკითხა ჭაბუკმა რუსმა, რომელსაც საქართველო ძალიან უყვარს და სამი წელია, ბებიასთან ერთად, როცა ახერხებს, აქ სამოგზაუროდ ჩამოდის.

სტუმარს შევპირდი, გავიგებდი, როგორ შეეძლო ოცნების ახდენა. თბილისში დაბრუნებისას კი დიდხანს ვფიქრობდი, რატომ უნდა უყვარდეს რუსეთის ქალაქ იჟევსკის მკვიდრს მისთვის უცხო ქვეყნის კლუბი ისე, რომ აქ გადმოსვლა და ცხოვრება სურდეს.

უეფას საკლუბო თასებთან ერთად ჩემი პირველი მოგზაურობის შესახებ მოკლედ გეტყვით, რომ რაბათს თასები ძალიან მოუხდა.

თამარ ჯიშკარიანი

სპეციალურად ,,ჩვენი თამაშისთვის“