სიახლეები

მოლოდინი / სანამ შოტლანდია ჩამოსულა

გაუზიარე

მცირე დროღა დარჩა სანაკრებო მატჩებამდე. 4 სექტემბერს თბილისში შოტლანდიას ვუმასპინძლებთ, სამ დღეში კი დუბლინში ირლანდიას ვეთამაშებით. ამ გუნდებთან შარშანდელი შეხვედრები სასიამოვნოდ ვერ გვახსენდება, სწორედ მათთან დამარცხებით დავიწყეთ ევროშესარჩევი ციკლი და მაშინ გადაგვეწურა იმედი იმისა, რომ თუნდაც მესამე ადგილზე გავიდოდით.

ამჟამად როლები იცვლება: შოტლანდიასთან _ შინ, ირლანდიასთან _ სტუმრად. ამ ორივე ნაკრებისთვის საქართველოსთან ქულების დაკარგვა დიდი დარტყმა იქნება, რადგან, დიდი ალბათობით, სწორედ ისინი გაიყოფენ მესამე-მეოთხე ადგილებს და ერთ-ერთი პლეი ოფში ითამაშებს, მეორე კი ოცნებას დაემშვიდობება. ასე ჩანს ცხრილის მიხედვით, თუმცა შესაძლოა, რომელიმე მეორე ადგილზეც გავიდეს და პირდაპირ მოხვდეს ფინალურ ეტაპზე.

საქართველოს ნაკრები შესარჩევის გადამწყვეტი მატჩების წინ, როგორც წესი, სეირებს უყურებს, თუმცა გამამწარებლის როლიც უთამაშია. ვისურვებდით, ამჯერადაც ასე მოხდეს, აბა, სხვა რა დაგვრჩენია.

რა რესურსით ხვდება კახა ცხადაძის გუნდი სექტემბრის თამაშებს? აშკარაა, გაზაფხულზე ჩვენს ლეგიონერებს კლუბებში უკეთ ჰქონდათ საქმე, ვიდრე ახლა. ჯერ ერთი, ზოგიერთ ქვეყანაში სეზონი ახალი დაწყებულია (ან სულაც არ დაწყებულა, მაგალითად, კვიპროსში) და მეორეც, მოგვიგროვდა უკლუბო ფეხბურთელები.

მეკარე: გიორგი ლორია უპრაქტიკოა ოლიმპიაკოსში. ეს პირველად ხდება მის კარიერაში, თუ არ ჩავთვლით თბილისის დინამოში გატარებულ პირველ წლებს, როცა დიდიე ოვონოს დუბლიორი გახლდათ. ლორიას ტრაბზონსფორში გადასვლა ჯერ გადაწყვეტილი ჩანდა, მერე ვეღარ მოხერხდა და დარჩა ოლიმპიაკოსში, სადაც ამხანაგური მატჩებიც კი საკმარისად ვერ მოუგროვდა.

ამ დროს ნუკრი რევიშვილი რუსულ მორდოვიაში პირველი მეკარეა და, სავარაუდოდ, სექტემბერში ნაკრებშიც ეს სტატუსი ექნება. ყოველ შემთხვევაში, ახლა ასე ჩანს. რევიშვილს საწყის ტურებში შეცდომები ჰქონდა, მაგრამ მთლიანობაში ცუდად არ გამოიყურებოდა. ზოგადად, მეკარისთვის კლუბში სათამაშო პრაქტიკა აუცილებელია, სხვაგვარად დიდი რისკია, რომ ნაკრებში ენდო...

ცხადაძემ ნაკრებში გამოიძახა პორტუგალიური ფეირენსეს გოლკიპერი გიორგი მაკარიძეც, თუმცა საეჭვოა, ასეთ თამაშებში მას ანდოს კარი... რაც უნდა იყოს, კარგა ხანია, მაკარიძეს ეროვნულ გუნდში არ უთამაშია.

კვიპროსის ჩემპიონატი არ დაწყებულა და როინ კვასხვაძეც ჯერ ვერ იქნება ფორმაში. შესაძლოა, ნაკრებში გამოიძახონ ბათუმის დინამოელი მიხეილ ალავიძე, რომელმაც მშვენიერი სეზონი ჩაატარა.

