სიახლეები

მამუკა არეშიძე: ფეხბურთის ფედერაციამ ერთი მატჩით მოახერხა ის, რასაც ჩვენი მთავრობა 25 წელია, უშედეგოდ ცდილობს!

გაუზიარე

მამუკა არეშიძე:

ფეხბურთის ფედერაციამ ერთი მატჩით მოახერხა ის, რასაც ჩვენი მთავრობა 25 წელია, უშედეგოდ ცდილობს!

სუპერთასი პოლიტიკურ ჭრილში

რამდენიმე დღეა, პრესაში და სოციალურ ქსელში არ წყდება საუბრები 11 აგვისტოს სუპერთასის მატჩზე აფხაზი ახალგაზრდების დასწრების თაობაზე. ქართველი და აფხაზი ხალხების მრავალწლიანი გაუცხოების ფონზე, ეს ინფორმაცია განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, მათ შორის, ემოციური კუთხითაც. გაგრელი, გუდაუთელი თუ სოხუმელი ახალგაზრდის გამოჩენა თბილისის ქუჩებში ჩვეულებრივ მოვლენად ვერ აღიქმება. ფეხბურთის, კერძოდ, სუპერთასის თემა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებშიეს გახლავთ ჩვენი საუბრის საგანი მამუკა არეშიძესთან. სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი, ვინც აფხაზეთის ომის პერიოდიდან მუშაობს ზოგადკავკასიურ თემატიკაზე, ყველაზე ინფორმირებული პიროვნებაა როგორც კავკასიურ, ისე ოსურ და აფხაზურ საკითხებში

ბატონო მამუკა, თქვენი მონაცემებით, რამდენი ადამიანი იყო ჩამოსული აფხაზეთიდან სუპერთასზე დასასწრებად?

მე ვიცი 12 ახალგაზრდა, ვიცი კონკრეტულად, სახელით და გვარით, ვინც თბილისში ჩამოვიდა. კიდევ ერთი ამდენი, ცოტა მეტიც, ვისი ვინაობაც ჩემთვის უცნობია, ასევე ეწვია ჩვენს დედაქალაქს, ანუ აფხაზეთიდან სულ დაახლოებით 30-მდე ახალგაზრდა ჩამოვიდა. უმრავლესობა ბიჭები იყვნენ, თუმცა ახლდათ რამდენიმე გოგონაც. დავასწრებ შემდეგ კითხვას, რადგან ვხვდები, თქვენ მარტო აფხაზეთიდან ჩამოსულები არ გაინტერესებთ. ორჯერ მეტი ადამიანი ჩამოვიდა ვლადიკავკაზიდან, რომელთა უმრავლესობა ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებელია. მატჩის დღეს ვლადიკავკაზის სადგურთან დილაადრიან ჩამოდგა ავტობუსი, რომელიც საქართველოში მოემართებოდა. მგზავრები, როგორც თავად აცხადებდნენ, თბილისში მანქანების შესაძენად მოდიოდნენ, მაგრამ რეალური მიზანი სუპერთასზე დასწრება იყო.

აფხაზი ახალგაზრდები ენგურის ხიდიდან გადმოვიდნენ?

ნაწილი ენგურის ხიდიდან, ნაწილი კი ადლერის აეროპორტიდან სოჭი-ერევნის ავიარესით ჯერ სომხეთის დედაქალაქში ჩაფრინდნენ, იქიდან კი ავტომანქანებით შემოვიდნენ სადახლოს სასაზღვრო პუნქტიდან. სხვათა შორის, რამდენიმე მათგანი მანამდე ანაკლიის ფესტივალზეც იყო ჩამოსული. მატჩის შემდეგ მათ ძველ ქალაქშიც გაისეირნეს და შარდენის კაფე-ბარებში ქართველებთან ურთიერთობისას თავიანთი ეროვნება არ დაუმალავთ. ისინი დაუფარავად ამბობდნენ, რომ აფხაზები იყვნენ და რაც ძალიან საგულისხმო და მისასალმებელია, თბილისში მათ არავითარი აგრესია არ უგრძვნიათ.

