სიახლეები

პირველლიგელებმა გუშინაც იყოჩაღეს

გაუზიარე

საქართველოს თასის პირველი მეთექვსმეტედფინალური მატჩები მთლიანად დასრულდა. შეხვედრათა უმრავლესობა გუშინ გაიმართა და გუშინწინდელის მსგავსად, მოულოდნელობები კვლავ დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, ორშაბათს ორმა პირველლიგელმა აჯობა უმაღლესლიგელს – ვიტ ჯორჯიამ საბურთალოს `ბენდელაზე~ 2:0 მოუგო, ცხინვალის ლიახვმა კი გორში ლოკომოტივს 1:0 სძლია.

ორი მოულოდნელობა დაფიქსირდა გუშინაც – გაახალგაზრდავებული მარტვილის მერანი შინ დამარცხდა ქვედალიგელ ჭიათურასთან, ბოლნისის სიონმა კი ქვემოქართლურ დერბიში ასევე პირველლიგელ რუსთავს ვერ მოუგო.

გაიმარჯვა, მაგრამ მერვედფინალში გასასვლელად დიდი ბრძოლა მოუწევს ზუგდიდს. მეორე ლიგიდან პირველში აღზევებული ხონის იმერეთი ამ სეზონშიც მაღალ მიზნებს ისახავს და არ არის გასაკვირი, რომ ზუგდიდს ტოლი არ დაუდო.

უკვე მერვედფინალშია ლანჩხუთის გურია. დიდი სენსაციები უნდა მოხდეს, შემდეგ ეტაპზე შუქურა, ტორპედო, სამტრედია, საპოვნელა და ფოთის კოლხეთი რომ ვერ გავიდნენ.

ჩვენი თასის მეთექვსმეტედფინალური ეტაპი, ტრადიციულად, თორმეტი წყვილისგან შედგება. ევროთასების მონაწილენი ამ სტადიისგან თავისუფალნი არიან. გორის დილა, ბათუმისა და თბილისის დინამოები და ცხინვალი ტიტულისთვის ბრძოლას პირდაპირ მერვედფინალიდან დაიწყებენ.

საპასუხო მეთექვსმეტედფინალური მატჩები კი 25-26 აგვისტოს გაიმართება.

ლევან ჯანეზაშვილი

ბეთლემი-შუქურა 1:2
ბოლნისი-რუსთავი 0:0
ჩხერიმელა-ტორპედო 1:2
გურია-სამეგრელო 7:0
მერანი-ჭიათურა 0:1
სამტრედია-მაჭახელა 2:0
ზუგდიდი-იმერეთი 2:1
კოლხეთი ხ-საპოვნელა1:2
კოლხეთი ფ-მეშახტე 2:0