სიახლეები

მურთაზ ხურცილავა: სიტყვა ჩვენც გვეთქმის!

გაუზიარე

დასანანია, რომ ერთის გარდა, კანდიდატებს ჩვენთან შეხვედრის სურვილი არ გასჩენიათ
ჩვენი
დღევანდელი რესპონდენტი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი მურთაზ ხურცილავაა, რომელიც სფფ-ის მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე გვესაუბრება.სუპერთასი იყო ნამდვილი ზეიმი ქართველი ხალხისთვის, წარმოდგინეთ, ამ თამაშს დაახლოებით მილიარდნახევარმა ადამიანმა ადევნა თვალი და თითოეულმა მათგანმა საქართველო მხოლოდ დადებითი კუთხით გაიცნო. სუპერთასის მატჩი ბრწყინვალედ იყო ორგანიზებული და ამ მხრივაც გამოვიჩინეთ თავი. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს უდიდესი სიამოვნება ორი ადამიანის დიდი გარჯის წყალობით მივიღეთ _ ზვიად სიჭინავასი და რეზი არველაძისა. წელს სუპერთასის ჩატარება ისეთ ქვეყნებს სურდათ, როგორებიც არიან იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, მაგრამ სწორედ ამ ორი ადამიანის მუშაობის და ურთიერთობების შედეგად შევძელით სუპერთასის მასპინძლობის უფლების მოპოვება. ამიტომაც ძალიან მწყდება გული იმის გამო, რომ მათ სათანადო მადლობას არ უხდიან. ახლახან ერთმა ჟურნალისტმა განაცხადა, ქართველი გულშემატკივარი ნამდვილად ღირსია სუპერთასის დონის თამაშებისაო. კი ბატონო, ქართველი გულშემატკივარი მართლაც არის ამის ღირსი, მაგრამ ამ დიდი მატჩის ორგანიზატორების დამსახურებაზე რატომ უჭირს ზოგიერთს კეთილი სიტყვის თქმა, გაუგებარია.მურთაზ ხურცილავა და ქართული ფეხბურთის ვეტერანები არასოდეს ვმდგარვართ და არც დავდგებით უღირსი ხალხის გვერდით, ამიტომაც ვედექით მხარში ზვიად სიჭინავასა და რეზი არველაძეს. ისინი, გარდა იმისა, რომ თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალები არიან, ღირსეული პიროვნული თვისებებითაც გამოირჩევიან.

სუპერთასის მატჩის შემდეგ ზვიად სიჭინავამ განაცხადა, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე კენჭს აღარ იყრის.

ამის შესახებ ზვიად სიჭინავამ ადრეც განაცხადა და ამ პერიოდის განმავლობაში ვეტერანი ფეხბურთელები, ფედერაციის თანამშრომლები და ქართული ფეხბურთის უდიდესი ნაწილი ყველანაირად ვცდილობდით და ვთხოვდით, რომ  შეეცვალა გადაწყვეტილება და კენჭი ეყარა, მაგრამ, როგორც ჩანს, ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ამდენი სიკეთის გამკეთებელმა ადამიანმა ჩვენი თხოვნა ვეღარ გაითვალისწინა და არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. არადა, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ამდენი გაეკეთებინოს ჩვენი ფეხბურთისთვის. ნახეთ, როგორ გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, როგორ გაკეთდა ნაკრების ბაზა, რუსთავში შენდება უმაღლესი დონის საფეხბურთო აკადემია, ეროვნულ ნაკრებს, ახალგაზრდულ და ასაკობრივ გუნდებს მშვენიერი პირობები აქვთ. სწორედ სიჭინავამ დაიწყო ვეტერან ფეხბურთელებზე სათანადო ზრუნვა _ თამამად ვიტყვი, ზვიად სიჭინავამ ჩვენ ცხოვრება გაგვიხანგრძლივა. მართალია, მომავალი არჩევნების შემდეგ ის აღარ იქნება ფედერაციის ხელმძღვანელი, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ კვლავ ფეხბურთში დარჩეს, რადგან ქართულ ფეხბურთს დღეს ნამდვილად არ აქვს იმის რესურსი, რომ ასეთი დონის პროფესიონალზე უარი თქვას და სახელმწიფო თავად  სასიცოცხლოდ უნდა იყოს დაინტერესებული ასეთი კადრის შენარჩუნებაში.

ფაქტია, რომ მომდევნო არჩევნები ზვიად სიჭინავას გარეშე ჩატარდება.

