სიახლეები

დიდი საქმე, რომელიც კონსოლიდაციის გარეშე ვერ გამოვიდოდა

გაუზიარე

საქართველომ ევროპის სუპერთასთან დაკავშირებული გამოცდა ფრიადზე ჩააბარა – ამაზე არავინ დავობს. ჩვენმა ქვეყანამ მსგავსი რანგის მატჩს პირველად უმასპინძლა და, შესაბამისად, გამოცდილებაც აკლდა, მაგრამ პროექტში ჩართული თითოეული ადამიანის ძალისხმევით ბარსელონა-სევილია სამაგალითოდ ჩატარდა.  

"ჩვენი თამაში" ბოლო დღეებში გაცნობთ პროექტის მონაწილეებს, რომელთა მეშვეობითაც სუპერთასთან დაკავშირებულ საინტერესო ამბებს იგებთ. დღეს ჩვენი სტუმარი სუპერთასის პროექტის კოორდინატორი თამარ ასათიანია.

"ზვიად სიჭინავას განკარგულებით, ჯერ ჯიდევ შარშან შეიქმნა სუპერთასის საორგანიზაციო ჯგუფი, რომელსაც მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება დაევალა. ჯგუფს, როგორც იცით, ლაშა დვალიშვილი ხელმძღვანელობდა, მე კი დამევალა მოსამზადებელ სამუშაოებში ჩართული ყველა სამსახურთან მჭიდრო კოორდინაცია, უეფას გზავნილების-დავალებების გადამისამართება შესაბამის ადრესატთან. უეფასთან კომუნიკაცია ძირითადად ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გვქონდა. მოდიოდა დიდძალი ინფორმაცია, რომლებიც ადრესატებამდე უნდა მიმეტანა და მათთვის უეფას დავალებები გადამეცა. თავიდან ეს თანამშრომლობა ინტენსიური არ იყო, სამაგიეროდ, მარტიდან მოყოლებული, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, როცა სუპერთასისთვის მზადების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავედით. მუშაობა უკვე მჭიდრო გრაფიკით გვიწევდა. იოლი არ იყო ამ ყველაფრისთვის თავის გართმევა, მაგრამ თითოეულმა რგოლმა საკუთარი საქმე მაღალ დონეზე შეასრულა, რისთვისაც პროექტში ჩართულ ყველა ადამიანს დიდი მადლობა ეკუთვნის".

საორგანიზაციო კომიტეტს ყველაზე დიდი დატვირთვა ბოლო ათი დღის განმავლობაში დააწვა, მაგრამ პროექტის მონაწილეებმა ამ სტრესულ ვითარებასაც თავი კარგად გაართვეს. ბოლო დღეებში საქმეში ფედერაციის ის თანამშრომლებიც კი ჩაერთვნენ, რომლებიც ორგკომიტეტში არ შედიოდნენ, მაგრამ როცა საქმეს მათი ცოდნა, გამოცდილება და შრომისუნარიანობა დასჭირდა, სხვების მსგავსად, ისინიც ბოლომდე დაუმადლებლად დაიხარჯნენ. საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ, ეს იყო გუნდური მუშაობა, სადაც თითოეულმა ჩვენგანმა კარგად იცოდა თავისი ფუნქცია და ყოველთვის მზად იყო სხვის დასახმარებლად. ჩვენი გუნდის დაკომპლექტებასა და მის წარმატებულ საქმიანობაში, ცხადია, ზვიად სიჭინავას მიუძღვის დიდი წვლილი, რეზი არველაძე კი ყველა ეტაპზე აქტიურად იყო ჩართული ჩვენს მუშაობაში.

სუპერთასამდე ორიოდე თვით ადრე, ფეხბურთის ფედერაციამ ამ შეხვედრისაქტიური პიარკამპანია წამოიწყო, რომლის ყველაზე თვალსაჩინო ნაწილიც თასების მოგზაურობა იყო. ჩემპიონთა თასმა, ევროპის ლიგის თასმა და ევროპის სუპერთასმა მთელი საქართველო შემოიარა და ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. "საზღვრებსაც" მიადგა. დიდწილად ამის დამსახურებაც უნდა იყოს, თბილისში ბარსელონა-სევილიაზე დასასწრებად აფხაზი ახალგაზრდები რომ ჩამოვიდნენ...

