სიახლეები

ზვიად სიჭინავა: არაფრის არ მეშინია! ანუ, როცა სიკეთეს სისუსტედ გითვლიან...

გაუზიარე

27 ივლისს  პრაიმტაიმში გამოქვეყნდა ინტერვიუ ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან სათაურით: კახა კალაძე – სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში უნდა ჩაერიოს. ინტერვიუში ვიცე-პრემიერი  საუბრობს სახელმწიფოს მხრიდან ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში ჩარევის აუცილებლობაზე. 

გთავაზობთ ფრაგმენტს პრაიმტაიმის ინტერვიუდან კახა კალაძესთან:

- ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გადაცემაში კობიაშვილის სახელი თქვენსას დაუკავშირეს და განაცხადეს, რომ ის სამთავრობო კანდიდატია და სახელმწიფო არჩევნებში ჩაერევა. ჩაერევა სახელმწიფო არჩევნებში?

სახელმწიფო უნდა ჩაერიოს. რომ არ ჩაერიოს, ეს იქნება დანაშაული და პრობლემა. სახელმწიფო ყოველწლიურად დაახლოებით 40 მილიონზე მეტს ხარჯავს ქართულ ფეხბურთში. დღეს ეტყობა ქართულ ფეხბურთს რაიმე, რომ 40 მილიონი ლარი იხარჯება? ის, რაც ხდება ფეხბურთის ფედერაციაში, ის ჭაობი, რაც არის, უნდა დავასრულოთ ერთიანი ძალისხმევით. უნდა იყოს ჩართული არა მარტო ხელისუფლება, მთლიანად საფეხბურთო სამყარო, გულშემატკივარი, რადგან ის მძიმე მდგომარეობა წლებია, მოგვდევს და ყოველ წელს იქმნება შთაბეჭდილება, რომ მომავალი წელი იქნება კარგი, გვექნება სიახლე, განვვითარდებით. პირიქით, ჭაობში მივდივართ. ეს არის ძალიან მძიმე და უნდა შევცვალოთ.

მაგდა კლდიაშვილი, პრაიმტაიმი,  27.07.2015

ამ განცხადებასთან დაკავშირებით ტელეკომპანია ტვს-მა და „მაესტრომ“ კომენტარი სთხოვეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ზვიად სიჭინავას.

ზვიად სიჭინავა:

...ამ განცხადების მიხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება აპირებს იგივე ხაზის გატარებას, რაშიც თავად არაერთხელ სდებდა ბრალს წინა ხელისუფლებას, თუნდაც გიორგი ნემსაძის იძულებით გადაყენებასთან დაკავშირებით...

...როდესაც ხდება აპელირება 40 მილიონ ლარზე, ალბათ, საუბარია თანხაზე, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად ახმარს ფეხბურთს ძირითადად მუნიციპალური კლუბების თუ ბავშვთა საფეხბურთო სკოლების დაფინანსების თუ მათი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სახით. მე მომხრე ვარ, შესწავლილ იქნას ამ თანხის ათვისების მიზნობრიობა, ისიც, თუ როგორ და რა პრინციპით ხდება დაფინანსება. მზად ვარ, ამ მხრივ ვითანამშრომლო ნებისმიერ უფლებამოსილ უწყებასთან. მიმაჩნია, რომ ეს სწორედ სახელმწიფო სამსახურების საქმეა, შეამოწმონ ამ თანხების ხარჯვის მართებულობა, რადგან თავად სახელმწიფოა ამ კლუბების დამფინანსებელი. ამ თანხებთან ფედერაციას არანაირი შეხება არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს. ამდენად, რასაც ფედერაცია არ განკარგავს, ბუნებრივია, იმაზე პასუხისმგებლობას ვერ მოსთხოვ...

...უშუალოდ ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფოსგან იღებს დაახლოებით 7 მილიონ ლარს. საშემოსავლო, მოგების, ქონების და სხვა გადასახადების სახით სახელმწიფოს ბიუჯეტში ჩვენი უწყებიდან ირიცხება დაახლოებით 5 მილიონი ლარი. ამდენად, ნათელია, რომ რეალურად სახელმწიფოსგან ვიღებთ არა 40 მილიონს, არამედ მაქსიმუმ 2 მილიონ ლარს, ამიტომ საჭიროა მეტი სიზუსტითა და სიფრთხილით მოვეკიდოთ ციფრებს, რათა ავირიდოთ ყოველგვარი მანიპულაციები...

...რაც შეეხება გაუთავებელ, დაუსრულებელ საუბრებს ქართული ფეხბურთის ჭაობში ყოფნის შესახებ. მე ამ კითხვას ბრალდებების ადრესატებს შევუბრუნებდი: გთხოვთ, დამისახელოთ იმ უმაღლესი კლასის ფეხბურთელების ჩამონათვალი, რომლებიც ეროვნულ ნაკრებს  მიეწოდა ბოლო 8-9 წლის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კლუბებიდან და საფეხბურთო სკოლებიდან...