პირდაპირ ვიტყვი, რომ არ უნდა მოხდეს არანაირი ჩარევა და ერთხელ და სამუდამოდ ქართული ფეხბურთის ოჯახს თავად უნდა მიეცეს პრეზიდენტის არჩევის საშუალება. სხვა შემთხვევაში ჩვენ ჩარევას, უბრალოდ, არ დავუშვებთ. ყველა დასახელებულ კანდიდატს დიდ პატივს ვცემ, თითოეული მათგანი ღირსეული პიროვნებაა და სრულიად გულწრფელად ვამბობ, მათ მხოლოდ და მხოლოდ სიკეთეს ვუსურვებ. მხარს კი, პირადად მე, მურთაზ ხურცილავა,რეზი არველაძეს ვუჭერ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მას ვიცნობ ჯერ კიდევ მისი ფეხბურთელობის, შემდეგ მწვრთნელობის, კლუბის ხელმძღვანელობის პერიოდიდან. დიდი ხანია, ფედერაციაში მუშაობს, აქვს უზარმაზარი გამოცდილება, ძალიან უყვარს ქართულ საფეხბურთო ოჯახს, გარდა ამისა, წლებია, მჭიდროდ თანამშრომლობს უეფას ხელმძღვანელებთან და აქვს შესანიშნავი პირადი კონტაქტები, ამასთან, არის ყოველმხრივ განათლებული და ღირსეული პიროვნება.

საარჩევნო პერიოდში, ალბათ, აქტუალური იქნება კორექტულობის თემა.

კორექტულობა ნებისმიერ დროსაა საჭირო და, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დაგანსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა საქმე არჩევნებს ეხება. არ დაგიმალავთ, ყველას ძალიან დაგვწყდაგული, როცა ითქვა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჭაობშია, ამის თქმა ნამდვილად არ შეიძლება. ფედერაცია ჭაობში რომ არ არის, ეს სუპერთასმაც დაგვანახა. კარგად გვესმის, რომ ქართული ფეხბურთი არ არის დღეს ისეთ სიმაღლეზე, როგორზეც ყველას გვინდა, ნაკრების წარუმატებლობაც გულსატკენია, მაგრამ ეს არ არის ფედერაციის ბრალი, ეს მწვრთნელებისა და ფეხბურთელების პასუხისმგებლობაა. აბსურდია, რომელიმე კონკრეტული წაგებულ მატჩზე, პასუხისმგებლობა ფედერაციის ხელმძღვანელობას დააკისრო. არც ერთ ქვეყანაში ასე არაა და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. პირიქით, სწორედ ფედერაციის დღევანდელმა ხელმძღვანელობამ შეძლო ჩვენი ფეხბურთის ჭაობიდან ამოყვანა. შეგახსენებთ, სანამ სიჭინავას აირჩევდნენ პრეზიდენტად, ფედერაციის ვალი მილიონებს შეადგენდა, ამ კაცმა კი,უზარმაზარი დავალიანება დაფარა და,ჩემი აზრით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქვეყნის ყველაზე წარმატებულ ორგანიზაციად აქცია.

თუ აპირებთ წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატებთან შეხვედრას?

რეზი არველაძის ხედვა ფეხბურთთან დაკავშირებით კარგად ვიცით და ყველანაირად ვემხრობით ამ ხედვას. რა თქმა უნდა, წინასაარჩევნოდDმას კიდევრამდენჯერმე შევხვდებით, მიუხედავად იმისა, რომ აქამდეც არაერთხელგვიმსჯელია ქართული ფეხბურთის მომავალზე. სხვა მხრიდან კი, ჯერჯერობით ჩვენთან, ვეტერანებთან საუბრის სურვილი არავის გამოუთქვამს და ეს ძალიან მაკვირვებს. ნუთუ იმდენი არ გაგვიკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ფეხბურთისთვის, რომ შეგვხვდნენ, თავისი მოსაზრება გაგვაცნონ, ჩვენი აზრი მოისმინონ და ჩვენი ხედვა გაითვალისწინონ. შეხედეთ, ამ მხრივ რა ხდება ევროპულ ქვეყნებში, ნებისმიერ საფეხბურთო საკითხზე ადგილობრივი ვეტერანების მოსაზრება ყველასთვის გასათვალისწინებელია და ჩვენი უგულებელყოფა, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია.

სამწუხაროა, რომ თქვენს საუბარში ერთგვარი გულის ტკენა და შეშფოთება იგრძნობა.

მე არ მიყვარს უმადურობა, ეს ძალიან ცუდი თვისებაა და ყველას ვურჩევ, რომ ზვიად სიჭინავას საკადრისი მადლობა გადაუხადონ, რადგან ამ კაცმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა ქართული ფეხბურთისთვის და ამის დაუნახაობა არ შეიძლება. იმედი მაქვს, არჩევნებში არ მოხდება არანაირი ჩარევა, რადგან ამას წინათ მსგავსი ჩარევის გამო რუსეთის ყველა ასაკის კალათბურთელთა ნაკრებები სერიოზულად დასაჯეს და წარმოდგენაც არ მინდა, რომ ასეთი რამ ჩვენს საფეხბურთო ნაკრებებს შეემთხვეთ.

პაატა ძნელაძე