სამკაციანი დაცვა: უკრაინასთან და პოლონეთთან მატჩებში არ იყო სოლომონ კვირკველია, ამიტომაც ცხადაძემ გურამ კაშია-ალეკო ამისულაშვილი-ლაშა დვალის სამეული დააყენა. ამჟამად კი დვალია უგუნდოდ და საეჭვოია, ცხადაძე მას ენდოს. თითქოს იოლი გამოსაცნობია, რომ მწვრთნელი ამ სამეულზე შეაჩერებს არჩევანს: კაშია-კვირკველია-ამისულაშვილი. სამივე მათგანს უწყვეტი პრაქტიკა აქვს გუნდში.

დაშავებულია ახალგაზრდა ნიკა ჭანტურია, გიორგი რეხვიაშვილსაც ჯერ არ დაუწყია თამაში. კიდევ, მორდოვიაში პრაქტიკა არ აქვს მამუკა კობახიძეს. ერთადერთი ალტერნატიული ვარიანტი, შესაძლოა, ზურაბ ხიზანიშვილი იყოს - მისი დამსახურებაც იყო, რომ ბაქოს ინტერმა ორი ეტაპი გაიარა ევროპის ლიგაში, ხოლო გუშინწინ ნეფთჩისთან დერბიში საგოლე პასი მიითვალა. თანაც, ცხადაძემ ზაფხულში თქვა, რომ ნაკრებში ხიზანიშვილის გამოყენება კიდევ შეიძლება. თუმცა კაშია-კვირკველია-ამისულაშვილის სამეული გამოკვეთილია.

ფლანგები: მარჯვნივ ან უჩა ლობჟანიძეს, ან კახა ალადაშვილს, ან ოთარ კაკაბაძეს უნდა ველოდოთ. ცხადაძეს არაერთხელ უთქვამს, მეტი კონკურენციაა საჭირო და მსურს, რომ ლობჟანიძე შეუცვლელი არ იყოსო. თანაც, ლობჟანიძე რომ კლასიკური მარჯვენა მცველი, მით უმეტეს, მთელი ფლანგის გამკონტროლებელი ვერაა, ეს აშკარად ჩანს.

კაკაბაძე 20 წლისაა, მაგრამ ახალგაზრდა თაობაში მასზე უკეთესი მარჯვენა შემტევი მცველი არ გვყავს. ვნახოთ, რამდენად ენდობა ცხადაძე პირველივე გამოძახებაზე...

არის კიდევ ერთი ვარიანტი, რაც ცხადაძემ მალტასთან თამაშისას შემოგვთავაზა: სანდრო კობახიძე დასწიოს ამ პოზიციაზე. თუმცა ეს ძალიან საეჭვო და თითქმის გამორიცხულია. კობახიძე ვოლინში მშვენივრად თამაშობს თავის პოზიციაზე.

მარცხნივ უალტერნატივოდ ჩანს გიორგი ნავალოვსკის კანდიდატურა. ნავალოვსკი კარგად ჩაეწერა ცხადაძის ფორმაციის ნაკრებში.

კანკავა და კიდევ ვინ? ნახევარდაცვის ცენტრში ჯაბა კანკავას გვერდში, შესაძლოა, ჯანო ანანიძე ვიხილოთ. ჯანოს მოსკოვის სპარტაკში თამაშით არც ახლა ანებივრებენ, თუმცა წლებია, ასე გრძელდება და ნაკრებში მაინც ენდობიან.

არაა გამორიცხული, ამ პოზიციაზე სანდრო კობახიძე დადგეს, მით უმეტეს, რომ უთამაშია და არცთუ ურიგოდ. აქ ერთი მომენტია: ქართველი შემტევი ნახევარმცველები რომ ჩამოვთვალოთ, კობახიძე მათ შორის ყველაზე მეტ შავ სამუშაოს ასრულებს.

წინა თვეებთან შედარებით, უკეთეს ფორმაშია ლვოვის კარპატელი საყრდენი ბუბა დაუშვილი. ცხადაძე კიევში იყო ჩასული, დინამო-კარპატის შეხვედრას (3:0) უყურა. ახლა საკითხავია, კანკავა-დაუშვილის ერთად თამაში რამდენად მიზანშეწონილია? ცხადაძემ ადრეც აღნიშნა, რომ დაცვაზე ორიენტირებული ორი საყრდენის დაყენება არ სურს.