თასების მოგზაურობა თბილისში დასრულდა. დედაქალაქშიც და რეგიონებშიც ნებისმიერ მსურველს შეეძლო მათთან მიახლოება და ფოტოების გადაღება. სფფ-ის სარეკლამო კამპანიის ნაწილი იყო ქალაქის ცენტრში მატჩის ბანერების გამოფენა და "დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. "ზებრებზე" ბარსელონასა და სევილიას ლოგოების გამოსახვა, რაც იქაურობას დღესაც ამშვენებს.

11 აგვისტოს მატჩის ორგანიზებაში ექვსი ძირითადი სტრუქტურა იყო ჩართული – უეფა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, თბილისის მერია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, "დინამო არენა" და თბილისის აეროპორტი. ცხადია, ექვსივეს საკუთარი მოვალეობები ჰქონდა, რომლებიც გაწერილი გრაფიკის მიხედვით უნდა შეესრულებინა.

უეფასა და სფფ-ის მიერ გაწეულ სამუშაოზე ბევრჯერ დაგვიწერია და მას მომავალშიც მივუბრუნდებით.

თბილისის მერიას "დინამო არენას" რეკონსტრუქცია უნდა ჩაეტარებინა და ვინც სუპერთასზე იმყოფებოდით, დაგვეთანხმებით, რომ ამ საქმეს თავი რიგიანად გაართვა. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს მერიისა და სტადიონის ადმინისტრაციის ერთობლივი მონდომებით შესრულდა.

აეროპორტს კი კლუბებისა და მათი გულშემატკივრების სათანადო დონეზე დახვედრა-გაცილება უნდა უზრუნველეყო და ამ კუთხითაც ყველაფერი რიგზე იყო. ბარსელონას, მათი მოთხოვნის შესაბამისად, ავტობუსი თვითმფრინავის ტრაპთან დახვდა, სევილიამ კი გამარტივებულ, უსწრაფეს რეჟიმში გაიარა საპასპორტო კონტროლი.

უეფას ერთ-ერთი უპირველესი პრიორიტეტი, გერმანიასთან მატჩში მომხდარი შემოვარდნების ფონზე, ბუნებრივია, უსაფრთხოება იყო. თუ როგორ შესრულდა ეს მოთხოვნები, ამის შესახებ ვრცლად `ჩვენი თამაშის~ გუშინდელ ნომერში წაიკითხავდით. მოკლედ კი შეგახსენებთ, რომ ბარსელონა-სევილიამ ექსცესების გარეშე ჩაიარა და მატჩის საორგანიზაციო მხარეს უეფამ უმაღლესი შეფასება მისცა, რაც სფფ-სადმი გამოგზავნილ მადლობის წერილშიც დააფიქსირა. თბილისური სუპერთასი უეფას მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად შეირაცხა.

თამარ ასათიანი ერთ-ერთია სფფ-ის იმ თანამშრომელთაგან, რომლებიც სტიუარდების შერჩევის პროცესს ხელმძღვანელობს. უკვე გაცნობეთ, რომ მომზადებულია 400 სტიუარდი.

"როგორც ქალს, ძალიან მიხარია, რომ მათ შორის მდედრობითი სქესის წარმომადგენლებიც არიან. გვყავს 30 სტიუარდი გოგონა, რომლებიც მამაკაცებზე არანაკლებ ეფექტურად მოქმედებენ და რიგ შემთხვევებში მათზე უკეთეს უნარ-ჩვევებსაც ავლენენ. მალე სტიუარდების მომზადების პროგრამას განვაახლებთ და მოხარულები ვიქნებით, თუ ბიჭებთან ერთად გოგონებსაც მივიღებთ", - გვითხრა თამარ ასათიანმა. სტიუარდების როლი, გუშინ სფფ-მ საგანგებოდ დააფასა, თუ როგორ, ამას ჩემი კოლეგის პაატა ძნელაძის წერილში გაეცნობით.

ლევან ჯანეზაშვილი