სიახლეები

ფეხბურთის გულშემატკივრების ერთიანი პოზიცია - არჩევნები ჩარევის გარეშე!

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებთან დაკავშირებით,ვერის პარკშიფეხბურთის სტაჟიანი გულშემატკივარი შეიკრიბა და მედიასთან საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. ცნობილმა გულშემატკივრებმა, რომლებიც ათეული წლებია ფეხბურთით ცხოვრობენ, არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარება მოითხოვეს. მათი თქმით, ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, ამისთვის კი სახელმწიფომაც, კანდიდატებმაც და აღმასკომმაც ყველფერი უნდა გააკეთონ. ვერის პარკში დევი დობორჯგინიძე, თეიმურაზ ღაღანიძე, ვალერი კობახიძე, ლევან ჭაჭიაშვილი, ვახტანგ ლომაძე, გივი მესხიშვილი, კახა ცხადაძე, ალექსანდრე კობაიძე, ვახტანგ ცხადაძე და არაერთი გულშემატკივარი შეიკრიბა. უპირველესად, აზრის დაფიქსირება პროფესორ დევი დობორჯგინიძეს ვთხოვეთ, რომელმაც ნაწილობრივ სხვა გულშემატკივრების პოზიციაც გააჟღერა, თუმცა დობორგჯინიძის გარდა აზრი სხვა გულშეამტკივრებმაც დააფიქსირეს. 

''ის სირცხვილი, რაც წლების განმავლობაში თან ახლდა ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. 3 ოქტომბერის არჩევნები სამართლიანად და გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს, ეს არამარტო ჩემი, აქ მსხდომი ფეხბურთის ყველა გულშემატკივრის აზრი და პოზიციაა. ის პოზიციაც, რომ მთავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩადებს ფეხბურთში ფულს, თუ მისი სასურველი კანდიდატი გაიმარჯვებს,სრულიად მიუღებელია. ასე როგორ შეიძლება, მთავრობა ფულს არა პიროვნებებში, არამედ ფეხბურთში დებს და მთავარია ის ფული სწორად დაიხარჯოს. ბიუჯეტიდან წამოსული თანხა ფეხბურთის განვითარებასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში უნდა დაიხარჯოს. არამგონია ეს ვინმემ იკადროს, რომ ფეხბურთში ფული მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩადონ, თუ მათი სასურველი კანდიდატი გაიმარჯვებს. სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ აქ და ამისთვის შევიკრიბეთ, რომ ერთიანი პოზიცია დავაფიქსიროთ. ფავორიტი არც ჩვენ გვყავს და არც მთავარობას უნდა ჰყავდეს, ვინც გაიმარჯვებს იმას უნდა დაუდგეს სახელმწიფო გვერდით. აუცილებელია, რომ ფედერაციამ და სახელმწიფომ კოორდინირებულად იმუშაონ, არ ივარგებს  ფედერაციამ ცალკე აკეთოს საქმე და სახელმწიფომ ცალკე''.- მიიჩნევს დევი დობორჯგინიძე.

პროფესორმა და სტაჟიანმა გულშემატკივარმა მომავალი არჩევნების გარდა, ზვიად სიჭინავას საქმიანობაც შეაფასა. მისი თქმის უკეთესი იქნება, თუ სიჭინავა ფეხბურთს არ ჩამოშორდება და საქმიანობას კვლავ ამ მიმართულებით გააგრძელებს.

''ზვიად სიჭინავას მუშაობას მხოლოდ და მხოლოდ დადებითად ვაფასებ. როგორ შეიძლება ასეთი კაცი ფეხბურთიდან მიდიოდეს? გულდასაწყვეტია, თუ მას ასე აქვს გადაწყვეტილი. რაც შეეძლო, ყვეალფერი გააკეთა და წავიდა, ახლა კი ვინც მოვა პრეზიდენტის პოსტზე, ყვეალფერი უნდა გააკეთოს, რომ სიჭინავას დაწყებული საქმეები ბოლომდე მიიყვანოს და მისი დატოვებული გააუმჯობესოს, ფედერაციის საქმიანობა  უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანოს. მე ვისურვებდი რომ ის დარჩეს ფეხბურთში, ჩამოაყალიბოს კარგი კლუბი, რომელსაც ექნება გამართული ინფრასტრუქტურა, სადაც გაიზრდებიან პროფესიონალი ფეხბურთელები. ამაზე დიდი საქმე არამგონია, რამე იყოს''.

დევი დობორჯგინიძის გარდა,  საკუთარი პოზიცია სხვა ვეტერანმა გულშემატკივარებმაც დააფიქსირეს. როგორც უკვე ითქვა, ვეტერანების პოზიცია იდენტურია და ყველა მათგანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არჩევნები სამართლიანად უნდა ჩატარდეს და ყველა კანდიდატი თანაბარ პირობებში უნდა იყოს ჩაყენებული. მათივე თქმით, გარე ძალების ჩარევა, მათ შორის მთავრობისა, დაუშვებელია. დაუშვებელია რომ ზეწოლა ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომში შემავალ სუბიექტებზე მოხდეს.

თეიმურაზ ღაღანიძე :''ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები მშვიდ და საქმიან გარემოში უნდა ჩატარდეს. არჩევნებმა ყოველგვარი ზეწოლის გარეშე უნდა ჩაიაროს. ჩვენ თითქმის დარწმუნებულნი ვართ იმაში, რომ ის სამწუხარო პრეცედენტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა რამდენიმე წლის წინ, აღარ განმეორდება, ბოლოსდაბოლოს, ოდესღაც ხომ უნდა შევძლოთ თავისუფალი არჩევნების ჩატარება?!''.

ალექსანდრე კობაიძე : ''არჩევნები, რომელიც 3 ოქტომბერს ჩატარდება, სამაგალითოდ სამართლიანი უნდა იყოს. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ არჩევნებში არამარტო მთავარობა, არავინ  ჩაერიოს, ვისაც ეს საკითხი არ ეხება. თავად საფეხბურთო საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება ყველაზე მისაღები და ღირსეული კანდიდატი''.

ვალერი კობახიძე : ''როგორც უმცროსი ნოდარ ახალკაცი მოვიდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე, არ გვინდა რომ ასე კიდევ მოხდეს. გვინდა არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდს, ყველა დელეგატს მიეცეს თავისუფლად აზროვნების უფლება, არ მოხდეს მათზე ზემოქმედება და გაიმარჯვოს ღირსეულმა. ჩვენ, ვეტერანები გამარჯვებულს, ვინც არ უნდა იყოს ის, აუცილებლად გულითა და სულით მივულოცავთ და ცვენი ფეხბურთის სასიკეთოდ დიდ წარმატებებს ვუსურვებთ''.

ოთო მუმლაძე