როგორ მიიღო აფხაზურმა საზოგადოებამ მათი ახალგაზრდების ერთი ჯგუფის გადაწყვეტილება, სწვეოდა ,,მტრულ თბილისს~?

ცალსახად ნეგატიურად. საქმე ის გახლავთ, რომ ამის ერთგვარი პროვოცირება ამ ყმაწვილებმა თავად მოახდინეს, როცა სოციალურ ქსელში თბილისის ქუჩებში და `დინამო არენაზე~ გადაღებული ფოტოები გამოფინეს. თუმცა ამ ახალგაზრდებს თავიანთი გადაწყვეტილების გასამყარებლად აქვთ ერთი საკმაოდ წონადი არგუმენტი: ბოლო წლებში ორი ათასზე მეტმა აფხაზმა მიიღო ამა თუ იმ სახის სამედიცინო დახმარება საქართველოს სხვადასხვა კლინიკაში. ისინი სვამენ სავსებით ლეგიტიმურ კითხვას: თუკი დელბას და რუსლან ქიშმარიას შეუძლიათ იმკურნალონ თბილისის "ნიუ ჰოსპიტალსში", რატომ ეკრძალებათ მათ, დაესწრონ ლეო მესის თამაშს "დინამო არენაზე"? ახლა მინდა ხაზი გავუსვა ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. ბათუმში გამართული კონცერტების დროს დიდ ძალისხმევას ვხარჯავდით აფხაზი ახალგაზრდების ჩამოყვანაზე და მხოლოდ ორ-სამ კაციანი ჯგუფების დაყოლიებას ვახერხებდით. სუპერთასზე კი თბილისში ასამდე აფხაზი და ოსი ახალგაზრდა ჩამოვიდა, მაგრამ აქ საქმე მხოლოდ რაოდენობაში არაა. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ეს იყო თვისებრივად ახალი ტიპის ჩამოსვლა, ანუ ეს ხალხი თბილისში არა ჩვენმა შეთავაზებამ, არამედ პრესტიჟულმა საფეხბურთო მატჩმა ჩამოიყვანა. ერთიც: ჩამოსულთა 95 პროცენტი ომისშემდგომი თაობაა, ანუ მათ ომთან დაკავშირებით აქვთ, ასე ვთქვათ, მხოლოდ გადმოცემით და მონათხრობით აღძრული ემოციები, რაც, ცხადია, არ არის ისეთი აგრესიული, როგორიც ომის მონაწილისა თუ თვითმხილველისა. ანუ ამ ერთი მატჩით ფეხბურთის ფედერაციამ მოახერხა ის, რასაც ჩვენი მთავრობები 25 წელია, უშედეგოდ ცდილობენ _ მოახერხა აფხაზი და ოსი ახალგაზრდების დაინტერესება თბილისით. ყველა მათგანი ჩვენი დედაქალაქიდან აფხაზეთში, ცხინვალში თუ ვლადიკავკაზში დადებითი ემოციებითა და სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნდა და ამ გაუცხოების ხანაში ეს პატარა საქმე არ არის.

იმის თქმა გინდათ, რომ ფეხბურთს შეუძლია პოზიტიური როლი ითამაშოს ჩვენი ხალხების გაუცხოების შემსუბუქების საქმეში და ეს სუპერთასმა კიდევ ერთხელ დაადასტურა?

12 აგვისტოს, მატჩის მეორე დღეს, დამირეკეს შამბების ოჯახიდან. დეიდაშვილები ქართველები ჰყავთ და მათთან იმ მომენტში ჩერქეზებიც იმყოფებოდნენ. ძალიან გავლენიანი ოჯახია, ემოციური საუბარი გვქონდა, მითხრეს: ,,თქვენ მოახერხეთ ის, რაც ჩვენ ვერ მოვახერხეთ სოჭის ოლიმპიადის დროს ჩერქეზებთან მიმართებაში". ასეთივე ზარი მივიღე ინგუშეთიდანაც. მანამდე ჩავატარეთ მონიტორინგი დაღესტანში, რამაც ასევე საინტერესო შედეგები მოგვცა. სპორტში, კერძოდ, ფეხბურთში ამ მხრივ საკმაო რესურსია.

