სიახლეები

სუპერთასის კიდევ ერთი სიკეთე, მოხალისეთა უკვე ნაცადი დიდი რაზმი, რომელიც ქვეყანას გამოადგება

გაუზიარე

უდავოა, რომ ნებისმიერი მაღალი რანგის შეხვედრის სათანადო დონეზე ჩასატარებლად აუცილებელია მოხალისეთა გამართული საქმიანობა, მითუმეტეს, როდესაც საუბარია უეფას სუპერთასზე.

ბარსელონა-სევილიას მატჩის მომსახურე მოხალისეებმა დაკისრებულ მოვალეობას თავი მშვენივრად გაართვეს და თავისი წონადი წვლილიც შეიტანეს ამ დიდ საფეხბურთო ზეიმში. გუშინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ და მოხალისეთა პროგრამის კოორდინატორმა გიორგი ხაჩიძემმოხალისეები უეფას მიერ დამზადებული სპეციალური სუვენირებით და მიშელ პლატინის ხელმოწერილი სიგელებით დაასაჩუქრეს.

რევაზ არველაძე: "ძალიან  მიხარია, რომ ახლაც სუპერთასის მაისურები გაცვიათ და ეს თემა თქვენთვის კვლავაც აქტუალურია.მეც კიდევ დიდი ხანი ვაპირებ სუპერთასის ჩანთით სიარულს და ძალიან მინდა, ჩვენს ქალაქში რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს სუპერთასის ბრწყინვალე მატჩით გამოწვეული აჟიოტაჟი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს, რადგან სუპერთასის მატჩის ჩატარება ნიშნავდა დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც თქვენ კარგად გქონდათ გათვითცნობიერებული. ასე გამართული და ხარისხიანი საქმიანობით თქვენ პირველ რიგში ემსახურეთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ქალაქს, შემდეგ კი ფეხბურთს და ჩამოსულ სტუმრებს.

დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი დაგვეხმარება ნაკრების თამაშებზე, 2017 წელს გასამართ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე და კიდევ ბევრ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გიორგი ხაჩიძეს, რომელიც ახლაც მშვენივრად გაუძღვა დავალებულ საქმეს."

გიორგი ხაჩიძე: "როგორც მთლიანად სუპერთასის მატჩი, ასევე მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი _ მოხალისეთა კორპუსი საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული და ამის გამო უეფას წარმომადგენელთაგან მადლობა არაერთხელ დავიმსახურეთ. მოგეხსენებათ, მოხალისეებს გადანაწილებულები იყვნენ სხვადასხვა მიმართულებებზე და თითოეულ პოზიციაზე მათ მიერ გაწეული სამუშაოთი კმაყოფილები ვართ, რის გამოც მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

ჩვენ გვექნება მონაცემთა ბაზა და ყოველ მომდევნო თამაშს უფრო მეტი გამოცდილებით და მეტად მომზადებულები შევხვდებით. მინდა, ყველამ კარგად გაიგოს მოხალისეთა ინსტიტუტის დანიშნულება. სტადიონზე მისულგულშემატკივარსშესაბამის განწყობას პირველისწორედ მოხალისე უქმნის, ამიტომაც ევროპის საფეხბურთო ქვეყნებში მათთან მუშაობას და სათანადო ტრენინგს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ძალიან სასიხარულოა და ამას უცხოელი სტუმრებიც აღნიშნავენ, რომ საქართველოში ამ მხრივ სერიოზული პროგრესი გვაქვს. 

აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ მოხალისეებს არამარტო მატჩისას, არამედ მანამდეც,რამდენიმე დღით ადრე მოუწიათ ამ ბატალიებში ჩართვამ და საკმაოდ დატვირთული გრაფიკიც ჰქონდათ, მაგრამ, გავიმეორებ, თავი ყველაფერს მშვენივრად გაართვეს.

ადრე მათ საჩუქრად გადაეცათ ამუნიცია, ახლა კი _ უეფას მიერ საგანგებოდსუპერთასისთვისდამზადებული დინამიკები და შესაბამისი სიგელები, რაც მათი შრომის დაფასების კიდევ ერთი გამოხატულებაა."

დაჯილდოების შემდეგ რამდენიმე მოხალისეს გავესაუბრეთ.

გიორგი უგულავა: "როგორც სპორტისა და, კერძოდ, ფეხბურთის მოყვარულს, დიდი სურვილი მქონდა, ამ მნიშვნელოვანი მოვლენის მონაწილე ვყოფილიყავი. მე ვსაქმიანობდი მედიასთან და ამ მხრივ უდიდესი გამოცდილება შევიძინე _ ჟურნალისტი ვარ და უცხოელ კოლეგებთან კონტაქტი ამ გამოცდილების მიღებაში დამეხმარა.

ყველამ დაინახა,თუ რა დონეზე იმუშავეს იმ სტრუქტურებმა, რომლებიც სუპერთასის ორგანიზებაში იყვნენ ჩართული და ვფიქრობ, დავამტკიცეთ, რომ თბილისი მზად არის ნებისმიერი დონის შეხვედრის ჩასატარებლად."

თორნიკე გორდელაძე:"ფეხბურთი ჩემი ცხოვრების ნაწილია და ძალიან გამიხარდა, რომ მეც ვიყავი ჩართული სუპერთასის ჩასატარებელ ღონისძიებებში. ვფიქრობ, სუპერთასის მატჩის ასეთ მაღალ დონეზე ორგანიზება ჩვენს ქალაქს და მთლიანად ქვეყანას წინ წასწევს, რადგან სტუმრებმა საკუთარი თვალით ნახეს, რომ თბილისი მზად არის ნებისმიერი მასშტაბის ტურნირის სამასპინძლოდ გნებავთ, სტადიონით, გნებავთ, პერსონალით, რომელიც თამაშების ორგანიზებაზეა პასუხისმგებელი და არ გამოვრიცხავ, რომ ახლო მომავალში, ვთქვათ, ევროპის ლიგის ფინალის ჩატარება გვანდონ."

დავით ძებისაშვილი: "დიდი სურვილი მქონდა,ამ ზეიმის მონაწილე ვყოფილიყავი, ასე რომ, მოხალისეობა თავიდანვე გადავწყვიტე. მართალია, თამაშზე დასასწრები ბილეთი მქონდა, მაგრამ მაინც მოხალისეობა ვარჩიე. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ სუპერთასი სათანადო დონეზე ჩატარდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ზოგიერთი ასპექტი გაუმჯობესებასმოითხოვს. თუმცა, მოგეხსენებათ, ეს იყო ასეთი დონის პირველი მატჩი თბილისში და ამის კვალობაზეყველაფერი მოსალოდნელზე უკეთესად, მეტიც, სანიმუშოდ გაკეთდა."

თენგიზ სისორდია: "თავიდანვე მქონდა იმის იმედი, რომ სუპერთასის მატჩზე მუშაობისას ბევრ რამეს ვისწავლიდი, სინამდვილეში კი იმაზე გაცილებით მეტი რამ ავითვისე, რისი იმედიც მქონდა _ უდიდესი გამოცდილებაშევიძინე. საბოლოოდ, თითოეულ სტუმარს დავანახეთ, რომ თბილისში ნებისმიერი დონის ღონისძიების ჩატარება შეიძლება."

პაატა ძნელაძე