არიან კიდევ გიორგი აბურჯანია, გიორგი პაპავა, მათე ცინცაძე... თუმცა აბურჯანია და ცინცაძე ახალგაზრდულ ნაკრებში არიან გამოძახებულნი. მოკლედ, უფრო რეალურად ანანიძის ან კობახიძის კანდიდატურა მიგვაჩნია.

შემტევი სამეული: აქამდე ცხადაძე ნაკრებში მარცხენა შემტევად თორნიკე ოქრიაშვილს აყენებდა, უფრო სწორად, მას აწყებინებდა ძირითადში თამაშს და შემდეგ ცვლიდა. ოქრიაშვილს ბოლო სანაკრებო მატჩებში ეტყობოდა, რომ ფორმაში ვერ იყო. ვერც ახლა გამოირჩევა ბელგიურ გენკში და საწყენია, რომ სათამაშო პრაქტიკაც შეუმცირდა.

უმრავლესობის აზრით, წლეულს საქართველოს საუკეთესო შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილია და, სავარაუდოდ, ორი შემტევიდან ერთი სწორედ ის იქნება შოტლანდიასთან სასტარტოში.

კიდევ რამდენიმე ფეხბურთელია, რომლებსაც შეიძლება ველოდოთ ამ პოზიციებზე. სანდრო კობახიძეზე უკვე ვთქვით, მისი გამოყენება სხვადასხვა ადგილზეა შესაძლებელი და არაა გამორიცხული, მარჯვენა ან მარცხენა შემტევად სწორედ ის მოგვევლინოს.

სამწუხაროდ, პრაღის სლავიაში მოსამზადებელი ეტაპი თითქმის მთლიანად გაუცდა ლევან ყენიას. ის ახლაც დაშავებულია, კუნთი სტკივა, მაგრამ რამდენიმე დღეში სრული დატვირთვით ივარჯიშებს და სექტემბრამდე, ალბათ, სლავიაში თამაშსაც მოასწრებს.

აი, გიორგი ჭანტურიაზე კი რა გითხრათ... უკლუბოდაა. ვეჭვობთ, ცხადაძემ მასზე შეაჩეროს არჩევანი ამ ორ შეხვედრაში. ჭანტურია უდავოდ საჭირო ფეხბურთელია ნაკრებისთვის, მაგრამ უთამაშებელი ხვდება შემოდგომას.

კიდევ, ნიკა ძალამიძე და გიორგი პაპუნაშვილი არ დაგვავიწყდეს. ეგაა, გასულ კვირაში არც ერთს უთამაშია თავის კლუბში და არც - მეორეს. მომდევნო ათ დღეშიც თუ ასე გაგრძელდება, ძალიან ცუდი

და რაც შეეხება თავდამსხმელს _ ლევან მჭედლიძე და მათე ვაწაძე არიან კონკურენტები. ვაწაძე ნაკრების ბოლო გოლის ავტორია და დანიის ჩემპიონატიც კარგად დაიწყო. სერია კი ჯერ არ დაწყებულა... ისინი განსხვავდებიან: ვაწაძე ტიპიური ცენტრფორვარდია, ხოლო მჭედლიძე სიღრმიდან თამაშითაც ძლიერია. ორივე სასარგებლოა, თუ ფორმაში არიან და ვნახოთ, ვინ როგორ იქნება ვარჯიშებზე, ვისზე გაკეთდება უფრო მეტად აქცენტი.

მათ გარდა, არის ბაჩანა ცხადაძეც, თუმცა, თუ ვაწაძეც და მჭედლიძეც ჯანმრთელად იქნებიან, ვეჭვობთ, ბაჩანამ მათ კონკურენცია გაუწიოს. ლადო დვალიშვილი? ცხადაძეს ის ჯერ არ გამოუძახებია. ლადოს ოდენსეში ძალიან აკლია სათამაშო პრაქტიკა.

...

მთლიანობაში, როგორც ვთქვით, ბევრი უკლუბო ფეხბურთელი მოგვიგროვდა. ლაშა დვალისა და გიორგი ჭანტურიას საკითხი ყველაზე მტკივნეულია ამ ეტაპზე. ასევე ის, რომ ტრავმა უნდა მოიშუშოს ყენიამ, უკეთეს ფორმაში უნდა იყოს ოქრიაშვილი, მეტი პრაქტიკა სჭირდება ანანიძეს... პრობლემა ისევ ბევრია, თუმცა არახალი...

ილია ნანობაშვილo