ანუ ბარსელონამ და მესიმ თბილისი კავკასიური მიზიდულობის ცენტრად აქცია?

დიახ და გახსნის ბრწყინვალე ცერემონიალმა: ფაფახებმა, ყაბალახებმა, ცეცხლოვანმა ქართულმა ცეკვამ, რომლის ელემენტებიც ყველა კავკასიელისთვისაც ისეთივე მშობლიურია, როგორც ჩვენთვის, თბილისური სუპერთასი საერთოკავკასიურ მოვლენად აქცია! ყაბარდოელებისთვის, ინგუშებისთვის, დაღესტნელებისთვის, თავისთავად ცხადია, ოსებისა და აფხაზებისთვის, ეს იყო ემოციური გზავნილი, რომ ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს! უახლოეს მომავალში შანსი იმისა, რომ ამ რანგის მატჩი ჩრდილოეთ კავკასიის რომელიმე ქალაქში გაიმართოს, ნულის ტოლია, ამიტომ სუპერთასმა ჩვენს ქედსგადაღმა მეზობლებს დაანახა, რომ სწორედ თბილისია კავკასიის სპორტული და კულტურული ცენტრი. ამიტომ ამ ფაქტის შეუფასებლობა, მხედველობაში მაქვს აფხაზი და ოსი ახალგაზრდების ჩამოსვლა, სწორი არ იქნება. რეზი არველაძეს წამიერად შევხვდი და სახელდახელოდ მივულოცე, ახლა მინდა, ზვიად სიჭინავას, ფედერაციის მთელ სტაფს  მადლობა გითხრათ, მოგილოცოთ ამ დიდი საფეხბურთო დღესასწაულის ბრწყინვალედ ორგანიზება. ნებსით თუ უნებლიეთ, ეს მატჩი გასცდა სპორტულ ჩარჩოებს და პოლიტიკური ელემენტი შეიძინა, როცა ამდენი კავკასიელი გვესტუმრა, როცა ტრიბუნებზე გამოიფინა ინგუშეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის დროშები. ორი ათეული წელია, ყარაბახის პრობლემაზე ვმუშაობ და არაოფიციალურ ატმოსფეროში ერთდროულად გამოფენილი სომხური და აზერბაიჯანული დროშები პირველად ვნახე. ყველა ჩემი ჩრდილოკავკასიელი კოლეგა და მეგობარი აღფრთოვანებული დარჩა მატჩითა და სტადიონზე თუ ქალაქში გამეფებული არაჩვეულებრივი ატმოსფეროთი, რადგან, ვიმეორებ, ყველაფერი დიდებულად იყო ორგანიზებული. ასეთი რეკლამა ქვეყანას დიდი თანხა დაუჯდებოდა, ერთი საფეხბურთო მატჩით კი, ხატოვნად რომ ვთქვათ, რამდენიმე კურდღელი დავიჭირეთ. თუმცა ოცნების კოშკებს ნუ ავაგებთ. ამ ,,კურდღლებს" შენარჩუნება სჭირდება. აი, ამაზე უნდა ვიფიქროთ ყველამ.

ზვიად სიჭინავას ჰქონდა შესანიშნავი იდეა: თასების მოგზაურობა გასცდენოდა ენგურის ხიდს და ოჩამჩირეში, ვიტალი დარასელიას საფლავამდე მიეღწია. სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა, მაგრამ იდეა ცოცხალია: ჩვენი ხალხების შერიგებაში ფეხბურთს გარკვეული რესურსი აქვს. ფეხბურთი ენგურს გაღმა-გამოღმა ერთნაირად გვიყვარს, ერთმანეთთან აფხაზეთში დაბადებული ქართველი ვარსკვლავების სახელებიც გვაერთიანებს.

სწორედ ამიტომ ვამახვილებ ყურადღებას სუპერთასის მატჩის პოლიტიკურ შემადგენელზე. აუცილებელია ამ გეზის შენარჩუნება, ორი აზრი არაა, ამგვარი გრანდიოზული პროექტები თბილისს საინტერესოს ხდის როგორც აფხაზებისა და ოსებისთვის, ისე ჩვენი კავკასიელი მეზობლებისთვის.

არმაზ მეტრეველი