...თუ დაკვირვებული ხართ, მე არასოდეს  ვპასუხობ თავდასხმებს და პიროვნულ შეურაცხყოფას, რაც ამდენი ხანია, ჩემ მიმართ გაუთავებლად ისმის. არის ასეთი გამოთქმა: ,,სიკეთეს ზოგი სისუსტედ გითვლის“. მინდა, განვმარტო, არაფრის და არავის არ მეშინია და თუკი ღირსების შემლახავ გამონათქვამებს შეურაცხყოფითვე არ ვპასუხობ, არა იმიტომ, რომ რამის შიში მაქვს. არ მეშინია იმიტომ, რომ პასუხისმგებელი ვარ ჩემს საქმიანობასა და გამონათქვამებზე; არ მეშინია იმიტომ, რომ მაქვს სამი დიდი სკოლა გავლილი: ზუგდიდის მე-4 სკოლა, ავღანეთი და 90-იანი წლების მოსკოვი, რომელმაც ბევრი სიცოცხლე შეიწირა და საიდანაც  მხოლოდ ჭკვიანი ხალხი დარჩა გამარჯვებული...

...ბევრი მათგანი, ვინც სუპერთასის მატჩის ბილეთებს სპეკულაციურ ფასში ყიდის, ამას აკეთებს არა იმიტომ, რომ ეს მისი ხელობაა, არამედ უმთავრესად იმიტომ, რომ ბანკის ვალები გაისტუმროს და სული მოითქვას. მოსახლეობის მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე კი, პასუხისმგებლობას ზვიად სიჭინავას ნუ დააკისრებთ...

...ხომ არ მიბიძგებს ეს შემოტევები, ხელახლა ვიყარო კენჭი არჩევნებში? ათასგზის ვთქვი ამის შესახებ და თუ ვინმესთვის ეს კიდევ გაუგებარია, რაღა გითხრათ?! ერთი რამ ვერ გამიგია: თუკი ასეთი ცუდი მმართველია ზვიად სიჭინავა, ჩემი კენჭისყრა ზოგიერთს ასე რატომღა აშინებს?!

...11 აგვისტოს შემდეგ, მეორე დღეს ფედერაციის თანამშრომლები უეფას დელეგაციის გუნდთან ამხანაგურ მატჩს ვითამაშებთ, მერე უეფას წარვუდგენ ხარჯების ნუსხას და დიდი იმედი მაქვს, რომ ორიოდე წელიწადში თბილისი კიდევ ერთი დიდი მატჩის მასპინძელი იქნება...

რედაქციისგან: დასანანია, რომ ახლაც, 2015 წელს კვლავაც გვიწევს იმის შეხსენება, რომ სახელმწიფოს, ანუ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის  ჩარევა ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში დაუშვებელია როგორც ეროვნული ფედერაციის, ისე უეფას წესდების თანახმად. ნებისმიერი ამგვარი ქმედება უხეშად არღვევს სფფ-ის უფლებებს და მსგავს შემთხვევებს უეფასგან ყოველთვის მყისიერი რეაქცია მოსდევს.  ფეხბურთის ყველა მოყვარულისთვის ცნობილია, რომ სახელისუფლებო სტრუქტურების ჩარევას უეფა მკაცრი სანქციებით პასუხობს, რაც გამოიხატება
ეროვნული ფედერაციის წევრობის შეჩერებით და ჩვენი ნაკრები თუ საკლუბო გუნდების საერთაშორისო არენიდან მოკვეთით. ამიტომ, ღრმად გვწამს, რომ ყველა, ვისაც აფიქრებს ჩვენი ფეხბურთის მომავალი, იხელმძღვანელებს უეფას პრინციპებისა და მოთხოვნების შესაბამისად, გამორიცხავს კანდიდატებსა თუ დელეგატებზე ზეწოლას და უზრუნველყოფს წლევანდელი არჩევნების მშვიდ და საქმიან ვითარებაში ჩატარებას.

საკამათო არ უნდა იყოს, რომ სხვაგვარი დამოკიდებულება ხელს ვერ შეუწყობს სუპერთასი 2015-ის მაღალ ორგანიზაციულ დონეზე ჩატარებასაც. ეს მოვლენა კი, მხედველობაში გვაქვს 11 აგვისტოს მატჩი, წარმატებულად ვერ ჩატარდება ყველა ორგანიზატორი მხარის: ფედერაციის, მერიის და სამთავრობო უწყებების მჭიდრო და საქმიანი თანამშრომლობის გარეშე. ნებისმიერი სახის დაძაბულობის გაჩენა ყოველთვის უდროო და უადგილოა, მით უფრო, სუპერთასამდე ორიოდე კვირით ადრე. ამას, გვჯერა, სრულად აცნობიერებს ყველა, ვისაც ქართულ ფეხბურთზე პირდაპირი თუ არაპირდაპირი გავლენა აქვს, ვისაც ეკისრება პასუხისმგებლობა სუპერთასის უეფას სტანდარტებით გამართვასა და ჩვენი ფეხბურთის მომავალზე.